ნდობა ვირტუალურ სივრცეში..

ნდობა ვირტუალურ სივრცეში..
ავტორი: მედი გუმბერიძე

რა არის ურთიერთობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი?

ნდობა.. როდესაც ადამიანები ერთმანეთს ენდობიან, მათ  ურთიერთობას მტკიცე საძირკველი აქვს.. სიყვარულს, რაც არ უნდა ძლიერი იყოს ის, ნდობის გარეშე ნელ-ნელა ძალა ეკარგება.. თუ ურთიერთობაში ნდობა არ არსებობს, დროთა განმავლობაში ნებისმიერ ემოციურ და სულიერ კავშირს  გაუჩნდება ბზარი, რაც უარეს შემთხვევაში, მას სამუდამოდ ასრულებს..

თანამედროვე ციფრული სამყარო წარმოუდგენელია ვირტუალური ურთიერთობების გარეშე.. სოციალური ქსელები და ათასგვარი ონლაინ პლატფორმა, ადამიანებს საშუალებას აძლევს, ერთმანეთთან უწყვეტი კავშირი ჰქონდეთ, მიუხედავად მათ შორის არსებული მანძილისა.. ერთი შეხედვით ეს ძალიან კარგი წინსვლაა, თუმცა უფრო ღრმად თუ დავფიქრდებით ამ თემაზე, ურთიერთობა, რომელიც ვირტუალურ სივრცეში ყალიბდება, ან უმეტესად ამ გზით მიმდინარეობს, გარკვეულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული – განსაკუთრებით ნდობის საკითხში..

ნდობა კონკრეტულ ქმედებებს ეფუძნება.. თავისთავად მოდის, მაგრამ დროსაც მოითხოვს და გამოცდილებასაც.. ის არ ჩნდება მოულოდნელად, ის თანდათანობით ყალიბდება, კონკრეტული ქმედებების, ძალისხმევის და სწორი მიდგომების შედეგად.. ეს არის განგრძობადი პროცესი, რომელსაც მუდმივი ყურადღება და “ზრუნვა” სჭირდება..

ნდობა ვირტუალურ სივრცეში ხშირად იმ ფაქტორებზეა დამოკიდებული, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში არ გვხვდება.. ეს შეიძლება იყოს ადამიანების პირადი ინფორმაცია, გაზიარებული ფოტო და ვიდეო მასალა, პროფილის სიზუსტე, კომუნიკაციის სტილი და ხანგრძლივობა….. განსაკუთრებით ვირტუალურად გაცნობილი ადამიანების მიმართ.. სანამ რეალურ ცხოვრებაში არ გადმოიტან “გაცნობას”, მანამ ნდობის სკალაზე დაბალი მაჩვენებელია, და ეს არ ეხება მხოლოდ სასიყვარულო, რომანტიულ ურთიერთობებს.. ნებისმიერ შემთხვევაში ნდობის გასამყარებლად თვალებში ჩახედვა გვიწევს..

ვირტუალური ურთიერთობების დროს, ნდობის ჩამოყალიბებისთვის, აუცილებელია კომუნიკაციის ხარისხი და თანმიმდევრულობა.. ხშირი და გულწრფელი საუბრები ადამიანს ეხმარება უკეთ გაიცნოს თანამოსაუბრე და დარწმუნდეს, რომ ის, რასაც ხედავს, კითხულობს ან ისმენს – რეალობას შეესაბამება..

ვირტუალურ სივრცეში ადამიანები, ხშირად, რეალობისგან აბსოლუტურად განსხვავებულ პიროვნულ თვისებებსა, თუ ხასიათს წარმოაჩენენ.. სოციალური ქსელებისა და ონლაინ პლატფორმების საშუალებით, მათ შეუძლიათ შექმნან განსხვავებული იმიჯი, რომელიც შესაძლოა ვერ ასახავდეს მათ რეალურ პიროვნებას.. მაგალითად, ადამიანი, რომელიც რეალურად შედარებით შებოჭილი და  მორცხვია, ონლაინ შესაძლოა უფრო გაბედული და აქტიური იყოს, ან პირიქით, ადამიანი, რომელიც რეალურ ცხოვრებაში ძალიან აქტიური და კომუნიკაბელურია, ვირტუალურ სამყაროში შეიძლება შედარებით დისტანცირებული და ნაკლებად აქტიური აღმოჩნდეს.. ეს მაგალითი ყველაზე მინიმუმ, უფრო მეტს თქვენითაც მიხვდებით..

ნდობა ურთიერთობაში ემოციურ თავისუფლებას და უსაფრთხოებას ქმნის.. ამიტომ, ვირტუალურ სივრცეში ურთიერთობებისას, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სიფრთხილე! როდესაც ადამიანები ერთმანეთთან გულწრფელები არიან, თავიანთ შიშებსა, თუ ეჭვებს ღიად უზიარებენ ერთურთს, ეს ურთიერთობაში ნდობის ფაქტორს კიდევ უფრო აძლიერებს.. ეკრანს მიღმა გულის გადაშლა წერითი კომუნიკაციით, კი, დამეთანხმებით პირისპირ კომუნიკაციაზე მარტივია.. სწორედ ასე მოიპოვებენ თქვენს ნდობას, შემდეგ კი…. ხშირია შემთხვევები, როდესაც ზუსტად ამ ემოციური თავისუფლების და უსაფრთხოების ილუზიის შექმნით, თქვენგან გაზიარებულ ფოტო/ვიდეო მასალას, თუ პირად ინფორმაციას, ათასნაირი ბინძური მოტივებისთვის იყენებენ! ამიტომ, ადამიანმა ყოველთვის უნდა გააცნობიეროს ონლაინ ურთიერთობების პოტენციური რისკები და არ აჩქარდეს, ღრმა ნდობის გარეშე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში..

მსგავსი “ვირტუალური” და “რეალური” პიროვნების დაპირისპირებამ, შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული დაბნეულობა და პრობლემები გააჩინოს ნდობის ჩამოყალიბებაში.. როდესაც ადამიანთან  მხოლოდ ვირტუალურად გაქვს კავშირი, რთულია ირწმუნო, რომ ის რეალურადაც ისეთივეა, როგორც ონლაინ წარმოაჩენს თავს.. შეიძლება იფიქრო, რომ გიყვარდება, იპოვე ის ერთადერთი, მოიხიბლე, გაიხარე, მაგრამ, თან კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდე მის ნამდვილობას.. ნდობა და სიყვარული ურთიერთობაში მჭიდროდ დაკავშირებული კომპონენტებია.. მის გარეშე სიყვარული მხოლოდ ლამაზი სიტყვებია.. ისევე, როგორც, რეალურ სამყაროში კომუნიკაციის გარეშე, ვირტუალურ ყოფაში გაჩენილი გრძნობაა მხოლოდ ზღაპარი..

ნდობა და სიყვარული, ვირტუალურ თუ რეალურ სამყაროში, რთული და საპასუხისმგებლო გზაა.. ვირტუალური სამყარო გვთავაზობს უსაზღვრო შესაძლებლობას, მაგრამ წარმატებული და მდგრადი ურთიერთობებისთვის საჭიროა რეალობაში აღქმული ემოციების სიღრმე!

სიყვარულით,
მედი 🌸