ოდესმე დაფიქრებულხართ, რამდენი ტოქსიკური პერსონაჟი შეგვხვედრია, როგორც ფილმებსა და წიგნებში, ისე რეალურ ცხოვრებაში, რომელთა მიმართაც, იმის მაგივრად, რომ უნდობლობა, ან საერთოდ უარყოფა გვეგრძნო, პირიქით მიზიდულობის შეგრძნება გაგვიჩნდა.. გიფიქრიათ, რა იწვევს ყოველივე ამას?!
ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად სერიოზულ მიზეზად სერიალებისა, თუ ფილმებისათვის შერჩეული მსახიობები შეგვიძლია მივიჩნიოთ.. რატომღაც, კინოინდუსტრიაში უმეტესად ბოროტი და ტოქსიკური პერსონაჟები უფრო მიმზიდველნი არიან ფიზიკურად, ვიდრე ისინი, ვინც დადებით სახეებად გვევლინებიან და სასიყვარულო ისტორიებიც მათთან უფრო საინტერესო სცენარით მიმდინარეობს ხოლმე, ვიდრე „კარგ პერსონაჟებთან“..
რატომღაც, ხშირად გვიმტკიცებენ, რომ მსგავსი ტიპის ადამიანებს უფრო ძლიერად უყვართ, რაც საზოგადოების რაღაც ნაწილში (განსაკუთრებით თინეიჯერებში) ტოვებს იმ აზრს, რომ „ცუდი პერსონაჟების შეყვარება უფრო საინტერესოა“..
მეტად სერიოზულად რომ მოვეკიდოთ ამ საკითხს, „გამოსწორების სურვილი“ შეგვიძლია დაასახელოთ ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად.. „ჩემს გამო შეიცვლება“, „სიყვარული ადამიანს ცვლის“ -გსმენიათ არა მსგავსი ფრაზები?! თავადაც შეიძლება გქონდეთ ნათქვამი..
ხშირად ადამიანები მიიჩნევენ, რომ მათი მხრიდან სითბოს, სიყვარულისა და ყურადღების გამოხატვა მეორე ნახევარში გააქრობს ყველა იმ ტოქსიკურ თვისებას, რაც ურთიერთობაში პრობლემას უქმნით და სწორედ ეს გადაჭარბებული რწმენა, რომ „სიყვარული ადამიანს ცვლის“ ბევრჯერ გამხდარა დამღუპველი.. მართალია, გეთანხმებით, რომ სიყვარულით და თანადგომით შეიძლება შეიცვალოს ადამიანი, თუმცა იმაზეც უნდა დავფიქრდეთ, რომ ყოველივე ეს ძალიან რთულია და მხოლოდ ერთის ძალისხმევა არაფრის მომცემია..
ტოქსიკური მეორე ნახევრები კი უმეტეს შემთხვევაში თავიანთ თავში პრობლემას ვერ ხედავენ და შესაბამისად იმის შანსი, რომ „გამოსწორების გზაზე“ წამოგყვებიან, მცირეა..
„ცუდ პერსონაჟებთან“ ურთიერთობები ხშირად იზიდავს ადამიანებს, რომელთაც თვითშეფასების პრობლემები აქვთ და საკუთარ თავში არ არიან დარწმუნებულები.. ტოქსიკური, მანიპულატორი პარტნიორები მსგავს შემთხვევაში, ჩვენს შინაგან სისუსტეებს, ისევ ჩვენსავე საწინააღმდეგოდ იყენებენ, ხოლო ადამიანს, რომელმაც საკუთარი თავის ფასი არ იცის, არ აფასებს მას ისე, როგორც საჭიროა, მიაჩნია, რომ უკეთესს არ იმსახურებს, ამიტომ საკუთარი რეალობის შეცვლისთვისაც დიდად არ იბრძვის..
