ავტორი: ანი ხარაძე
ერთი სულის ამობერვით დაიწერა ეს ბწკარედები ჩემს სულში..
დაიწერა ჩემს მეუღლესთან საუბრის შემდეგ..
იცით, ჩვენს ცხოვრებაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცისკრის პირველი გამჭოლი სხივივით შემოანათებენ შენს სულში, დაბნელებულ, კუპრივით შავ დარაბებს შემოლეწავენ და შემოიტანენ იმ ნათლის სვეტს, რომელიც მკურნალია ყოველგვარი სიბნელისა… თითქოს ხავსმოდებულ, ჟანგგაჟღენთილ სულს განწმენდენ ისე, რომ კვალსაც არ ტოვებენ წარსული ლაქისა…
ასეთი ადამიანები, როგორც წესი არ მოდიან ხმაურით, ქაოსითა და გრგვინვით..
ასეთი ადამიანები მოდიან ჩუმად, წყნარად.. ჯერ თითქოს შორიდან გაკვირდებიან… ხარ კი მათი სინათლის ამტანი? ხავს მიღმა კედლები ჯერაც მყარია, თუ გაცრეცილი პერგამენტის ქაღალდივით გამჭოლი..
ამ დაკვირვებასაც წყნარად და რუდუნებით ასრულებენ.. მერე კი, თითქოს არსაიდან, უკვე შენთვის ნაცნობი და შემოჩვეული, ისეთ სულის სიღრმეებს გადმოგიფენს და გაგიზიარებს, ისეთი სიყვარულით გაჯერებულ უფსკრულებში ჩაგიყვანს და გამოგზაურებს, რომ შეუძლებელია მისი ამ სულის ნაყოფებისგან რაიმე შენთვის სასიკეთო და სარგო არ გადმოგედოს.. განა ტყუილად უთქვამთ “ხარი ხართან რომ დააბა ან ფერს იცვლის ან ზნესაო”..
ასეთი ადამიანი შეიძლება იყოს, როგორც მეუღლე, ასევე მეგობარი.. ოჯახის წევრი და სულაც ნაცნობი..
თუ გაგიმართლა და გვერდით ასეთი მეორე ნახევარი შეგხვდა, იცით რა ახასიათებთ ყველა სიკეთესთან ერთად? მათ აქვთ უნარი შენც გაგაკეთილშობილონ..
ცოტა ზევით სულის გაზიარება ვახსენე.. როგორი ღრმა სიტყვაა გა-ზიარება.. ზიარება რომლის სათავეც 2000 წელს ითვლის.. ყველაზე დიდი სიწმინდე და ნუგეში, რაც უფალმა დაგვიტოვა..
ასეთ ადამიანთან საერთო უღელის ტარებით თავდაპირველად ხდება თქვენი “ერთ ხორც”-ად გარდაქმნა და მხოლოდ შემდეგ დიდი ბრძოლისა და დამაშვრალი – თუმცა სასიამოვნო გზის გავლის შემდეგ “ერთ სულ” ქმნა..
10 წლიანი თანაცხოვრების მანძილზე დაგროვდა ის საკვანძო ურთიერთობის უღელტეხილები, რომლებიც ნელნელა გორაკებად, მოგვიანებით ბორცვებად და ბოლოს კი კენჭებად გარდაიქცა..
ეს ტრანსფორმაციის პროცესი, არც იავარდითაა მოფენილი და არც პალმის რტოებით.. ამ გზაზე ხშირია უკან მოხედვა, უკან მოხედილზე კი, არსებული დაბრკოლებების ერთობლივი ანალიზი..
როგორც წესი, ასეთ დროს, აღარ რჩება დრო წყენისთვის.. ადრე, თუ უთანხმოების უღელტეხილი თავად ააშენეთ, წლების შემდეგ, შენი სულის მეგზურის დახმარებითვე ანგრევ და სიპი ქვასავით გლუვს ხდი.. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი “ერთ სულ” ქმნა..
ხშირად გვერევა ერთმანეთში, საერთო ხასიათი გვგონია ჰარმონიის მიღწევის გზა.. თუმცა, ჰარმონია საერთო სულის არსებობისას მოდის.. საერთო სული კი, ერთმანეთის ნაკლოვენებების გაგებას და გადაწყვეტის საერთო გზების მოძებნას მოიცავს..
ბედნიერია ადამიანი, რომელმაც შეძლო “ერთ სულ და ერთ ხორც” თანაზიარის ნახვა..
ადამიანის, რომელსაც შეუძლია მაშინ გაჩუმდეს, როდესაც მთელი სამყარო ხმაურობს და მაშინ გესაუბროს, როცა მთელი სამყარო დუმს..
ადამიანის, რომელსაც უყვარხარ შენს უკუნით სულის პერანგშიც და შეუძლია ამ უკუნითში ცისკრის ვარსკვლავს უჭვრიტოს..
“ერთ სულ” სიყვარულს გისურვებთ,
ანი🌸