მეგობრები თავისით მოდიან..

მეგობრები თავისით მოდიან..
ავტორი: მედი გუმბერიძე

იცით, ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მომენტი რომელია? როცა გგონია გვერდით ნამდვილი მეგობარი გყავს, გჯერა, გეიმედება და შემდეგ… ყველაფერი სიცრუე აღმოჩნდება!  

არა, ზოგჯერ ასე გადაჭრითაც ვერ ვიტყვით – სიცრუე, ფარისევლობა იყოო, რადგან არის ურთიერთობები, რომელთაც უბრალოდ ძალა არ ეყოთ იმისათვის რომ გადარჩენილიყვნენ! 

ეს კიდევ სხვა საკითხია, ამასაც ფარისევლობას ნუ მივათვლით, რადგან თავადაც გამომიცდია, ვიცი, რამდენად მარტივად შეიძლება გაქრეს, გაუფერულდეს, ერთ დროს ნამდვილი, საიმედო მეგობარი.. დრო გადის, იცვლება გარემოებები, ვიცვლებით, ვიზრდებით ჩვენც და სამწუხაროდ შანსი იმისა, რომ ადამიანს, რომლის გარეშე დღე არ წარმოგედგინა, ერთად სახავდით მომავლის გეგმებს, ოცნებებს – კვირაში ერთხელ (ან ზოგჯერ კიდევ უფრო იშვიათად) შეეხმიანო..

თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ მისთვის ძვირფასი არ ხარ, ან ის ადამიანი გაუფერულდა შენში.. უბრალოდ, ცხოვრებაში, ხანდახან ყველაფერი ისე ვერ იქნება, როგორც გგონია, გინდა… უფერულდება ის ურთიერთობა, რაც ოდესღაც გქონდათ, მაგრამ რჩება პატივისცემა, მოგონებები და წარსული, რომელიც ასეთი ტკბილია…

მინახავს ისეთებიც, ბავშვობის მეგობრად რომ მიიჩნევ, მისი გჯერა, ენდობი, ფიქრობ, “რაც თავი მახსოვს ერთად მოვდივართ, არასდროს გვიჩხუბია, პრობლემა არაფერზე შეგვქმნიაო” და რეალურად წუთებს რომ ითვლიან შენს დაცემამდე, რომ მაშინვე წიხლი დაგაჭიროს.. ასეთ შემთხვევაში პრობლემა შენშია! რადგან შენ შეგეშალა, შენ უწოდე “მეგობარი” მას, ვინც ამას არ იმსახურებდა! თუმცა ესეც ცხოვრებისეული გამოცდილებაა, წინასწარ ვერ გეცოდინება..

ბევრი მინახავს და სწორედ ამიტომ, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მეგობრობა არსებობს! არსებობს და თანაც როგორ…

ნამდვილი მეგობარი არ გაგკიცხავს მაშინ, როცა ყველა ზურგს შეგაქცევს, დაგადანაშაულებს.. პირიქით, გადაუდგება მათ და დაარწმუნებს, რომ შენ ხარ მართალი! რომ ყველაფერი სწორედ ისე უნდა ყოფილიყო, როგორც შენ გააკეთე და თავადაც ასე მოიქცეოდა მსგავს სიტუაციაში, მაგრამ როგორც კი მარტო დაგიგულებს – გაგკიცხავს კი არა, ისეთი სიცხადითა და სიმძაფრით წარმოგიჩენს შენს “დანაშაულს”, დამერწმუნე, მეორედ ამის ჩადენას ფიქრშიც კი ვეღარ გაბედავ.. მან იცის როდის უნდა გიჩვენოს სწორი გზა, გესაუბროს შენს შეცდომებზე და ისიც, თუ როდის გჭირდება უბრალოდ მოსმენა და სიჩუმე.. თანაც, ნამდვილი მეგობარი მხოლოდ კი არ მოგისმენს, არამედ იგრძნობს შენს ტკივილს, დარდსა, თუ სიხარულს.. და მაშინ, როცა სამყარო ხელს გკრავს, ყველასთვის საძულველი, ან თუნდაც არასასურველი გახდები, როცა საკუთარი თავით დაიღლები და იფიქრებ, რომ მეტის ატანა აღარ შეგიძლია – მოვა! მოვა, ხელს ჩაგკიდებს და ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყებაში დაგეხმარება..

მოვა ჩუმად, თითქოს ჩვეულებრივად, თავიდან არაფრით გამორჩეულად, მაგრამ ნელ-ნელა მის გვერდით ყოფნისას შვებას იგრძნობ და მიხვდები, რომ მარტო არ ხარ შენს ბრძოლებში! ის გაგაძლიერებს, მეტად გამბედავს გაგხდის! უბრალო გვერდში დგომით.. ეს არის და იქნება მეგობარი, ვისაც შენი სჯერა, სწამს, რომ ყველაფერს შეძლებ! სწამს მაშინაც, როცა ამის მიზეზს ვერ ხედავს! არა იმიტომ, რომ ვერ ხვდება, ან თავს გაჩვენებს – მას უბრალოდ შენი სწამს! აი ასე, უმიზეზოდ…

მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მარტივად შეიძლება შევცდეთ მეგობრების არჩევის გზაზე – რწმენა იმისა, რომ გულწრფელი კავშირები ჯერ კიდევ არსებობს, არ უნდა დავკარგოთ! 

მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება სავსეა ილუზიებით და ურთიერთობებით, რომლებიც თავდაპირველად ბრწყინავენ, მაგრამ დროთა განმავლობაში მათი სინათლე ქრება და გვრჩება იმედგაცრუება.. დამერწმუნეთ, ნამდვილი მეგობრობა არ იკარგება!

ჩვენ შეიძლება ხელოვნურად შევქმნათ ურთიერთობები ადამიანებთან და დავარქვათ მათ მეგობრები, მაგრამ ნამდვილ, გულწრფელ მეგობრობას ვერ შევქმნით ძალისხმევით.. ის ორმხრივად, ღია გულებით დაკავშირებული ურთიერთობაა, რომელიც ყველა სირთულის მიუხედავად ერთმანეთის გვერდში ბუნებრივად გამყოფებს..

ნამდვილი მეგობრები ჩვენს ცხოვრებაში თავისით მოდიან, როცა ყველაზე ნაკლებად ველოდებით და ყველაზე მეტად გვჭირდება.. სწორედ ამაშია მთელი ხიბლი! ჩვენც ხომ ასეთი გულით ვევლინებით სხვებს ცხოვრებაში?! სუფთა გულიდან გაწვდილი ხელით?!

სიყვარულით,
მედი 🌸