ერთ-ერთ მიზეზად „დრამის მიჩვევაც“ შეგვიძლია წარმოვაჩინოთ.. ხშირად „ცუდ პერსონაჟებთან“ ურთიერთობა ემოციურად მეტად დატვირთული და დრამატულია.. თითქოს მუდმივად აბობოქრებულ მდინარეში გიწევს ცურვა (ხშირად დინების საწინააღმდეგოდაც კი) და ფიქრობ, რომ ამის შემდეგ მშვიდ წყალში ცურვას ვეღარ შეძლებ, მოგბეზრდება, დაიღლები…. უცნაურია, არა?!
სამწუხაროდ ასეთი შემთხვევებიც ბევრია.. თითქოს ის ემოციები, ის ცრემლი, თუ მღელვარება სწორედაც, რომ ნამდვილი სიყვარულის გამოხატულებაა.. თითქოს, ყოველივე ამის გარეშე სიყვარული არ იარსებებდა, თუმცა სამწუხაროდ სინამდვილეში ეს მხოლოდ ემოციური დამოკიდებულებაა ტოქსიკური პარტნიორის მიმართ!
და ასეთ შემთხვევებში როგორ მოვიქცეთ?! როდესაც ჩვენთვის მისი თითოეული მტკივნეული ნაბიჯი, მისი მტკივნეული სიტყვები იმდენად ორგანულია, მათ გარეშე ცხოვრება არ წარმოგვიდგენია, როდესაც პარტნიორის ცუდ თვისებებს ვერ ვამჩნევთ და მის თითოეულ უარყოფით ქმედებას „სიყვარულის გამოვლინებად“ აღვიქვამთ, როგორ ვუშველოთ თავს?!
რთულია ამ წრიდან გამოსვლა, რადგან პირველი ნაბიჯი, რომლის გადადგმაც მოგიწევთ სიყვარულისა და დამოკიდებულების ერთმანეთისგან გარჩევაა.. ეს ორი იცით, რას მაგონებს?! ფილმებში ტყუპებიდან ერთი კეთილი, ნამდვილი, დადებითი რომ არის ხოლმე, ხოლო მეორე – ავსული, ბოროტი, სასტიკი.. ზოგჯერ ბოროტი ტყუპი კეთილის ადგილს იკავებს და გარშემომყოფებს აჯერებს, რომ მისი ნათელი ნაწილი – თავად არის.. ამ დროს კი ვინ იცის, რამდენ საშინელ რაღაცას აკეთებს და კეთილ ტყუპისცალს სახელსაც უფუჭებს..
“სიყვარული და დამოკიდებულებაც” ტყუპები არიან, ამიტომ არის საჭირო ურთიერთობაში პრაგმატულობის შენარჩუნება, რათა შევძლოთ ამ ორის ერთმანეთისგან გარჩევა..
საბოლოოდ, ტოქსიკური ურთიერთობების გაიდეალება უმეტესად მაინც ჩვენი შინაგანი არასწორი რწმენებისა და თვითშეფასების შედეგია….
დააწესეთ ჯანსაღი საზღვრები!
ისწავლეთ, რომ თქვენი დრო, ემოციები და ენერგია იმსახურებს მხოლოდ იმ ურთიერთობას, რომელიც გეხმარებათ განვითარებაში და თქვენთან ერთად ცდილობს ბედნიერების მწვერვალისკენ თითოეული ნაბიჯის გადადგმას.. საზღვრების დაცვა სულაც არ ნიშნავს, რომ მეორე ნახევართან ღია, თავისუფალი არ უნდა იყოთ, არამედ ის გულისხმობს ურთიერთობაში პატივისცემისა და თანადგომის შენარჩუნებას..
ცხოვრება საკმაოდ მოკლეა იმისთვის, რომ დრო ვიღაცის „თავიდან აღზრდასა“ და გამოსწორებაში გაფლანგოთ.. და არავის მისცეთ უფლება დაგარწმუნონ, რომ ჭრილობები, რომლებიც სულზე „სიყვარულის სახელით“ მოგაყენეს – ნორმალურია…
მერწმუნეთ…
სადღაც არსებობს ადამიანი, ვინც ნამდვილად შეგიყვარებთ და მიგიღებთ ისეთს, როგორიც ხართ!
მედი გუმბერიძე 🌸