ეჭვიანობის საფუძვლები და მისი დაძლევის გზები..

ეჭვიანობის საფუძვლები და მისი დაძლევის გზები..

ეჭვიანობა ბუნებრივი ემოციაა, რომელიც ადამიანური გრძნობების ნაწილია.
ალბათ, რთულად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ უეჭვიანია, თუმცა ზოგისთვის ეს ხანმოკლე განცდაა, ზოგისთვის კი ხშირი, აკვიატებული და დამთრგუნველი გრძნობა, რომელიც უარყოფითად მოქმედებს, როგორც ფსიქიკურ კეთილდღეობაზე, ასევე გარშემომყოფებთან ურთიერთობაზე..

დღევანდელ ბლოგში მოგიყვებით, თუ რა იწვევს ეჭვიანობას და როგორ უნდა გაუმკლავდეთ მას.

საიდან მოდის ეჭვიანობა?
როდესაც ეჭვიანობაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, მისი ძირეული მიზეზები უნდა ვახსენოთ. ეჭვიანობას შეიძლება რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს და სიტუაციიდან გამომდინარე სხვადასხვანაირად ვლინდებოდეს.

მისი ძირითადი გამომწვევი მიზეზებია:

  1. დაკარგვის ან უარყოფის შიში – შიში ეჭვიანობის ძლიერი მამოძრავებელია! ურთიერთობებში ეს შეიძლება გამოვლინდეს როგორც შფოთვა პარტნიორის სიყვარულის დაკარგვის შესაძლებლობის გამო. პროფესიულ გარემოში ეს შეიძლება ნიშნავდეს კოლეგის მიერ დაჩრდილვის შიშს და ა.შ. შიში ხშირად ირაციონალურია, მაგრამ შეიძლება იმდენად მძაფრი იყოს, რომ ადამიანი მესაკუთრედ აქციოს.
  2. საკუთარი თავის სხვებთან შედარება – საკუთარი თავის სხვებთან შედარება ეჭვიანობის მაპროვოცირებელი კიდევ ერთი ქცევაა. მუდმივად სხვების შესაძლებლობებზე ფიქრმა შეიძლება შექმნას არაჯანსაღი კონკურენციის განცდა. სამყაროში, სადაც სოციალური მედია ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ხშირად ცხოვრების იდეალიზებულ ვერსიებს ასახავს და ადვილია, რომ ჩვენი რეალობის სხვასთან შედარების ხაფანგში გავებათ.
  3. დაბალი თვითშეფასება – ეჭვიანობის კიდევ ერთი მიზეზი დაბალი თვითშეფასებაა! დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანები უფრო არიან მიდრეკილნი ეჭვიანობისკენ, რადგან ისინი ხშირად გრძნობენ თავს დაუცველად ურთიერთობებში, სამსახურში ან სოციუმში. როდესაც თავად არ ვაფასებთ საკუთარ თავს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სხვებიც არ გვაფასებენ, რაც ეჭვის გაჩენის საფუძველი ხდება.
  4. ნდობის ნაკლებობა – ნდობის საკითხები, განსაკუთრებით ურთიერთობებში, ხშირად იწვევს ეჭვიანობას. თუ ნდობა დაირღვა ან ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, პარტნიორის ან მეგობრის მცირე ქმედებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ეჭვიანობის გრძნობა.
  5. წარსული გამოცდილება და ტრავმა – ტრავმები ხშირად განაპირობებს ჩვენს ქცევას და არც ეჭვიანობაა გამონაკლისი! წარსულმა გამოცდილებამ, განსაკუთრებით კი ღალატთან ან უარყოფასთან დაკავშირებულმა, შეიძლება ადამიანი ეჭვიანობისკენ უფრო მიდრეკილი გახადოს. მსგავსი გამოცდილების მქონე ადამიანს შეიძლება გაუჭირდეს სხვების ნდობა ან დაჯერება, რომ სიყვარულისა და წარმატების ღირსია. 

როგორ გავუმკლავდეთ ეჭვიანობას?

