რობერტ გრინის იანვარი

რობერტ გრინის იანვარი
ავტორი: სოფიო ტაბატაძე

“თითოეული ჩვენგანი უნიკალურია და ეს უნიკალურობა გენეტიკურადაა ჩვენს დნმ-ში ჩადებული” – რობერტ გრინი

თითოეული ჩვენთაგანის პიროვნება მართლაც უნიკალურია..
თუ დავაკვირდებით, ეს უნიკალურობა პირველად ბავშვობაში იჩენს თავს, კერძოდ კი, იმაში, რის მიმართაც ბუნებრივად მივისწრაფით, რისი კეთებაც ძალდაუტანებლად გვიზიდავს..
ეს მისწრაფებები ერთგვარი იმპულსური ძალებია, ხმები, რომლებიც ცნობიერზე ღრმა ადგილებიდან მოედინება და განაპირობებს, ჩვენი გონების, კონკრეტული გზებით და მიმართულებებით განვითარებას.. 

ამ ყველაფერს, ასეთი მხრიდანაც შეგვიძლია შევხედოთ – როდესაც იბადები, ირგვება ნერგი ამ სამყაროში, ეს ნერგი შენი უნიკალური პიროვნებაა.. ამ ნერგს გაზრდა, გარდაქმნა და მისი სრული პოტენციალის გამოყენებით – გაყვავილება სურს.. შენი მისია კი, სწორედ ამ ნერგის აყვავებაში მდგომარეობს.. ანუ, გამოხატო შენი უნიკალურობა შენივე შემოქმედებაში!

რობერტ გრინის “ყოველდღიური წესების” პირველი თავი – იანვარი, სწორედ ამ საკითხის გარშემო გვამოგზაურებს. 

“კონკრეტული სფეროს ოსტატად ჩამოყალიბება პროცესია და შენი მოწოდების პოვნა, ამ პროცესის საწყისი წერტილი.” – რობერტ გრინი

ყველას შეგიმჩნევიათ ალბათ, როგორ ზუსტად იციან ბავშვებმა, ადრეული ასაკიდანვე, რისი კეთება მოსწონთ, ან სურთ, და რა არ აინტერესებთ საერთოდ.. ბუნებრივად, ყოველგვარი ზეგავლენის გარეშე, შინაგანი ხმით მოქმედებენ, იმ ინტერესებით, სურვილებით და მისწრაფებებით, რაც, ჯერ სხვა ადამიანების მიერ არ არის დაბინძურებული.. თითოეული ჩვენგანი ფლობს ამ შინაგან ხმას, რომელიც ცდილობს, ცხოვრებისეული ამოცანისკენ გვიხელმძღვანელოს..

თუ შევძლებთ და გავიხსენებთ იმას, თუ რით ვიყავით ბავშვობაში გატაცებულნი და მონუსხულები იმდენად, რომ შეგვეძლო საათობით, მოუბეზრებლად გვეკეთებინა, გვეთამაშა, დავკვირვებოდით, თუ გვეფიქრა, აღმოვაჩენთ ჩვენივე თავებში, იმ ზემოხსენებულ ნერგს, რომლის აყვავების მისიაც მოგვეცა – ერთგვარი ცხოვრების მიზანი, სავალი გზა..

გაცნობიერებულად თუ არა, ხშირად გაგვიცია რჩევა სხვებისთვის შემდეგი სიტყვებით – “გვიან არასდროს არის”.. ვიღაცას გაუგია, შეუცვლია, ვიღაცა დანებებია გარემოებებს.. შესაძლოა ჩვენი თავებისთვისაც შეგვიძახია – ცხოვრების გზის შენება თავიდან, ახალი მიმართულებით დაგვეწყო, ფონად იმ სიტყვყვების ტრიალით, რომ გვიან არასდროს არის..
და ასეცაა..

