ავტორი: სოფო არდაზიშვილი
გიყვარს საყვარელ ადამიანთან ერთად ყოფნა? არა მარტო „ერთ ჭერქვეშ ყოფნა“, არამედ ერთმანეთის გულისყურით მოსმენა? გარი ჩეპმენის წიგნის „The Five Love Languages“-ის მეორე სიყვარულის ენა სწორედ ამას გულისხმობს – დროის ერთად გატარებას (Quality Time).
თუ პირველი ბლოგი სიტყვიერ დადასტურებაზე იყო, ახლა დროა, დაპირებისამებრ, განვიხილოთ სიყვარული ის ენა, რომელიც დროის ერთად გატარებასა და ყურადღებას უკავშირდება.
რას ნიშნავს დროის ერთად გატარება?
როცა დროის ერთად გატარებაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ, არა უბრალოდ ერთად ყოფნას, არამედ სრულ ფოკუსს ერთმანეთზე. ამ დროს ტელეფონები, სოციალური ქსელები და სხვა ყურადღების გამფანტავი ფაქტორები, გვერდით იწევს – სცენაზე მხოლოდ თქვენ ორნი რჩებით!
ეს არის თქვენი დრო, თქვენი სივრცე – მომენტი, რომელიც მხოლოდ თქვენ გეკუთვნით.
გარი ჩეპმენი წერს:
„როდესაც ვინმე დროს გითმობს, ის თავის ყველაზე ფასეულ რესურსს გაძლევს. დრო – ეს არის სიყვარულის ნათელი გამოხატულება.“
როგორ გამოიხატება ეს ენა რეალურ ცხოვრებაში?
თუ შენი, ან შენი პარტნიორისთვის სიყვარულის “დროის ერთად გატარების” ენაა მთავარი, მაშინ თქვენ აფასებთ:
- საუბარს მხოლოდ თქვენ ორს შორის! – როცა ერთად სხედხართ და გულახდილად ჰყვებით ამბებს, ერთმანეთს უზიარებთ ფიქრებსა და გეგმებს, თქვენეულ ბმას ქმნით მსოფლმხედველობასა და ცხოვრებისეულ ღირებულებებზე.. ეს ყველაფერი თქვენთვის ემოციურად შეუცვლელია!
- საერთო აქტივობებს! – სეირნობას, ფილმის ყურებას, ერთად სადილის მომზადებას, კითხვას, მუსიკით ტკბობას და ა.შ. ცხოვრების გზაზე მიმავალთ, ყველა ეს აქტივობა გარდაუვალია, ამიტომ, თუ მას თქვენი ცხოვრების სიყვარულთან ერთად ახორციელებთ, ემოციურად, ეს კიდევ უფრო მეტი სიახლოვის მომცემია!
როგორ ვხვდებით, რომ ჩვენი პარტნიორის სიყვარულის ენა დროის ერთად გატარებაა?
თუ თქვენი პარტნიორი ხშირად ამბობს:
- „დროს ერთად აღარ ვატარებთ“
- „შენს ყურადღებას ვეღარ ვგრძნობ“
- ან უბრალოდ ხშირად ცდილობს, დაგეგმოს რაღაც, რაც ერთად უნდა გააკეთოთ..
– დიდი შანსია, მისი მთავარი სიყვარული ენა სწორედ ხარისხიანი დროის გატარება იყოს.
რისი თავიდან აცილებაა აუცილებელი?
- დაგვიანება შეთანხმებულ დროს – შესაძლოა შენთვის მხოლოდ 10 წუთი იყოს, მაგრამ მისთვის ეს საკმარისია, რომ იფიქროს: „არ ვადარდებ.“
- ყურადღების გაფანტვა – როცა მასთან ხარ, მაგრამ თვალი ტელეფონზე გაქვს, სოციალური ქსელით ხარ გატაცებული ან უბრალოდ ფიქრებით სხვაგან ხარ.
- შეუსრულებელი დაპირებები – თუ თქვი, რომ საღამოს ერთად გაატარებთ ან სადმე წახვალთ, აუცილებლად შეასრულე!
სიყვარულის ეს ენა სწორედ დეტალებში ჩანს – შენი ყურადღება მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.
რა მოხდება, თუ დროის ერთად გატარება სიყვარულის ენაა, მაგრამ ეს არ ხდება?
გარი ჩეპმენი გვაფრთხილებს, რომ ასეთ შემთხვევაში შეიძლება პარტნიორმა იგრძნოს მარტოობა და ემოციური დისტანცირება.
„მხოლოდ ფიზიკური სიახლოვე არაა საკმარისი, საჭიროა მხოლოდ თქვენ ორზე კონცენტრირება“, – ამბობს გარი ჩეპმენი.
როცა იცი, რომ შენი პარტნიორისთვის სიყვარულის გამოხატულება, დროის ერთად გატარებითა და ყურადღების გამოჩენით გამოიხატება, შეგიძლია მარტივად დააკმაყოფილო მისი საჭიროებები და თქვენი ურთიერთობის ხარისხი საგრძნობლად აამაღლო!
„ერთად ყოფნა“ არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ემოციურ და მენტალურ სიახლოვესაც გულისხმობს! სწორედ ამას გვახსენებს სიყვარულის მეორე ენა – დროის ერთად გატარება.
მომდევნო ბლოგში გავეცნობით მესამე სიყვარულის ენას – მოქმედებით გამოხატულ სიყვარულს (Acts of Service) და გავიგებთ, როგორ გამოხატავენ სიყვარულს ისინი, ვისთვისაც მთავარი ერთმანეთზე ზრუნვაა.
სიყვარულით,
სოფო🌸