და რა არის სიკეთე?

და რა არის სიკეთე?
ავტორი: ნინო ირემაშვილი

ერთხელ სადღაც მოვისმინე – სიკეთე, რომელიც არ გვითხოვია, სიკეთე არ არისო..
რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ყველაფრისადმი მადლიერება გვასწავლეს, საკმაოდ მართალია ეს ფრაზა..

დედების ჯგუფში ვარ გაწევრიანებული და ბოლო დროს, ხშირად მხვდება პოსტები, სადაც ჩემი ტოლი ან უფრო პატარა გოგონები წუწუნებენ და არ იციან, როგორ უთხრან, მშობლებს, თუ დედამთილებს, კორექტულად ის, რომ საკუთარი შვილის აღზრდა თავად სურთ..
კომენტარებშიც კი ბევრს შეხვდებით, ვინც საყვედურობენ პოსტის ავტორებს უმადურობაზე.. მტკიცებითად მოუწოდებენ, რომ მადლიერები უნდა იყვნენ, იმისათვის, რომ დამხმარე ჰყავთ.. 

ეს და არაერთი მსგავსი შემთხვევა, მსგავს და ბევრ, სხვა საკითხთან დაკავშირებით, მახსენებს სტატიის დასაწყისში ნათქვამ ფრაზას და ვრწმუნდები მის ნამდვილობაში.. 

ამ კონკრეტულ მაგალითს, ცოტა ნათლად შევეცდები ჩავშალო.. 

მიმაჩნია, რომ ამ საკითხში, ნაწილობრივ ორივე მხარეს, რათქმაუნდა აქვს თავის სიმართლე.. სრულიად ბუნებრივია, რომ ოჯახში შვილიშვილი, სასიხარულოა და ყველას უნდა მასზე ზრუნვა, მასთან ახლოს ყოფნა.. ასევე ბევრი პირადი და ირგვლივმყოფების მაგალითით ვიცი, რომ ხშირად ვცდილობთ, მშობელს შეღავათი გავუწიოთ და მივცეთ დასვენების, მშვიდად ჭამის, ან ნებისმიერი საქმის საშუალება.. მაქსიმალურად ვცდილობთ ვიზრუნოთ მასზეც და თან, ჩვენთვის სასიამოვნო საქმეც გავაკეთოთ, ანუ დედასთან ერთად ვიზრუნოთ პატარაზე.. და ბევრისგან გამიგია, თუ როგორ ცდილობენ და ეხმარებიან რძალს ან შვილს.. ეს ერთგვარი კეთილი საქმეა, სიკეთე და ზრუნვა, მაგრამ გვავიწყდება მნიშვნელოვანი და ძირითადი – მე, როგორც მშობელს მინდა ასეთი სიკეთე? 

ჩემთვის პირადად, როდესაც შვილი მეყოლა, მინდოდა ბავშვი სულ ჩემთან ყოფილიყო..
მაღიზიანებდა ყველა და ყველაფერი, სულაც არ იყო ჩემთვის სიკეთე და კარგი საქმე, როდესაც ვინმეს, ჩემი შვილის ცალკე წაყვანა სურდა, პირიქით.. და სულაც არ გამჭირვებია ბავშვის დამოუკიდებლად გაზრდა, თუ აღზრდა, პირიქით!
ჩემთვის ბევრად რთული იქნებოდა, ვინმესთან ერთად ცხოვრება და მსგავსი ტიპის დახმარება.. მაშინ, როდესაც ჩემს რამდენიმე მეგობარს, წარმოუდგენლად ეჩვენება ბავშვის მარტო გაზრდა, და ურჩევნია მას, დედა, ან დედამთილი დაეხმაროს, ყველა ასპექტში..
ამიტომ მნიშვნელოვანი ფაქტია ვიკითხოთ – რა უნდათ ჩვენს გარშემო მყოფებს? გვინდა სიკეთე, რომელსაც გვიკეთებენ? ან უნდათ სიკეთე, რომელსაც შენ უკეთებ სხვას? 

ჩვენთვის, განსაკუთრებით კი, ჩვენი მშობლებისთვის (შესაძლებელია ჩვენც, როგორც მშობლებს გვქონდეს იგივე დამოკიდებულება მომავალში) არსებობს მოსაზრება, რომ მშობელმა მეტი იცის.. რომ იციან, თუ რა არის კარგი და რა ცუდი, მათი შვილებისთვის, ამ აზრით, კი უფლებას აძლევენ თავს, ხანდახან რაღაცეები უკითხავად გადაწყვიტონ..
თუმცა შესაძლებელია ჩვენი შეხედულებიდან, ჩვენი აზრიდან და საჭიროებიდან გამომდინარე, ეს “კარგი” სულაც არ იყოს ჩვენთვის კარგი, პირიქით! მაგალითად, როდესაც გვგონია ბავშვის მეცადინეობაში დახმარებისას მისთვის კარგს ვაკეთებთ, ან, მის მაგივრად ვალაგებთ მის ნივთებს, ან, როდესაც რაიმეს ხატავს, აწყობს, ქმნის, ჩვენ კი, ღიმილით და სიყვარულით, მიმართულებას ვაძლევთ და ვკარნახობთ რა უნდა ქნას.. მსგავსი დამოკიდებულება, თავს ძალიან ბევრ ასპექტში იჩენს ზრდასრულობაში..

ეს უმარტივესი მაგალითებია, თუმცა აუცილებლად ყურადსაღები.. ამიტომაც ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ და ჩვენვე დავფიქრდეთ, ვერევით პიროვნების ცხოვრებაში, თუ ვეხმარებით? სიკეთეს ვაკეთებთ, თუ დამოუკიდებლობას ვართმევთ? გულწრფელ რჩევას ვუზიარებთ, თუ ჩვენს აზრებს ვახვევთ თავს? საჭიროებს ჩვენს დახმარებას, თუ თავადაც შეძლებს?

დაე ყველას მიგვეღოს ის სიკეთე, რაც გვსურს და გაგვეცეს ის სიკეთე, რაც რეალურად სიკეთე იქნება სხვისთვისაც..

სიყვარულით,
ნინო