“ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების”..
მართლაც..
მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, გავატარე იმ ზღვარზე ყოფნის სურვილით, რომელიც გადის სიმართლესა და სიცრუეს შორის.. ჩემთვის ყოველთვის საფიქრალი იყო – “როგორ უნდა უთხრა ადამიანს შენი აზრი ისე, რომ არც სიცრუე გამოვიდეს და არც გულსატკენი იყოს მისთვის..”
ხისტად მიხლილი სიმართლე, მისი ბუნებით სიმართლეა, მაგრამ თუ შედეგად ადამიანს სიკეთე არ მოუტანა, არ არგო, იქნებ სჯობს სულაც გაჩუმდე..
ან მეორეს მხრივ, მისთვის ქათინაურის თქმა, ან დადებითზე ხაზგასმა, ფარისევლობა ხომ არ არის?! რომელიც ესოდენ საძაგელი ქმედებაა..
ძალიან ბევრმა წლიანმა დაკვირვებამ, მიმიყვანა იმ აზრამდე, რომ ნებისმიერ საკითხს, თუ არ გავატარებთ სიყვარულის საცერში და გულგრილად ვისვრით, თუნდაც ცამდე მართალ სიტყვებს, მათი ფასი ნული იქნება, მეტიც.. საზიანო და უვარგისი გარშემომყოფებისთვის და მეტადრე საკუთარი თავისთვის..
საინტერესო ის არის, რა ხდება ამ სიყვარულის საცერში ისეთი ჯადოსნური, რომ სიტყვა მადლს იძენს და პირდაპირი, ფიზიკური მნიშვნელობით, დადებით ნეირონებს უშვებს სხვის გონებაში, რხევითი ბგერების საშუალებით..
პირველ რიგში, სიყვარულის გამოხატვა განწყობაა, სურვილი, სხვისთვის კარგისა და სარგოს ქმნის..
რა გვაძლევს ამ განწყობას?
პასუხი მარტივია.. ჩვენივე თავისუფალი ნება..
როგორ საოცრად არის მოწყობილი სამყარო, მხოლოდ სურვილიც კი გარდაიქმნება ნაწილაკებად, რომელსაც შეუძლია ადამიანის ნეგატიური ელემენტების წალეკვა და გაკეთილშობილება!
სწორედ ეს არის ჩემი, როგორც ადამიანის, გნებავთ მისიაც და გნებავთ – ყოფნა არ ყოფნის არსიც.. რომ ვიყო სხვისთვის მანათობელიც, გულის გამათბობელიც და ჭირსა თუ ლხინში თანაზიარიც..
ამ თავისუფალი ნების მობერვით და დადებითი ენერგეტიკის მობილიზაციით, მე ვგრძნობ, რომ სრულიად შეუხედავ(აქ მხოლოდ ადამიანობა იგულისხმება), ადამიანსაც თუ სიყვარულით შევხედე, ხდება იმგვარად, რომ ის მართლაც ლამაზდება.. ივსება სიკეთით და თავდაჯერებულობით, თითქოს თვალები უბრწყინავს.. ელემენტარული ქათინაური, ან ტკბილად ნათქვამი სიტყვა ცვლის მას.. და გამოდის, რომ არც მე ვცრუობ..
მე ხომ შევძელი მასში მხოლოდ კარგის დანახვა, შეიძლება გამოღვიძებაც….
საფიქრალი ის არის, თუ რა გვინდა ჩვენ სხვა ადამიანთან ურთიერთობისას?!..
როდესაც ცუდის თქმის სურვილი გვიჩნდება, “სიმართლის მთქმელის” სახელით, ისე ხომ არ არის, რომ ჩვენივე ჭაობიდან გამოსვლას კი არ ვლამობთ, პირიქით, სხვასაც მასში ვექაჩებით?!.. იმიტომ ხომ არა, რომ მარტო არ ვიგრძნოთ თავი?!
მსმენია აზრი – ”აბა ტყუილს ხომ არ ვეტყვი”.. “პირდაპირ, უნდა თქვა სათქმელი”.. და რა არის ტყუილი? ან პირდაპირ ნათქვამი სათქმელი? იქნებ გრძელვადიან პერსპექტივაში კეთილდღეობისთვის, დადებითზე აქცენტირება სჯობდეს? იქნებ უბრალოდ უთხრა – რა აქვს დადებითი, ლამაზი, კარგი… იქნებ მის კარგს ეძიებდე მასში და არა ცუდს უსვამდე ხაზს.. მერე ხომ თავისითაც ლაგდება?!.. ის სხივი რაც შენ შეიძინე მისთვის თბილი სიტყვის თქმით, მასაც ხომ ასხივოსნებს..
ჩემი აზრით, ეს დამოკიდებულება ნებისმიერ საკითხს ასე ერგება.. და თუ თქმით ვერ არგებ მაშინ გაჩუმდი და ეცადე უბრალოდ გიყვარდეს ადამიანები..
ზოგჯერ უთქმელობაც სიყვარულია..
სიყვარულით,
ანი ხარაძე 🫶🏻
Posted inგულიდან გულს..
კეთილი სიტყვა..
