ხშირად მსმენია, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს..
საჭირო დროს მოვა საჭირო ადამიანი, ფინანსები, კარიერული წინსვლა, საჭირო დროს გამოჩნდება შენს ცხოვრებაში გზა, რომელიც შენს ოცნებამდე მიგიყვანს, ან სახლამდე, ან პირიქით სახლიდან შორს.. მაგრამ, როგორ უნდა მივხვდე, როდის არის სწორედ ის დრო ან ვინ შეძლებს დამიმტკიცოს, რომ ეს დრო სწორედ ახლა არ არის?!
არც კი ვიცი რამდენი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც პირველად ვიგრძენი უსუსურობა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში..
მახსოვს მხოლოდ შეგრძნება და გააზრების წამი..
მაშინ კი არა, როდესაც მისმა ხმის ტონმა შემაშინა, არც მაშინ, როდესაც კამათის დროს წიგნი გაისროლა ოთახის კუთხეში, არც მაშინ, როცა ჩემი მეგობრების თანდასწრებით გამაქილიკა.. იმ დროს მხოლოდ ბრაზს ვგრძნობდი.. ყელში ბურთს ვიჩხერდი და თვალებთან მომდგარ ცრემლებს უკანვე ვიბრუნებდი, რადგან სისუსტე დანაშაულია.. საკუთარ თავს ვადანაშაულებდი სიბრაზის კონტროლში, იმიტომ, რომ “ურთიერთობაში ასეთი რაღაცეები ხშირია”..
მწამდა, რომ თავად ვიყავი ეგოისტი, რადგან ადამიანის შეცვლა მინდოდა, არადა ისეთი უნდა მიმეღო და მყვარებოდა როგორიც იყო..
ერთ დღესაც, (იქნებ სწორედ იმ დღეს) საყვარელი ადამიანის მკლავებში გავიღვიძე და მივხვდი, რომ სუსტი ვიყავი.. მივხვდი, რომ მეც იმ ქალებიდან ერთერთი გავხდი, სიყვარულის გამო საკუთარ მეობას, რომ ივიწყებენ.. იმ უმწეო ადამიანების რიგს შევუერთდი მარტო დარჩენას მოძალადის გვერდით ყოფნას, რომ ამჯობინებენ.. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ რადგან მივხვდი, დარჩენა აღარ მეპატიებოდა…
მაინც ყოველდღე ვფიქრობდი იქნებ არ ღირს? იქნებ დღეს არ არის ის დრო? დღეს არ არის ის დღე..
თუმცა საჭირო დრო ალბათ მაშინ იყო, როცა ჩემს სამსახურში მოვიდა და თანამშრომელ მამაკაცს უმიზეზოდ დაუწყო ჩხუბი..
ან იქნებ მაშინ, როცა ჩემი კარადა გამოაღო და საკუთარი სახსრებით ნაყიდი ტანსაცმელი გადამიყარა..
შეიძლება ის დღე მაშინაც იყო, როცა ხელი პირველად აწია…მაგრამ ხომ არ დაუტყამს?
მხოლოდ ის ვიცი, რომ ველოდებოდი..
რას ველოდებოდი ამაში თავადაც არ ვარ დარწმუნებული..
ადამიანის მოულოდნელ გარდასახვას? თუ საჭირო დროს უკანმოუხედავად გასაქცევად?
ამაზე ბჭობას დიდად აზრიც არ აქვს..
ერთადერთი ჭეშმარიტი კითხვა არსებობს:
რომ არა ამდენი ლოდინი.. იქნებ დღეს ცოცხალი ვყოფილიყავი…
(ეძღვნება კესარია აბრამიძის და ყველა იმ ქალის ხსოვნას, ვინც ძალადობას ემსხვერპლა)
ანა ბერიძე 🪷