და შენ ვისი სული გსურს?

და შენ ვისი სული გსურს?

თითოეულ ურთიერთობას თავისი ისტორია აქვს..
ქალსა და მამაკაცს შორის კავშირი გავს ნაზ ცეკვას, თუმცა ზოგჯერ მოუქნელი ნაბიჯებით.. თითოეულმა იცის, რა სურს, მაგრამ გზაზე მოლოდინები ხშირად ჩრდილავს სინამდვილეს..
თითქოს გონებაში ხატავენ მეორე ადამიანის პორტრეტს, რომელიც სავსეა ოცნებების, მოლოდინის და იმედის პალიტრის ყველა ფერით.. ფერები კი სირთულეების დროს ნელ-ნელა ქრება და მათი წარმოდგენილი ილუზია იცრიცება..

ურთიერთობის რთული ფსიქოლოგია ეფუძნება არა მარტო სიყვარულს, არამედ ერთმანეთისგან მიღებულ ჩვევებს, მოთხოვნებს და იმას, თუ როგორ აღიქვამენ ისინი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებს..
ძირითად შემთხვევებში წყვილები არ ესწრაფვიან სრულყოფილებას, ისინი ცდილობენ იპოვონ იმედი, სიმყუდროვე და მხარდაჭერა ერთმანეთში.. 

ქალი ელის, რომ მამაკაცი იქნება საიმედო, ძლიერი, ვინც იპოვის მასში ყველაზე ფაქიზ ემოციას და არ დაუშვებს მათ დაკარგვას.. მამაკაცს კი ეიმედება, რომ ქალი იქნება მისი სიმშვიდე, ის ადამიანი, რომელიც მიიღებს მას ისეთს, როგორიცაა თავის ნაკლოვანებებთან ერთად..

თუმცა, როცა მოლოდინები ერთმანეთს ეჯახება, იწყება იმედგაცრუება და დამერწმუნეთ იმედგაცრუებას შეუძლია ადამიანში სასწაული ცხოვრების ცეცხლიც კი ჩააქროს…

მოდით გადავხედოთ კვლევების საფუძველზე აღმოჩენილ ზოგად “მოლოდინის პუნქტებს” რომელიც წყვილში თითოეულ პარტნიორს ახასიათებს..

დავიწყოთ ქალით: 

დაცულობა და სიმშვიდე – ქალს ხშირ შემთხვევაში აქვს სიმშვიდის მძაფრი მოთხოვნილება.. კაცი მისთვის უნდა იყოს “კუნძული”, სადაც ყველა ქარიშხალი ჩაცხრება და თუნდაც არათანაბარი ემოციების გამოხატვას უშიშრად შეძლებს, როგორც ერთგვარი “ორთქლის გამოშვების” სანდო ადგილი..

გაგება და სიღრმეების დანახვა – ყველა ქალს სურს, რომ მამაკაცმა მისი ვიზუალის იქით უფრო ღრმად ჩაიხედოს მასში, იმ ადგილებში სადაც ხშირად სიტყვებიც არაა საკმარისი და მხოლოდ გულის ცემას შეუძლია საუბარი.. 

მზრუნველობა და ემოციური მხარდაჭერა – და თუნდაც ქალის მხრებზე არ იყოს სამყაროს სიმძიმე წამოკიდებული, ყველას გვაქვს ჩვენი წილი სევდა, განცდა, პრობლემა რომლის დროსაც გვჭირდება მზრუნველი მხარი დასაყრდნობად, სადაც მხარდაჭერას ვიგრძნობთ და ქაოსი გონებაში დამამშვიდებელ თეთრ ხმაურად გადაიქცევა.. 

საუბარი, საუბარი და ისევ საუბარი – თითქმის არ არსებობს პრობლემა, რომელსაც საუბარი, განხილვა და ალტერნატიული გზების ძებნა ვერ გადაჭრის..

განვაგრძოთ მამაკაცით: 

შინაგანი სიმშვიდე – მამაკაცებს რიგ შემთხვევებში სჭირდებათ ქალი, რომლმელიც შეძლებს მისი ქარიშხლის დამშვიდებას და ემოციური ბალანსის წონასწორობის აღდგენას.. 

