მზისა და ჩრდილის თანაარსებობა..

მზისა და ჩრდილის თანაარსებობა..
ავტორი: ნინო კიზირია

ზოგიერთი სიყვარული შთაგონებას გვჩუქნის, ზოგი კი გვანგრევს.. მაგრამ არსებობს ისეთი კავშირებიც, რომლებიც ერთდროულად ორივეა – თითქოს მზისა და ჩრდილის თანაარსებობა, ისე რომ ერთმა მეორის გარეშე ვერ იარსებოს..

სილვია პლათისა და ტედ ჰიუზის ურთიერთობა სწორედ ასეთი იყო: ვნებიანი, შემოქმედებითი და ამავდროულად – ფატალური..

არ ვიცი, შეიძლებოდა თუ არა ეს სიყვარული განსხვავებული ყოფილიყო.. იქნებ, სხვა დროს და სხვა გარემოში მათ ბედნიერად ეცხოვრათ, მაგრამ სილვია პლათი ყოველთვის იმ სიყვარულს ეძებდა, რომელიც ან სწვავდა, ან ანთებდა – მისთვის შუა გზები არ არსებობდა.. არც ჰიუზი იყო ისეთი კაცი, რომელიც ამ შავ-თეთრს შორის ნაცრისფერს იპოვნიდა..

1956 წლის თებერვალი იყო.. 23 წლის ამერიკელი პოეტი, სილვია პლათი, ერთ-ერთ პოეზიის საღამოზე ტედ ჰიუზის ლექსებს უსმენდა.. ჰიუზის ენერგიულმა და ძლიერმა სიტყვებმა მასზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა, რაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ თავადაც გასცნობოდა პოეტს..

მათი პირველი შეხვედრა ლეგენდად იქცა.. სილვიამ აღნიშნა, რომ ჰიუზის პოეზიამ მასში რაღაც უცნაური აღტაცება გამოიწვია, ხოლო ტედმა იგრძნო, რომ ეს ქალი მის ცხოვრებას მთლიანად შეცვლიდა.. თითქოს ორივეს ესმოდა, რომ ეს უბრალო ნაცნობობა არ იყო – ეს იყო ის კავშირი, რომელიც ან ბოლომდე გაანათებდა მათ ცხოვრებას, ან სრულად ჩააბნელებდა.. ჰიუზმა ვნებით აკოცა სილვიას, ხოლო პლათმა მოგვიანებით დაწერა, რომ იმ მომენტში იგრძნო – “ეს კაცი მის სულში სამუდამოდ დარჩებოდა.

რამდენიმე თვეში ისინი დაქორწინდნენ.. ყველაფერი სწრაფად ხდებოდა, თითქოს დროც კი ვერ ასწრებდა მათი სიყვარულის განვითარებას.. ჰიუზი პოეზიით ცხოვრობდა და სილვიაც იმავეს აკეთებდა – ისინი წერდნენ, კითხულობდნენ, ერთმანეთს შთააგონებდნენ.. მათი ურთიერთობა სავსე იყო ემოციური და ინტელექტუალური დაძაბულობით, რაც ზოგჯერ ჰარმონიას ჰგავდა, ზოგჯერ კი ვნებით სავსე ნგრევას..

სილვია პლათი, ტედის მიმართ არა მხოლოდ სიყვარულს, არამედ ერთგვარ თაყვანისცემასაც განიცდიდა.. ჰიუზი ძლიერი, დომინანტური, დაუმორჩილებელი იყო – პლათს კი ყოველთვის უნდოდა, რომ ვიღაც, მართალი მიმართულებით წაეყვანა.. მაგრამ ტედ ჰიუზი ისეთი კაცი არ იყო, რომელიც ვინმეს საშუალებას მისცემდა, მისი სამყარო ემართა..

„მთები სკდებოდნენ რაკრაკით, გეგმიურად,
თითები შრომას განაგრძობდნენ
ბრძანების და საკუთარი ჟინის კარნახით”
– ტედ ჰიუზი

თავდაპირველად მათი ცხოვრება მხატვრულ რომანს ჰგავდა – მოგზაურობდნენ, ერთობლივ შემოქმედებით პროცესში ერთვებოდნენ, უყვარდათ, და რაც მთავარია, ერთმანეთს შთააგონებდნენ.. მაგრამ ნელ-ნელა ჩნდებოდა ბზარები.. ჰიუზის პოპულარობა იზრდებოდა, სილვია კი, ხშირად მის ჩრდილში რჩებოდა.. მიუხედავად იმისა, რომ პლათიც ნიჭიერი და გამორჩეული იყო, ჰიუზის წარმატებამ მასში შინაგანი კონფლიქტი გააღვიძა.. კონფლიქტის მთავარი გამომწვევი მიზეზი კი, ალბათ ისიც იყო, რომ ჰიუზი ოჯახისგან განცალკევებით ხშირად მოგზაურობდა.. თვეები გადიოდა ისე, რომ სილვია მის საყვარელ მეუღლეს ვერ ნახულობდა.. ეს ყველაფერი, მკაფიოდ არის ასახული მის წერილებსა თუ დღიურებში, რომ აღარაფერი ვთქვათ ლექსებზე, და მის ყველაზე აღიარებულ რომანზე – “The Bell Jar”.