..აღიარეთ პრობლემა

ეჭვიანობის დაძლევის პირველი ნაბიჯი მისი აღიარებაა. ეჭვიანობის იგნორირება და დათრგუნვა აუცილებლად გამოიწვევს მისი არაჯანსაღი ფორმით გამოვლინებას. თქვენი ემოციებისთვის სწორი სახელის დარქმევით მათზე კონტროლს მოიპოვებთ და საკითხს უფრო რაციონალურად მიუდგებით.

..დაადგინეთ გამომწვევი მიზეზები

როგორც კი აღიარებთ პრობლემას, შეეცადეთ გაიგოთ, რა იწვევს ეჭვიანობას. არის თუ არა მიზეზი დაუცველობის განცდა, თქვენთვის ღირებულის დაკარგვის შიში ან სხვა რამ? ძირეული მიზეზის დადგენა დაგეხმარებათ, მოაგვაროთ ის, რაც შინაგანად გაწუხებთ.

..ისაუბრეთ ღიად და გულწრფელად

ეჭვიანობა ურთიერთობებში ხშირად იწყება გაუგებრობის ან გამოუთქმელი შიშების გამო. პარტნიორთან ან მეგობართან თქვენი გრძნობების შესახებ ღია კომუნიკაცია ეჭვების გაფანტვაში დაგეხმარებათ. გამოხატეთ თქვენი ემოციები მათი დადანაშაულების გარეშე და მიიღეთ მათი პერსპექტივა მშვიდად. კომუნიკაცია აყალიბებს ნდობას და საშუალებას აძლევს ორივე მხარეს ერთად იმუშაონ ემოციებზე.

..ფოკუსირდით თვითგანვითარებაზე

ეჭვიანობა ხშირად უკავშირდება იმას, რის ნაკლებობასაც ვგრძნობთ. იმის ნაცვლად, რომ ყურადღება გაამახვილოთ იმაზე, რაც სხვებს აქვთ, კონცენტრირდით საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე. დაისახეთ მიზნები და იმუშავეთ მათ სისრულეში მოყვანაზე. საკუთარ თავზე ზრუნვითა და განვითარებით მოიპოვებთ თავდაჯერებულობას, აიმაღლებთ თვითშეფასებას და გარე ვალიდაციაზე დამოკიდებული აღარ იქნებით.

..შეცვალეთ თქვენი პერსპექტივა

ეჭვიანობა ამახინჯებს რეალობას და გვაფიქრებინებს, რომ პირდაპირ კონკურენციაში ვართ სხვებთან. რეალობა კი ისაა, რომ სხვისი წარმატება ან ბედნიერება არ ამცირებს ჩვენსას. გამოიმუშავეთ მადლიერების გრძნობა და  შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ თქვენი ბედნიერება თქვენს ხელშია.

..მიმართეთ პროფესიონალს

თუ ეჭვიანობა ზედმეტად დამთრგუნველია და გავლენას ახდენს თქვენს ურთიერთობებსა და კეთილდღეობაზე, განიხილეთ პროფესიონალის დახმარება. თერაპევტი დაგეხმარებათ თქვენი ძირეული პრობლემების იდენტიფიცირებაში და გასწავლით ემოციებთან გამკლავების გზებს.

და ბოლოს..

ეჭვიანობა არის ემოცია, რომელსაც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ყველა განიცდის, მაგრამ ის არ უნდა აკონტროლებდეს თქვენს აზრებსა და ქმედებებს.. ეჭვიანობის საფუძვლების გაცნობიერებით და მის დაძლევაზე მუშაობით, შეგიძლიათ ის პიროვნული ზრდის შესაძლებლობადაც აქციოთ..

სანამ, ჩვენს მიერ RESET: ნაკრების ფარგლებში სპეციალურად შემუშავებული სავარჯიშოებისა და გზამკვლევების მეშვეობით, პრობლემების იდენტიფიცირებისა და ემოციებთან გამკლავების გზებზე მუშაობას შეუდგებით, მიმართეთ თვითრეფლექსიას, ისაუბრეთ ღიად და კონცენტრირდით ნდობისა და თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებაზე..

ენდეთ პროცესს, რომელიც მოგიტანთ ჰარმონიასა და ჯანსაღ ურთიერთობებს!

სოფო არდაზიშვილი 🌸