სინამდვილეში, არაფრის გამოგონებაც არ გვჭირდება.. ყველაფერი უკვე ჩვენშია, ჩაფლული და დამალული, იმ ყველაფრის ქვეშ, რაც ცხოვრების მანძლზე გვისწავლია, გამოგვიცდია, გაგვიგია გვიფიქრია, თუ გადაგვიტანია.. უბრალოდ უნდა ადგე და ჩაიხედო შენს თავში, იმ სიღრმეში, სადაც შენი ბავშვობის გატაცებების მიმართ, დიდი ხნის წინ დაკარგე კავშირი..
როგორც კი, კავშირის აღდგენას მოახერხებ, ყველაფერი თავისით დალაგდება..

რეფლექციის საწყისი წერტილი ასეთია:
  • იფიქრე რა არის ის რაღაც, რის მიმართაც ყოველთვის, შინაგანად გრძნობდი მიზიდულობას?
  • ვისაც შენი ბავშვობა კარგად ახსოვს, იმასაც დაეკითხე, თუ შეუძლია გაიხსენოს, რითი ინტერესდებოდი შენს ადრეულ წლებში?
  • მოახდინე იმის იდენტიფიცირება, თუ რა განგასხვავებს სხვებისგან და რაშია შენი უნიკალურობა? 

ხანდახან ჩვენი მისწრაფებები ნათელი მაშინ ხდება, როდესაც გარკვეული აქტივობების დროს, შინაგანად, რაღაცნაირ აღმატებულ გრძნობას განვიცდით.. იფიქრე, რომელი აქტივობებია ასეთი!


ყოველთვის მიჰყევით იმას, რაც გხდით უცნაურს, უცხოს და განსხვავებულს.. ეს არის თქვენი ძალაუფლების წყარო! – რობერტ გრინი

უგულებელყავი შენი სისუსტეები და წინააღმდეგობა გაუწიე ცდუნებას – იყო სხვების მსგავსი.. ეს არის სტრატეგია, რომელსაც უნდა გაჰყვე! ყოველთვის, როდესაც შესაბამისი უნარების დანაკლისის გამო, გარკვეულ სირთულეებს წააწყდები, გაამახვილე ყურადღება იმ წვრილმანებზე, რაც კარგად გამოგდის.. ეს თავდაჯერებულობას შეგმატებს და იმ წერტილის საფუძველი გახდება, საიდანაც შენი შესაძლებლობების გაფართოებას შეძლებ..
ანუ, არ არის საჭირო უარი თქვა იმ უნარებსა და გამოცდილებაზე, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მიიღე, უბრალოდ უნდა იპოვო მათი გამოყენების ახალი გზა!

ყოველთვის გახსოვდეს, რომ უნიკალური ხარ! შენი უნარების და გამოცდილებების კომბინაცია განმეორებადი არ არის, ამიტომ, იფიქრე და იმუშავე იმაზე, რის მიმართ გრძნობ ყველაზე მეტად ემოციურ კავშირს და იდეებიც თავისით მოგივა!

მიმართე მზერა მომავალზე და არა წარსულზე! – რობერტ გრინი

ადამიანები არასწორ გზას ძირითად შემთხვევაში, იმიტომ ვირჩევთ ხოლმე, რომ გვიზიდავს არასწორივე მიზეზები, მაგალითად ფული, ცნობადობა, ყურადღება, ა.შ.. შეიძლება ამ ყველაფერში ცუდი და არასწორი, არც არაფერი იყოს, თუმცა, საქმე იმაში გახლავთ, რომ როდესაც ხელოვნურად ვქმნით ბედნიერების შესაგრძნობ მომენტებს, ძირითად შემთხვევაში იმედგაცრუებულები ვრჩებით, ბედნიერების მაგივრად სიცარიელეს ვგრძნობთ, რის შევსებასაც, კიდევ უფრო არაფრის მომცემი იმპულსური გადაწყვეტილებებით ვცდილობთ და საბოლოო ჯამში, კიდევ უფრო მეტ ენერგიას და რესურსს ვახარჯავთ იმ არასწორ გზას, რომელსაც ვადგავართ.

