დუმილი..

დუმილი..
ავტორი: ნინო ირემაშვილი

“გზაზე ვიყავი, მაგრამ არ მქონდა სადმე მისვლა.”
ამონარიდი გრიგოლ რობაქიძის დღიურიდან, 1927 წ.

მეხსიერება უცნაური რამეა. გვეთამაშება ხოლმე ხანდახან.. 

მოგონებები, მითებად შემოდის ჩვენს ცხოვრებაში. ეს მითები ბურუსივით გვეხვევა გარს. შეუმჩნევლად, სუსხი შემოაქვს სულში, სხეულს ატყობინებს, გაგაჟრჟოლებს, დაგბურძგლავს და მოგონებები ზმანებასავით თვალწინ გადმოვა.. 

ხედავ…. გესმის…. გრძნობ….
იცი რომ რაღაც იყო, რაღაც მოხდა…..
და ისევ სიჩუმე….

წლების შემდეგ ეს სიჩუმე იმაზე ხმამაღალია, ვიდრე სხვა რაიმე შენს გარშემო. 

შემოდგომის სუსხიან საღამოს, მაშინ, როდესაც ქარი, ისე ეჯახება კედლებს, თითქოს შიგნითაც აღწევსო, მაშინ, როდესაც სულითაც გრძნობ სიცივეს – ერთ ძველ ქუჩაზე, ძველ ბინაში მარტო იჯდა ადამიანი, რომელსაც დიდი ხანია ძილი დავიწყებოდა.
ცხოვრების რაღაც ეტაპზე გაჰპარვია, რაღაც მნიშვნელოვანი – ის რისთვისაც ღირდა ხმაური.. და დრო, ახლა მხოლოდ საათის ის წიკწიკია, რომელიც აღარ აშინებდა.

იქვე საწერ მაგიდასთან პატარა რვეული იდო, გაცრეცილი ფურცლებითა და ძველი მელნით. ამ რვეულიდან, ყოველ ღამეს, თავიდან ჩნდებოდა გონების ზმანება.

– მითი, რომელიც ოდესღაც მისმა გონებამ შექმნა და ცხოვრება მელანქოლიად ექცა,
– ქალი, რომელიც ყოველ ღამეს იბადებოდა თავიდან, 
– ხმა, რომელიც დიდი ხნის წინ გამოჰპარვია,
– სიჩუმე, რომელიც არსად მიდის და ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.

ამ ქალის სახელი, ყველა გვერდსა და ყოველ მოგონებას თან სდევდა. მას მირანდა ერქვა. ხოლო თავად ამ სიჩუმის პატრონს გრიგოლ რობაქიძე. 

ვინ არის მირანდა?
(მირანდა არ არის მისი ნამდვილი სახელი, არავინ იცის რა ჰქვია მას)

ის არ არის მხოლოდ ქალი. ისაა ფანტაზიის, ტკივილის, სიმარტოვის, დაუოკებელი ლტოლვის განსახიერება. ქალი, რომელიც არასდროს ეკუთვნოდა. ფიზიკურად შეიძლება არსებობდა, მაგრამ მთელი არსით მიუწვდომელი იყო მისთვის. თითქოს ღამის სიზმარში მოსული მუზა – მოდიოდა და მიდიოდა.

რობაქიძე წერდა:

„მირანდა ჩნდება სიჩუმეში. როცა ირგვლივ მხოლოდ ჩემი ნაბიჯებია და ძილიანი ქალაქი. ის მოდის, როგორც სიმღერა – რომელსაც არავინ წერს, მაგრამ ყველამ იცის.

რობაქიძის ცხოვრებაში ეს სიყვარული არ დასრულებულა – არც დაწყებულა ბოლომდე. ამ ქალს ვერ ეკუთვნოდა. ოჯახი სხვა ქალთან ჰქონდა. მან სამუდამო სიჩუმე და სიმარტოვე არჩია. 

სწორედ მირანდა და მისდამი გრძნობები არის რობაქიძის შემოქმედების ის ლანდი, რომელიც ყველა მის სიტყვაში იგრძნობა. 

„მის თვალებში არის რაღაც ისეთი, რაც მხოლოდ ერთ ადამიანს ენახა – ვინც ერთხელ უყვარდა.“

– წერს რობაქიძე მის ნაწარმოებში “გველისმჭამელი”. ეს არის ნაწარმოები სადაც მთავარი გმირი მირანდასავით ფატალური და მიუწვდომელია, თან რეალური და თანაც სიზმარი.
სიყვარული, გრიგოლ რობაქიძისთვის, იყო სულის ის საიდუმლო – ბნელი ლტოლვა, რასაც მთელი ცხოვრება დაატარებდა.

წლები გადიოდა, ყოველ საღამოს მირანდა ფურცლებზე გადმოდიოდა, ახალ შემოქმედებას ქმნიდა. 

დრო იცვლებოდა, ადგილებიც, მაგრამ არა ფიქრები.

“მისი თვალები დამტყობია. ასე იბადება პოეზია. ასე კვდება კაცი.” ჩანაწერი, მიუნხენი, 1932 წ.)

ძილი არ დაბრუნებულა, არც ქალი. ის მხოლოდ გონებაში არსებობდა.

გრიგოლ რობაქიძე წავიდა ისე, როგორც იცხოვრა – დუმილით.
მის უკანასკნელ რვეულში, ბოლო გვერდზე კი უკანასკნელი წარწერა იყო “მირანდა”.

გონება უცნაური რამეა – მითებს ქმნის. ეს მითები კი, მთელს ჩვენს ცხოვრებას განაგებენ. პატარა გადაწყვეტილებები. უპასუხო კითხვები და პასუხები, რომელიც ჩვენვე გავეცით საკუთარ თავს. ჩვენ გადავწყვიტეთ და არა სხვამ.

ხედავ…                                                          
გრძნობ…    
გესმის…         

მოგონებები გარს ბურუსივით გეხვევა, და იკარგები.  
რა მოხდა? რატომ დადუმდი? 

და შენ მაინც გესმის, შენ მაინც ხედავ და გრძნობ, გრძნობ მის შეხებას, მის მზერას, ღიმილსა და მის სულს. სიყვებს, რომელიც არ თქმულა, და რომელიც გეხვევა, ჩაგესმის და განაგრძნობს დუმილში არსებობას. 

„ერთხელ ვუყვარდი. მაგრამ ვერ დავრჩი მასთან. იმიტომ, რომ სიყვარული… არ უნდა ამოხსნა. ის უნდა ატარო – როგორც წყევლა.“ (გ.რობაქიძე)

სიყვარულით,
ნინო🌸