რა ძალა აქვს სიყვარულს..

რა ძალა აქვს სიყვარულს..

იცით, სიყვარულის ერთ-ერთი გრძნეული მტერი რომელია?!
სიამაყე! როდესაც ამ გრძნობაში სიამაყე ჩაერევა – ყველაფერი ნელ-ნელა ინგრევა!

ალექსანდრე ყაზბეგის „ელეონორა“-ს ვკითხულობდი..
ჩემს ამ მოსაზრებაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.. თუმცა, ელეონორას საქციელები, სიამაყესაც სცდებოდა და მეტად თავგასული, როგორც თავად ავტორი გვეუბნება – თავისქეიფა ქალი გახლდათ ვახტანგ ხელთუბნელის მშვენიერი ასული.. 

დასაწყისშივე იგრძნობა, რომ ის მხოლოდ ლამაზი კი არა, არაერთი მამაკაცის საბედისწერო ქალია.. რაღაცით თითქოს სირინოზის მსგავსი..

მშვენიერი, დამატყვევებელი…. დამღუპველი!

„ელეონორა ბუნებით არშიყი, რაწამს პატარა ლამაზ ყმაწვილკაცს დაინახავდა, მაშინვე თავბრუს დამხვევის ღიმილით გაუცინებდა, ხავერდის მსგავსის შავის თვალებით შეუჟუჟუნებდა, მუსიკის მსგავსის ხმით შეეხუმრებოდა და როდესაც კაცი იგრძნობდა ნექტრის სიტკბოებას, როდესაც მთლად გაეხვეოდა რბილსა, სასიამოვნოს და მტანჯველ-დამატკბობელს ბადეში, მაშინ, მაშინ დადგებოდა ქალის სასიამოვნო წუთები და აღტაცებით უყურებდა მსხვერპლის მოუსვენარს თრთოლას და ცახცახს, თითქოს მის სატანჯველში რაღაცა დამატკბობელს სიამოვნებას ჰგრძნობდა.“

მინდოდა მეტი მომეთხრო ელეონორას შესახებ და მისი პერსონაჟის დადებითი, თუ უარყოფითი მხარეები წარმომეჩინა თქვენთვის, მაგრამ რადგანაც ფიზიკური მშვენიერების გარდა დადებითი ვერაფერი აღმოვუჩინე ვიფიქრე, რომ ეს პატარა მონაკვეთიც საკმარისი იქნებოდა ამ პერსონაჟის გასაცნობად.. 

დღეს კი, ჩემი ინტერესის ობიექტი, არა ეს მეტად გათამამებული ქალი, არამედ მამაცი, ასლან გირეი გახდა, რომლის მეტამორფოზის ერთადერთი მიზეზი – სიყვარული იყო..

ლეკი მამაკაცი, თავიდანვე მეტად სასტიკ, ბრძოლას მოწყურებულ მეომრად არის წარმოჩენილი და როგორც ავტორი გვეუბნება „მთის მებატონისთვის სისხლის ღვრა მეჯლისი იყო“.

„ყველანი ძრწოდნენ ასლან გირეისაგან, რადგანაც მისმა გულმა სიბრალული არ იცოდა, და დიდსა თუ პატარას, ვენახსა თუ ყანას, სიბრაზით სწვამდა და ანადგურებდა“. 

იმდენად სასტიკი, დაუნდობელი იყო ლეკი მეომარი, მისი ცვლილება, მისგან შებრალება წარმოუდგენელიც კი ჩანდა, მაგრამ…

როდესაც ხელთუბნელისაგან უარით გასტუმრების შემდეგ, ქალის მოსატაცებლად მისულმა, ომს მშვიდობა არჩია და იარაღით ხელში, სამტროდ მისულმა, შერიგებაზე, ცხოვრებაში პირველად, საუბარი დაიწყო, ნათლად გამოაჩინა, თუ რა ძალა აქვს სიყვარულს და როგორ შეუძლია სასტიკი დამპყრობლისაგან შეყვარებული, ლმობიერი კაცის შექმნა..

ამ ნოველის მთავარი სათქმელი მხოლოდ ერთი როდია.. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი პერსონაჟის კუთხით შეხედავ ნაწარმოებს.. მაგალითად, ელეონორის მხრიდან – გვაჩვენებს, რა დღეში შეიძლება ჩაგვაგდოს, სიამაყის სახელით ჩადენილმა უმეცარმა ქმედებებმა.. კრეჭიაშვილის კუთხით გვიხატავს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანისთვის ღირსება, ხოლო, ასლან გირეისთან მიმართებაში, ავტორს ძალიან კარგად აქვს წარმოჩენილი, თუ, რა ძალა აქვს სიყვარულს..
„სიყვარული არც სარწმუნოებას უყურებს და არც მანძილს…“

„უწინ ასლან გირეის ქალის შესახებ მხოლოდ მბრძანებლობა ესმოდა, ეხლა კი სხვა სანატრელი აღარა ჰქონდა-რა, ოღონდ ელეონორას ბრძანების აღმსრულებელი შექმნილიყო.“

სიყვარული ყველაზე დიადი ძალაა სამყაროში და  ქვეყნად არაფერს ძალუძს ისეთი ცვლილებებისა, თუ სასწაულების მოხდენა, როგორც ამ დიდებულ გრძნობას..

იცით, მე რას ვფიქრობ?! საიდან აქვს ამხელა ძალა?!  ჩემი აზრით, სიყვარული სიცოცხლისა და სიკვდილის შვილია და მის “არსებას” ორივეს კვალი თანაბრად ატყვია..

დაიბენით?! ვეცდები აგიხსნათ რას ვგულისხმობ..

იგი სიცოცხლისაგან იღებს ცეცხლს, ხალისს, ბედნიერებას, რომელიც შეყვარებულ წყვილს აერთიანებს, აძლევს ცხოვრების ახალ აზრს და ქმნის იმას, რაც ასე დიადი და ამაღლებულია.. 

მაგრამ, ამავე დროს, სიყვარულს მემკვიდრეობით ერგო სიკვდილის სევდა და ტკივილი.. იგი სავსეა განშორების, დაკარგვის შიშით და ტკივილით, რომელიც სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს ეწვევა ხოლმე..

სიყვარული სიცოცხლის სუნთქვითაა დამუხტული, მაგრამ ამავე დროს, სიკვდილის ჩვეული სევდაც გაჰკრავს ხოლმე თანდათან.. თითქოს ორივე უკიდურესობა მასში გაერთიანდა: სიცოცხლის ნაპერწკალი და დაკარგვით განცდილი ტკივილი..

შეყვარებული კაცის გული გამალებით ფეთქავს და ამავე დროს, ზოგჯერ მის სიღრმეში სასოწარკვეთა და განშორებით გამოწვეული სევდა იმალება. 

მედი გუმბერიძე 🌸