ნიკოლოზ ბარათაშვილის მიუწვდომელი სიყვარული..

ნიკოლოზ ბარათაშვილის მიუწვდომელი სიყვარული..
ავტორი: ნინო კიზირია

ნიკოლოზ ბარათაშვილის სიყვარული ეკატერინე ჭავჭავაძისადმი, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და სევდიანი თავგადასავალია ქართულ ლიტერატურაში..
ეკატერინე, ალექსანდრე ჭავჭავაძის განათლებული და მომხიბვლელი ქალიშვილი, პოეტის უდიდესი სიყვარული იყო! თუმცა, მათი ურთიერთობა, სამწუხაროდ შეუმდგარი დარჩა..
ამ ფაქტმა ნიკოლოზის ცხოვრება დაუსრულებელ ტკივილად გადააქცია..

ნიკოლოზისათვის, ეკატერინეს მიმართ გრძნობა, ისეთივე ტანჯვითა და იმედგაცრუებით იყო სავსე, როგორც მისი ცხოვრების სხვა ასპექტები..
ამ სიყვარულმა შთააგონა ის, და შედეგადაც არაერთი უკვდავი ლექსი დაიბადა..
მათ შორის იყო „საყურე“..

ბარათაშვილის ლექსი „საყურე“ ეკატერინესადმი, მისი სიყვარულის განზოგადებულ სიმბოლოს წარმოადგენს..
ეს ლექსი ერთი შეხედვით, თითქოს უბრალო სამკაულზე დაწერილი ლექსია, რადგან ვიცით ლევან მელიქიშვილს როგორ მიმართა ბარათაშვილმა – “ლევან! გავგიჟდი! მეტი აღარა ვარ! ეკატერინა იქ არის და მისმა საყურის თამაშმა გადამრია! ღვთის განაჩენი კაცი ვერ ნახავს ვერაფერს უკეთესს”, თუმცა სინამდვილეში მასში ყველაზე ღრმა ემოციები იკვეთება..

„ასე საყურე,
უცხო საყურე,
ეთამაშება თავისსა აჩრდილს.
ნეტავი იმას,
ვინც თავისს სუნთქვას
შენსა ჩრდილშია მოიბრუნებდეს!
. . .
ჰოი, საყურეო,
გრძნებით ამრევო,
ვინ ბაგე შენს ქვეშ დაიტკბარუნოს?
მუნ უკვდავების
შარბათი ვინ სვის?
ვინ სული თვისი ზედ დაგაკონოს?“

გარდა იმისა, რომ მოზღვავებულ სურვილს, უნატიფესი სიფაქიზით აღწერს.. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ საყურე, აქ წარმოდგენილია როგორც ქალის სიმბოლო – მიუწვდომელი და მაცდური, რომელიც ამავე დროს, საოცრად ტრაგიკულიც არის..
ეს სამკაული იქცა სიყვარულის იდეალის მატერიალიზაციად, რომელიც არც თავად ეკატერინეს და არც ნიკოლოზს აღარ ეკუთვნის..

ლექსის ემოციური ძალა კი, იმაში მდგომარეობს, რომ საყურე, როგორც გრძნობის ფიზიკური გამოხატულება, აქცენტს აკეთებს ადამიანურ ტკივილზე – თავისსავე აჩრდილთან მოთამაშე გულწრფელ გრძნობაზე, რომელმაც შესაძლოა ვერც ვერასდროს შეისწავლოს სრულყოფილი სიყვარულის ძალა..

თუმცა, ამავე დროს აღნიშნავს პოეტი, რომ დალოცვილია და უკვდავია წამი მისთვის, ვინც შეძლებს და საყურის ქვეშ ბაგეს დაიტკბარუნებს.. რას ნიშავს ეს? საყურის ქვეშ, ეს არის ადგილი სადაც, საყვარელ ადამიანთან ჩახუტებისას ბაგეებით ეხები მის შიშველ კანს.. გრძნობ მის გულისცემას, სულით იძირები მასში და მის სიყვარულში..
“ვინ სული თვისი ზედ დაგაკონოს?” – ბარათაშვილი აღწერს, მომენტს რომელიც მარადიულია თავის არსში.. მომენტს, როდესაც წამები მარადისობად იქცევა.. მომენტს, როდესაც სულს უპირობოდ ელევი მისთვის..
ასე აღწერს უკვდავებას პოეტი..
მარადიულობაში გაშლილ სიყვარულის უკვდავ წამს..

ბარათაშვილისთვის სიყვარული არ იყო მხოლოდ ვნება, ის იყო ცხოვრების აზრი, მისწრაფება და შთაგონება, რომელმაც პოეტს დაუტოვა ის ერთადერთი, რაც მას არასოდეს მიატოვებდა – თავისი ხელოვნება.. ეს ლექსი კი, არა მხოლოდ მისი ეკატერინესადმი გრძნობის სიმბოლოა, არამედ მისი სულის უკვდავი კვალიც.. სიყვარულით სავსე სულის..

სიყვარულით,
ნინო 🌸