ავტორი: ანი ხარაძე
ყველას ადამიანისთვის დგება მომენტი, როდესაც ცხოვრების დინების ქაოტური მდინარიდან ამოვყვინთავთ ხოლმე ჰაერის ჩასასუნთქად, წამიერი სიჩუმის დასაჭერად.. სწორედ ასეთ მომენტებში ხდება ცხოვრების გადაფასება, თითქოს, აწ უკვე დაწერილი წიგნის გადაკითხვა და წაკითხულის გააზრება.. რა ვქენი, როგორ ვიცხოვრე, ვის რა ვარგე და სხვა უამრავი მსგავსი შინაარსისა და ხასიათის ფიქრების მოდინება..
ზოგჯერ დიდ ტკივილსაც შეუძლია სულის მალამოდ ამოგაყვინთინოს და გაიძულოს ფილტვები შეივსო ჰაერით.. როგორც იტყვიან, თვითგადარჩენის ინსტინქტი ხომ ყველაზე ძლიერი რეფლექსია..
სწორედ დიდმა ტკივილმა გადამაგდო ცოტაოდენი დროის წინ ბავშვობაში..
მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა ბავშვობამ ბნელ 90 იანებში გაიარა, რამდენჯერაც ვეფლობი მოგონებებში, იქ ყველაფერი ხასხასა და თბილია, სიყვარულით გაჯერებული სევდით მევსება ტანი..
ამ ფიქრებში გარინდულმა გავაბი ხიდი ბავშვობასა და დღევანდელობაზე და იცით ვისზე გაიარა ამ ხიდმა? ჩემს ოჯახის წევრებსა და ბავშვობის მეგობრებზე..
სწორედ ეს ადამიანები არიან ჩემი და ვფიქრობ უმრავლესი ჩვენგანის მთავარი საყრდენი ბოძი, რომელზეც იგება ჩვენი ცნობიერება..
სწორედ ეს ხიდია ის რაც ვართ, რადაც ვაქციეთ ჩვენივე თავი..
ყველა ადამიანს, მეტნაკლებობით, ახასიათებს შედეგის დანახვისკენ სწრაფვა.. რანი ვიყავით და რანი ვართ..
რატომ ხდება, რომ სწორედ ბავშვობის მეგობრებთან ვგრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად? იქნებ სწორედ იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა იციან ჩვენი ცხოვრების გზის დასაწყისში ჩვენი ნამდვილი სახე..
ბავშვობა სწორედ ის პერიოდია, სადაც ყველაზე ნაკლებად ვიყენებთ ფილტრს და ცხოვრებისეული ტკივილებისგან თავდასაცავ რეფლექსებს..
დაახლოებით იმ პერიოდს ჰგავს პატარა რომ ფეხს იდგამს, სულ დასაწყისში თამამად რომ აბიჯებს.. მერე კი 1-2 წაქცევის შემდეგ – შიში და სიფრთხილე ემატება.. აქამდე თუ სამყარო იყო მისთვის, თავდაცვის ინსტიქტი უბიძგებს, რომ თავად მოერგოს სამყაროს..
ასე ხდება ჩვენი, როგორც ზრდასრული ადამიანების განვითარებაც.. თუმცა ბავშვობის მეგობრებმა, რომელთაც იციან ჩვენი შიშველი სული და ვუყვარდებით ასეთებად, ამ საძირკველზე დაშენებულ მრავალსართულიან ნიღბების მიღმა, რაც ძევს გადასარევად უწყიან.. სწორედ ამიტომ ეს მეგობრობა ყველაზე მტკიცე და ალალია..
ალბათ სწორედ ბავშვობის მეგობრები არიან ადამიანები, რომლებიც გვაბრუნებენ ჩვენს საუკეთესო ვერსიასთან, არ გვაძლევენ საშუალებას დავივოწყოთ, თუ როგორი ლაღები შეგვეძლო ვყოფილიყავით..
მაშინ როდესაც მთელი ცხოვრება წინ გვქონდა და სამყარო ჩვენი გვეგონა, სწორედ მაშინ მომავლის კოშკებს, რომ ერთად ვაშენებდით, ზუსტად ამ დროიდან მოყოლებული ერთმანეთის ცხოვრების თანამგზავრები და გულშემატკივრები ვართ..
რა არის ამ სიყვარულზე მეტი?!
ეს ხომ ნათელი მაგალითია იმისა, რომ ადამიანი ადამიანისთვის მზე და მანათობელია..
ჭირისა და ლხინის ბუნებრივი გამზიარებელი..
მადლიერი ვარ ცხოვრების, რომ მრავლად მყავს ბავშვობის მეგობრები, რომლებიც ბევრ სისხლით ნათესავზე ახლობლები არიან.. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ დღემდე 15 წლის მგონია თავი, ისევ ისე მიჩქარდება გული მათი დანახვისას და ჩახუტებისას.. ისევ ისე ფერადდება სამყარო და მე ისევ ისეთი ძლიერი და იმედით სავსე ვხდები!
სიყვარულით,
ანი 🌸