მნიშვნელოვანია, შეწყვიტო სხვების ნააზრევის მოსმენა, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი ხარ, რას შეძლებდი, რა მოგწონს, ან რით ვერ იპოვე ის, რისი კეთებაც გსურს.. შენით განსაჯე ეს ყველაფერი! თუ იდეიდან-იდეაზე დახტიხარ და ვინმეს ეს არასერიოზულად მიაჩნია, არც ამ შეფასებას მოუსმინო.. შეიცანი შენი თავი! და ამ შეცნობის პროცესში იმაზეც იფიქრე, რომ როდესაც აქტიური და ხალისიანი ყოფილხარ კონკრეტული საქმის კეთებისას, ეს ის შემთხვევაა, როდესაც შენს “გზას” მიუყვებოდი, ხოლო, თუ უმოტივაციოდ და უხალისოდ აკეთებდი რაიმეს, ეს ის გზაა, რაც სხვას სურდა გაჰყოლოდი, მშობლებსაც მათ შორის.

ამასთან, დეპრესიის მომენტები რაც ცხოვრებაში გქონია, ის შინაგანი გამოძახილებია, რომელსაც აუცილებლად უნდა მოუსმინო.. როგორც გოეთეს უთქვამს “სასოწარკვეთა, რომელიც გაწვება, შენს პროფესიაში კი არა, შენივე თავშია!” ასეა, ჩვენ უნდა შევქმნათ ჩვენივე სამყარო, ან უბრალოდ უმოქმედობით დავიხოცებით!

ასევე, მნიშვნელოვანია სიღრმისეულად გაიგო, რომ შენი თანამონაწილეობა, ამ სამყაროს მსვლელობაში, სხვადასხვა ფორმით ხდება.. ანუ, აქ საუბარი იმაზე არ არის, რომ ანტრეპრენერად უნდა იქცე აუცილებლად, საერთოდაც არა, შეიძლება მოწოდებით ფიზიკური საქმის ოსტატი იყო, ან დეტალებზე ორიენტირებული, წერის უბადლო სპეციალისტი, და სწორედ ამ საქმიანობაში ხედავდე შენს თავს ბედნიერს.. მოწინავე არცერთი მისწრაფება არ არის, რადგან ეს არ არის დაოსტატება სხვა ადამიანებზე დომინირების მიზნით, არამედ ჩვენივე ბედის განსაზღვრისთვის!


მეტად მიენდე შენს თავს, შენს ინსტინქტებს და შინაგან ხმას!
ხშირია შემთხვევები, და ძირითადად ყველა ადამიანს ახასიათებს, რომ ცნობიერად თუ არა, გაექცეს დაძაბულობას, ტკივილს და ნებისმიერი ფორმის წარუმატებლობას, ანუ ცდილობენ, ისეთ ადგილას დააყენონ საკუთარი თავი, სადაც ნაკლები კრიტიკა შეხვდებათ, და ამასთან წარუმატებლობის შანსებიც ნაკლებად ექნებათ..
თუმცა მთავარი ამოცანა, იმაში მდგომარეობს, რომ პირიქით, ასეთი ადგილების საწინააღმდეგოდ უნდა იმოძრაო.. უნდა მიიღო ნეგატიური გამოცდილებები იმისათვის, რომ გაზარდო შენი უნარ-ჩვევები, რადგან წარმატების გასაღები, სწორედ, სხვადასხვა სფეროში განვითარებულ უნარებშია, რომელსაც შემდგომ, შენივე უნიკალური და შემოქმედებითი გზებით აერთიანებ და იყენებ დასახული მიზნის მისაღწევად! იმ მიზნის, რომელიც შენი ნამდვილი მოწოდებაა.

სიყვარულით,
სოფა 🌸