პატიება.. როგორ მოვიქცეთ?

პატიება.. როგორ მოვიქცეთ?

ურთიერთობები ჩვენი ცხოვრების ნაწილია, სადაც პატიებას მნიშვნელოვანი როლი უკავია..
ცხოვრება სავსეა გამოწვევებით, და ბუნებრივია, რომ შეცდომები ხდება.. თუმცა, პატიება ყოველთვის არ არის მარტივი – ის მოითხოვს ნდობის აღდგენას, კომპრომისებზე წასვლასა და პასუხისმგებლობის აღებას..
როდის და რას ვპატიობთ და საჭიროა თუ არა ხანდახან საზღვრების დაწესება?
დღევანდელ ბლოგში სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებთ.

როდის ვპატიობთ და რას?

ბუნებრივია, რომ პასუხი კითხვაზე – როდის ვპატიობთ, ვერ იქნება ცალსახა, რადგან ყველასათვის ინდივიდუალური საკითხია, თუმცა, არსებობს ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ამ გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენს – საკითხის სერიოზულობა და გულწრფელი სინანული. მაგალითისთვის, ყოველდღიური, მცირედი შეცდომები, როგორიცაა დაგვიანება ან არასასიამოვნო ტონი, შესაძლოა ადვილად ვაპატიოთ. თუმცა, სერიოზული შეცდომები – ღალატი, ტყუილი ან ნდობის დაკარგვა – დაფიქრებას მოითხოვს.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი კი გულწრფელი სინანულია.. თუ გრძნობთ, რომ პარტნიორი გულწრფელად წუხს მომხდარის გამო, პატიება უფრო მარტივი ხდება. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ვხედავთ, რომ ადამიანი თავის ქმედებაზე პასუხისმგებლობას იღებს და მზადაა შეცვალოს ქცევა – კიდევ უფრო აადვილებს გადაწყვეტილების მიღებას.

რა შეიძლება იყოს პატიების მიზეზი?

პატიება ხშირად სიყვარულისა და თანაგრძნობის გამოხატულებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს პარტნიორზე ვზრუნავთ და გვინდა, რომ ურთიერთობა ისევ სწორ კალაპოტში ჩავაყენოთ, თუმცა ზოგჯერ სხვა მიზეზებიც იჩენს ხოლმე თავს, რომელთა შორისაცაა:

  • მიჯაჭვულობა და ემოციური კავშირი – მიჯაჭვულობა პატიების ერთ-ერთი მიზეზია. ხშირად ადამიანები ურთიერთობებს მიჯაჭვულობის გამო არ ამთავრებენ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილება კარგად აწონ-დაწონოთ. თუ ისეთ ურთიერთობაში ხართ, სადაც მუდმივად გიწევთ კომპრომისებზე წასვლა, დაფიქრდით, ღირს კი ასეთი ურთიერთობა?
  • უკეთესის მოლოდინი – ურთიერთობაში პატიება არ უნდა იყოს ავტომატური პროცესი. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორს კონკრეტული მოლოდინები დავუწესოთ – მაგალითად, პასუხისმგებლობის გაზრდა და გულწრფელი კომუნიკაცია. არავის სურს ურთიერთობა ისეთ ადამიანთან, რომელიც მუდმივად შეცდომებს უშვებს და მათზე პასუხისმგებლობას არ იღებს. შესაბამისად, აუცილებელია, პარტნიორმა იგრძნოს, რომ უნდა იმუშაოს იმ ქცევების გამოსწორებაზე, რომლებიც თქვენ სერიოზულ დისკომფორტს გიქმნით.
  • სოციუმის გავლენა – სოციუმის გავლენაც დიდ როლს თამაშობს ჩვენს გადაწყვეტილებებზე. ოჯახი, მეგობრები ან ზოგადად, საზოგადოების აზრი, ხშირად, გვიბიძგებს ან გვაბრკოლებს მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც რეალურად გვინდა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ სხვების აზრი გავაანალიზოთ, თუმცა ეს არ უნდა გახდეს ჩვენი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
სად გადის პატიების ზღვარი?

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც თითქმის ყველა ურთიერთობაში ჩნდება, არის ის, თუ სად გადის პატიების ზღვარი.. არსებობს სიტუაციები, სადაც შეცდომები უბრალოდ აღიარებითა და ბოდიშით გვარდება, თუმცა, ზოგჯერ მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ ეს ყველაფერი საკმარისი აღარ არის.. როდესაც საკითხი ეხება ნდობის დაკარგვას, ან განმეორებად ქცევებს, რომელიც გულს გვტკენს, ღირებულებების უპატივცემულობას, ან ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც ემოციური და ფიზიკური უსაფრთხოებაა, ჩნდება კითხვა – რამდენად მართებული და შესაძლებელია ამ შეცდომის პატიება?
იმისათვის, რომ ვიპოვოთ პასუხი, საჭიროა კარგად გაანალიზება, ვართ თუ არა მზად პატიებისა და ურთიერთობის გაგრძელებისთვის..

და ბოლოს..
პატიება არ უნდა იყოს დაკავშირებული საზოგადოების მოლოდინებთან ან მარტო დარჩენის შიშთან. ეს უნდა იყოს გააზრებული გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს პატიების გავლენას როგორც თქვენზე, ასევე თქვენს ურთიერთობაზე.

გახსოვდეთ, რომ პატიება საკუთარი თავის გათავისუფლების პროცესიც არის.. ის არ ნიშნავს წარსულის დავიწყებას ან ნეგატიური გამოცდილების გაუფასურებას; პატიება გვეხმარება ტვირთის შემსუბუქებასა და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლაში.. ამ პროცესს ხშირად დრო სჭირდება, და ის საკუთარი გრძნობებისა და მოლოდინების პატივისცემით იწყება!

სოფო არდაზიშვილი 🫶🏻