როგორი ღრმა და სისადავით შემკულია ჩვენი დიდებული ენა..
დათოვლილი, ერთფეროვანი მასის ქვეშ, თავს იწონებს ყოჩივარდი და მისი დანახვით მყისიერად სხვა გალაქტიკაში გიბიძგებს.. ხშირად ზუსტად ასეთი ეფექტის მატარებელია ესა თუ ის სიტყვა..
მადლობა!
ეს არის სიტყვა, რომელშიც ერთდროულად ჩასისხლხორცებულია, როგორც სუბიექტისადმი მთქმელის მადლიერება, ასევე მისი ქმედების სამყაროსადმი დანიშნულების განსაზღვრება – ხაზგასმა..
თითქოს ამ სიტყვით დამოწმება ხდება იმისა, რომ მან მადლი ქნა, საჩუქარი გაიღო..
ვეუბნებით რა ამ სიტყვას, ჩვენც მადლის მქმნელები ვხდებით, ანუ ერთგვარად ვუსურვებთ კიდეც ამ ქმდებისთვის საზღაურს, თითქოს უფალს ვეუბნებით “აი ამ ადამიანმა მადლი მიქნა, შეუწირე მას ეს ქმედება სიკეთედ”..
რა გამოდის? რომ მადლიერება თავად სიყვარულის გამოხატულების ერთ-ერთი უშრეტი სახეა, რომელიც არ ითხოვს გამცემისგან უკუკავშირს, ესეიგი უანგაროა, თავმდაბალი.. როგორც თავად სიყვარული..
ზოგჯერ როგორ ჰაერივით საჭირო სიტყვაა “მადლობა”.. თითქოს გიდასტურებენ, რომ მარტო არ ხარ, რომ შენს ქმედებას, შრომას, თუ უბრალოდ პატივისცემას უკვალოდ არ ჩაუვლია, ვიღაცას არგო..
შედეგად საჭირო ხარ.. ვარგისი ხარ.. და ათასგვარი სხვა საზრდოდ მოსული ფიქრების კორიანტელი ლოკალიზდება..
რამოდენიმე დღის წინ ჩემმა 7 წლის შვილმა, სრულიად სხვაგვარად დამანახა ამ
სიტყვის ძალა..
სკოლიდან სახლში მოსული დავაპურე.. მაშინ მითხრა”მადლობა დედა რომ მივლი” და ჩამეხუტა.. მყისიერად ამ აქამდე ათასჯერ გაგონილმა სიტყვამ სრულიად სხვანაირად დამანახა ჩემი ქმედებაც, ზოგადად ჩემი, როგორც პიროვნების მდგომარეობაც და ჩემი შვილიც!
თითქოს პასუხისმგებლობაც დამაკისრა, შრომის შედეგიც დამანახა და უმთავრესად კი, იმ ენერგიით ამავსო დამაშვრალსა და ქანცგალეულს, რომ მჭირდებოდა..
იქნებ აქ კარგი მთქმელისა და კარგი გამგონეს ფაქტორიც მუშაობს, თუმცა ფაქტი ერთია.. ადამიანებს ერთმანეთი გვჭირდება.. ჩვენ ერთმანეთისგან ის სითბო და სიყვარული გვასაზრდოებს რომელსაც გავცემთ.. თან ყველაზე დიდი გენია ის არის, რომ ეს ენერგია გაცემისას კი არ ილევა, პირიქით… უკიდეგანოდ ივსება და მდიდრდება..
მადლობა ❤️
ანი ხარაძე
Posted inსიყვარულის დღიური..