სილვიას პოეზია მძიმე იყო, სავსე შინაგანი ომებით, შიშებით, თვითიდენტობის ძიებით.. იმ სიყვარულის ძიებითაც, რაც ჯერ მოჩვენებითად, შემდეგ კი, მართლაც დაკარგა…
ის, რაც თავიდან ჰიუზს იზიდავდა – პლათის მგრძნობიარე და ძლიერი ბუნება – დროთა განმავლობაში მისთვის შიშის მომგვრელი გახდა..

მონატრებულ, ერთმანეთით აღფრთოვანების და სიყვარულის ემოციებს – ჩხუბები ანაცვლებდა.. სილვიას წერილებში იკითხება – “მან ფიზიკურად მცემა”.. “როგორც ჩანს სურს მოვკვდე.. ღიად თქვა, ისურვებდა, რომ მოვკვდე”… ეს წერილები კი სილვიას ორსულობის მოშლამდე, რამდენიმე დღით ადრეა დაწერილი..

სილვიას დეპრესია ღრმავდებოდა, მისი ემოციური მდგომარეობა კი სულ უფრო რთულ ფორმებს იღებდა..

“მიხარია, რომ ძლიერ წვიმს. ზუსტად ასე ვგრძნობ შინაგანად თავს..
თვალებს ვხუჭავ და მთელი სამყარო კვდება” – სილვია პლათი

ტედ ჰიუზმა დაიწყო მოღალატე კაცის კლასიკური გზა.. ეს არ იყო მხოლოდ ღალატი, ეს იყო პლათისთვის სამყაროს რღვევა.. ქალი, რომლისთვისაც სიყვარული ყველაფერს ნიშნავდა, ვერ გაუმკლავდა იმას, რომ ჰიუზი სხვა ქალებთან წავიდა..

სილვიამ, ჰიუზი სახლიდან გააგდო.. მისი შემოქმედება კი ტკივილის ფრქვევად, ტანჯვის გამოძახილად იქცა..

„და მე ვხედავ ჩემს თავს, ღონემიხდილს, სასაცილოს, 
ქაღალდისგან გამოჭრილ აჩრდილს,
გამომწყვდეულს მზის თვალსა და ტიტების თვალებს შუა.
სახე აღარ გამაჩნია, მე ხომ გაქრობა ვისურვე.
ცოცხალი ტიტები კი ჩემს ჟანგბადს შთანთქავენ.“
– სილვია პლათი

სილვია მარტო დარჩა.. ორი შვილთან ერთად..
დაშორებიდან რამდენიმე თვეში, 1963 წლის ერთ ცივ თებერვალს, ადგა, ბავშვებს რძე და სენდვიჩები გაუმზადა, მათ ჯერ ეძინათ.. ოთახში ჩუმად შეუტანა და კარი გამოხურა.. შემდეგ კარსა და იატაკს შორის დარჩენილი სივრცე, პირსახოცით ამოქოლა, ჩავიდა სამზარეულოში, ღუმელში გაზი მოუშვა, თავი შიგნით მოათავსა და სამუდამოდ დატოვა ეს სამყარო..

ტედ ჰიუზს ხშირად ადანაშაულებდნენ სილვიას თვითმკვლელობაში.. თავად ჰიუზი ამაზე დიდხანს არ საუბრობდა, მაგრამ წლების შემდეგ, როცა პლათის მემკვიდრეობა უკვე ცოცხალ ლეგენდად იქცა, მან დაწერა „Birthday Letters“ – წერილები სილვიასთვის, რომლებიც სინანულით, ტკივილით და იმ სიყვარულით იყო სავსე, რომელიც ვერ შეინარჩუნა..

და შემდეგ, ხმამ, საგულდაგულოდ შერჩეული იარაღივით,
თუ, ზუსტად გამოზომილი ინექციის დოზასავით,

ხმამ, ჩემთვის გამიზნული ოთხი სიტყვა,
ყურში ღრმად და დინჯად ჩამაჭედა:
„დღეს თქვენი ცოლი გარდაიცვალა.“
– ტედ ჰიუზი

სილვია პლათი და ტედ ჰიუზი ვერ გადარჩნენ ერთად, მაგრამ მათმა ურთიერთობამ შექმნა ლიტერატურის ორი უკვდავი ხმა.. ეს იყო ისტორია, რომელმაც შთააგონა ბევრი ხელოვანი, როგორც ლიტერატურაში, ასევე კინემატოგრაფიასა და მხატვრობაში.. სიყვარული, რომელმაც პლათი უკვდავ პოეტად აქცია, ჰიუზი კი, სამუდამოდ მწუხარე გმირად – კაცად, რომელმაც ვერ დაიცვა ის ქალი, ვინც, სინამდვილეში მთელი ცხოვრება უყვარდა..

სიყვარულით,
ნინო🌸