მიმღებლობა და მიღება  – მოლოდინი იმისა, რომ ქალი მიიღებს მას ზუსტად ისეთს როგორიც არის და არ მოინდომებს მის, არც შეცვლას და არც გადაკეთებას.. 

ერთგულება და სითბო – სხვა მრავალ პუნქტთან ერთად სითბო ერთგულების ერთერთი საზომი ერთეულია, მამაკაცური გონებისთვის.. ერთგული სიყვარულის, რომელიც მორიგი დაბრკოლების წინაშე არ დაიმსხვრევა..

 ● ჩუმი კავშირი ანუ სიჩუმე – როგორც ლაპარაკი ეს არის ურთიერთობა, სადაც ქალის სიჩუმე და მორალური მხარდაჭერა საუბრობს.. სადაც ქალმა, როგორც პარტნიორმა იცის სად არის სიტყვიერი კომუნიკაცია საჭირო და სად მხოლოდ დუმილი..

სიყვარული არ არის მხოლოდ მოგზაურობა ვნებასა და სიახლოვეს შორის.. ეს არის გზა მუდმივი ცვლილებების და კრიზისების სამყაროში, სადაც ყოველ ახალ ეტაპზე ახალი გამოცდა გელოდებათ..

პარტნიორები მოგზაურობას განაგრძობენ, მაგრამ ბედნიერებისკენ მიდის ეს გზა, თუ დაკარგული ილუზიების სამყაროში?! ურთიერთობა რთული ცეკვაა, რომელიც მუდმივად მოითხოვს ბალანს და პარტნიორის ნაბიჯებისთვის ფეხის აყოლას, ზოგჯერ მოდუნებას და ზოგჯერ მყარად ზურგის გამაგრებას..

ვის შეუძლია გვასწავლოს როგორ შევინარჩუნოთ ამ ცეკვაში პარტნიორიც და საკუთარი თავიც?! როგორც უნდა ვიცხოვროთ, რომ არ გავხდეთ ერთმანეთის ჩრდილები?! როგორ გავმიჯნოთ ჩვენი მოლოდინი ჩვენი რეალობისგან და ამან არ გამოიწვიოს სავალალო შედეგი?!

მკითხველო, მრავალი აზრი გიტრიალებს შენც ალბათ ახლა თავში.. გაგახსენდა ძველი ან ახლანდელი შენი ურთიერთობები… 

ასეა, ეს თემა ყოვლად ამოუწურავი და სადაოა..
პუნქტებიც მეტად ვრცელი და საორჭოფო, რადგან ყველა წყვილი თავისებურად იმედიანი და უიმედოა..

ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია, რომ განვსაზღვროთ ჩვენი სიყვარული და დავადგინოთ რამდენზე ვართ მის გამო წამსვლელი..

გადავლახავთ ზღვებს, დავამარცხებთ დრაკონს მის გამო, თუ თავად ვიქცევით დრაკონად?! რომელიც მისი ნატურის გამო გამოკეტეს ციხესიმაგრეში!
ველოსიპეტის თავიდან გამოგონებას ნუ მოსთხოვ საკუთარ თავს, თავიდანვე შეეჩვიეთ იმ ფაქტს, რომ ჩვენი მოლოდინების სრული სიზუსტით არ გამართლება და ამ პრობლემის მიღება, გადალახვა ჩვენ პიროვნულ თამასას დაბლა არ დაწევს.. რაც მთავარია ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული.. 

და ბოლოს, აქვე მინდა გირჩიოთ რამოდენიმე ფილმი, რომელიც ამ თემას ნამდვილად გამოეხმაურება და სიამოვნებით გამოგზაურებთ ურთიერთობების ლაბირინთში, რა იცი იქნებ შენთვის განკუთვნილი პასუხიც კი გაპოვნინოს?!

● Pride & Prejudice (2005) – სიყვარული და ცრურწმენა ● Last Night (2010) – წინა ღამე ნიუ-იორკში ● How to lose a guy in 10 days (2003) – როგორ მოვიშოროთ თაყვანისცემელი 10 დღეში ● What happens in vegas (2008) – ერთხელ ვეგასში ● Before you go (2014) – სანამ დავცილდებით

სიყვარულით,
ირმა ივანიშვილი 🫶🏻