არ გააქრო სხვისი ფერები..

არ გააქრო სხვისი ფერები..

ლამაზად გამოვეწყვე, ყოველშემთხვევაში თავად ასე ვფიქრობ.. ცისფერი ლამაზი პერანგი, ცოტაოდენი კოსმეტიკა, ქუსლიანი ფეხსაცმელი.. რაღაც მაკლია… წითელი ტუჩსაცხი.. ძალიან ლამაზია.. იცოდით რომ ჩემნაირი ქალებისთვის წითელი ტუჩსაცხის წასმას დიდი გამბედაობა ჭირდება? ანუ, თუ მაგალითად ქორწილში ან ღირსშესანიშნავ წვეულებაზე მივდივარ კიბატონო, მაგრამ ყოველდღიურად? ალბათ ასჯერ მაინც წამისვამს, სარკეში ჩამიხედავს, მომწონებია, თუმცა სახლიდან გასვლამდე ბოლო წუთს მომიშორებია.. თავში ათასი უაზრო შეკითხვა მიტრიალებს ხოლმე.. ზედმეტი ყურადღება რომ მივიქციო? იქნებ ძალიან გამომწვევია? გადაჭარბებულ პრანჭვაში რომ ჩამითვალონ? თავადაც ვიცი, რომ სისულელეა და საკუთარი გარეგნობის შეფასების უფლება მხოლოდ მე მაქვს, მაგრამ კომპლექსები… 

ტუჩსაცხი წავისვი, სარკეში  ჩავიხედე, გამეღიმა… ძალიან მიხდება! 

საკუთარი თავით მაინც კმაყოფილი ვარ.. იყო დრო, არა თუ წითელ, არამედ ზოგადად  ტუჩსაცხსაც არ ვისვამდი.. მაშინაც მომწონდა, მაგრამ კომპლექსები… ახლაც კი მახსოვს, როგორ დამაჯერებლად გამომიცხადა ჩემმა ყოფილმა, რომ “პომადა” არ მიხდება.. იმ მომენტში ვერც კი გავიაზრე, რომ ეს ფრაზა მნიშვნელობას შეიძენდა ჩემთვის..

სინამდვილეში კი წლების განმავლობაში ჩემს ქვეცნობიერში დალექილი სხვის მიერ მოწებებული იარლიყი, რომ რაღაც არ მიხდება მშვიდად ბუდობდა და მეც მხოლოდ ახლახანს დავიწყე კვლავ ტუჩსაცხის წასმა.. მერე იტყვიან სხვისი სიტყვები ძლიერ ადამიანებზე არ მოქმედებსო.. გამოდის სუსტი ვარ? არამგონია, მაგრამ ეს კომპლექსები… 

მხოლოდ ეს კი არ არის მეტსაც გეტყვით.. თინეიჯერობის ასაკში ფერად ტანსაცმელზე ვთქვი უარი.. შავის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, საკმაოდ ელეგანტურია და ვფიქრობ მიხდება, მაგრამ როცა არსებობს ვარდისფერი, ცისფერი, მწვანე… ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჩემს “ჭრელა-ჭრულა” ტანსაცმელს ჩემი ახლობელი ადამიანები აკრიტიკებდნენ.. ხშირად ჩემი თანდასწრებით იცინოდნენ ჩემს ამ “არაჩვეულებრივ სტილზე” და მეც გარკვეული პერიოდი უარი ვთქვი სიფერადეზე..  

სამწუხაროა მაგრამ ფაქტია, სხვების  შეხედულებები გავლენას ახდენს ზოგჯერ ყველაზე ძლიერ ადამიანებზეც კი.. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ხშირად არ ვუფიქრდებით რას ვამბობთ და რა ზიანის  მომტანი შეიძლება იყოს ჩვენი “უწყინარი” სიტყვები, ან რამდენ ხანს შეიძლება დაილექოს “უბრალო კომენტარები” ადამიანის ქვევნობიერში..  

ისე არ გამიგოთ, თითქოს ამ ისტორიაში ვინმე ბოროტმოქმედი იყოს.. არც ჩემს ახლობლებს, არც ჩემს ყოფილს, არავის ჰქონია ბოროტი განზრახვა, მაგრამ არ ცოდნა მთლად ყოველთვის არ ცოდვაც არ არის.. მარტივი ჭეშმარიტება, რომ კომპლექსებით არავინ ვიბადებით და კომპლექსებს სხვა ადამიანები გვძენენ ხშირად გვავიწყდება..  

 ჩემმა სიყვარულმა სახლთან მომაკითხა… მანქანაში ჩავჯექი… 

“რა ლამაზი ხარ, წითელი ძალიან გიხდება” 

გავწითლდი… ასეა თუ ისე ადამიანები ერთმანეთზე უდიდეს გავლენას ვახდენთ და ამას ვერ შევცვლით,  მაგრამ მთელ ამ ამბავში ყველაზე კარგიც არ დაგვავიწყდეს, ერთის მიერ მოყენებული ჭრილობა სხვას შეუძლია განკურნოს, თანაც ისე, რომ არც კი ცდილობდეს, არც კი იცოდეს..

თუმცა მთავარი როლი მაინც ჩვენ გვეკუთვნის.. როდესაც საკუთარი თავი გვიყვარს, ჩვენი შინაგანი სამყარო ბევრად უფრო მრავალფეროვანია და სამყაროც უსაზღვრო შესაძლებლობებით გვასაჩუქრებს.. 

შეიძლება თქვენთვისაც გამბედაობა ჭირდებოდეს წითელი ტუჩსაცხის წასმას,  ფერადი აქსესუარების გაკეთებას ან მოტკეცილი ჯინსების ჩაცმას, მაგრამ უნდა გაბედოთ.. ზოგჯერ ზედმეტი კითხვების გარეშე უნდა მივცეთ თავს უფლება ვაკეთოთ ის რაც გვიყვარს.. აჩუქეთ ეს საკუთარ თავს და არასდროს მისცეთ სხვებს უფლება გააქრონ თქვენი ფერები!

სიყვარულით,
ანა ბერიძე 🌸