დიდხანს ვფიქრობდი, თუ რისი მოტანა მსურდა ჩემი ნააზრევით მკითხველთან..
მერე იმასაც ვფიქრობდი, განა რა ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს, ან რა განსაკუთრებული განათლება, და ან საერთოდ რა მეთქმის?..
“გზაზედ შემხვდი და შეხვედრამდე ვფიქრობდი შენზე.
მირზა გელოვანი
მე ვიცოდი, უნდა შემხვედროდა ვიღაც შენ-დარი და
ეჰა, შემხვდი შენ!..”
თუმცა კარგად რომ დავფიქრდი მივხვდი, რომ მე საზოგადოების იმ ნაწილს ვეკუთვნი ეხლა რომ შექმნა ოჯახი და სრულყოფის კიბეებს გადის.. ამ კიბეზე ასვლა ან პირიქით ჩასვლა, სწორედ ეს პროცესია ოჯახური თანაცხოვრება..
ჩვენ გვიყვარდება, ვქმნით ოჯახს.. და აქ იწყება სწორედ იმ გზასთან შეჯახება , რომლის გავლაც სამწუხაროდ ჩვენს თაობას არ ასწავლეს..
ჩვენ გაგვზარდეს იდეით რომ “კარგი გოგო”, ან “კარგი ბიჭი” ხარ ან არ ხარ.. გაგვზარდეს აზრით რომ უბრალოდ უნდა შევქმნათ ოჯახი და მორჩა.. კარგ შემთხვევაში ისიც გვითხრეს რომ ჯერ ამისთვის უნდა შეგიყვარდეს, ხოლო სტანდარტულად კი დაგვარიგეს.. გათხოვდი, ცოლი მოიყვანე რომ გამრავლდე, რომ მარტო არ დარჩე, რომ შინაბერა არ დაგერქვას..
მაგრამ არავინ გვითხრა რომ… რომ ოჯახის შექმნის დედა აზრი სრულყოფილების კიბის გავლაა იმ ადამიანთან ერთად, რომელიც შენ ამ გზის გავლაში დაგეხმარება..
ბევრ ჩვენგანს ჰგონია რომ ურთიერთობა ორ ადამიანს შორის აუცილებლად ყველა აზრში თანხვედრაა, მე კი ვფიქრობ რომ ურთიერთობა ცალკე ცოცხალი არსებაა რომელსაც მუდმივად სჭირდება კვება, განვითარება, და ინტელექტი, სიღრმისეული ხედვა ორივე მხრიდან..
10 წლიანმა თანაცხოვრებამ მეუღლესთან მასწავლა, რომ ოჯახის სრულყოფისკენ გასავლელი გზა ვარდს ჰგავს.. ორი ვარდი ერთმანეთს ეტაკება, ეკლებს აგლეჯს, და ბოლოს უეკლოდ, ტკბილად ყვავიან, გამოაქვთ კვირტები.. მრავლოდებიან..ან არ მრავლდებიან და უბრალოდ ერთმანეთით ტკბებიან..
მაგრამ ეს პროცესი იმდენად შრომატევადია, თუ არ გაქვს სიღრმისეულად გააზრებული საით მიდიხარ, რა არის შენი მიზანი, რას რატომ შვრები.. ამ შემთხვევაში უმრავლესობა წყვეტს ამ გზას..
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ადამიანის ბედნიერება არ იმალება სადღაც სხვა ადამიანში, ან რაიმე მდგომარეობაში..
ბედნიერება უნარია, რომელსაც მეცადინეობა, წვრთნა და საკუთარ თავზე მუშაობა სჭირდება. სწორედ ამ პროცესის მამოტივირებელია სიყვარული, თუ გიყვარს და გააზრებული გაქვს, რომ სიყვარული თავმდაბლობაა..
ის უანგაროა, და არ ელის უკან ემოციის დაბრუნებას.. სწორედ მაშინ იწყება შენი ტრანსფორმაცია! იწყება სხვისი თვალით მოვლენების დანახვა..
აქამდე თუ შენ იყავი.. ეხლა მისი თვალითაც გსურს სამყაროს ჭვრეტა.. და მივდივართ იქამდე რომ ეგოს აიძულებ მოიდრიკოს.. სხვაც გაითვალისწინოს, უფრო ადამიანური, უფრო კეთილი გახდეს.. უფრო სამართლიანი.. სწორი თქმა ალბათ ეს იქნება.. სამართლიანი და მოწყალე.. სწავლობ მოსმენას.. გააზრებას.. ფიქრს..
და რა მოაქვს ამას შენთვის, შენი სულისთვის???
სიმშვიდე..
როცა სხვის ქცევებში ჯერ სწორის, კარგის დანახვას სწავლობ, ეს აუცილებლად გცვლის როგორც პიროვნებას … არა მხოლოდ მეუღლისადმი, არამედ ზოგადად სამყაროსადმი.. ეს ერთგვარი ვარჯიშია, სულის წრთობა.. ბევრჯერ გულში სიმწრის ცრემლი ჩაგექცევა, შენი “მეს” დათრგუნვა ყველაზე მტკინვეული და მწარეა..
ყელში ბურთად გაგეჩხირება, მერე ჩაერთვება სიყვარული, თითქოს მალამოსავით გაცეცხლებულ ბურთს მოგიშუშებს, განკურნავს.. და აქამდე თუ გეგონა, რომ ყველაფერში და ყველასთან სწორი იყავი, იწყებ ფიქრს, რომ შენც შეიძლება შეგეშალოს.. მიმღები ხდები შენი თავის შეცდომის აღიარების.. ეს კი საკუთარი თავისადმი სწორ სიყვარულს გასწავლის. აღარ გეშინია შენი შეცდომის აღიარების, აღარ კიცხავ საკუთარ თავს.. აღიარებ და ცდილობ უკეთესი გახდე.. არა იძლებით, არა წკეპლით ან დოგმატურად “კარგი გოგოს” ან “კარგი ბიჭის” სტატუსის გასამყარებლად, არამედ შენივე თავისუფალი ნების კვალდაკვალ.
თუ ეს ყველაფერი გაიაზრე, ხვდები რომ ოჯახი არაა პრიმიტიული ინკუბატორი.. “ვერ გავუგეთ ერთმანეთს” ლოზუნგის ფრიალი.. ოჯახი სრულყოფის ერთ-ერთი გზაა.. ის გზა რომელსაც ერთად გადის წყვილი… თუ ნავს მხოლოდ ერთი ნიჩბით ვატარებთ ცალ მხარეს, ის წრეზე ივლის და ვერ დაწინაურდება!
ამიტომ მნიშნელოვანია წყვილს ერთნაირი მსოფლმხედველობა და ღირებულებები გააჩნდეს და არა ერთნაირი აზრები.. მიზანი ერთი უნდა ჰქონდეთ, ხოლო მიზნისკენ მიმავალი საშუალებები თანაცხოვრებით გაიწრთობა.
ამ ყველაფრის შემდეგ, თუ მიზანი სწორი გაქვთ, თქვენს ურთიერთობაზე არ მოქმედებს სხვადასხვა სახის პრობლემები.. რადგან ოჯახური გზის საკვებს ეძებთ სიყვარულში და არა მატერიაში.
გისურვებთ სიყვარულს..
ანი ხარაძე