ავტორი: სოფო არდაზიშვილი
ადამიანები ხშირად სიყვარულს სხვადასხვანაირად აღიქვამენ – ვიღაცისთვის ეს ზრუნვაა, ვიღაცისთვის – დროის ერთად გატარება, ვიღაცისთვის კი საკმარისია ერთი სიტყვა: „მიყვარხარ“..
სწორედ ამ განსხვავებულ აღქმაზეა დაფუძნებული გარი ჩეპმენის ცნობილი წიგნი „The Five Love Languages“, რომელიც უკვე ათწლეულებია წყვილებს ურთიერთობების გაღრმავებაში ეხმარება..
გარი ჩეპმენი თერაპევტი და კომუნიკაციის სპეციალისტია, რომელმაც ასობით წყვილთან მუშაობის შემდეგ აღმოაჩინა საინტერესო რამ –
მაშინაც კი, როცა ორი ადამიანი სიყვარულს გამოხატავს, ხშირად ერთმანეთს ვერ უგებენ, რადგან ისინი სხვადასხვა „სიყვარულის ენაზე“ საუბრობენ.
ამ იდეაზე დაყრდნობით ჩეპმენმა გამოყო სიყვარულის 5 ძირითადი ენა:
- სიტყვიერი დადასტურება (Words of Affirmation)
- დროის ერთად გატარება (Quality Time)
- მომსახურება (Acts of Service)
- საჩუქრის ჩუქება (Receiving Gifts)
- ფიზიკური შეხება (Physical Touch)
წიგნი მარტივადაა აგებული – ყოველი თავი თითო ენას ეძღვნება. ბლოგების ამ სერიაშიც სწორედ ამ მოდელს მივყვებით და თითოეულ ენას ცალკე ბლოგს მივუძღვნით, რეალური მაგალითებითა და რჩევებით, რადგან, როცა სიყვარულის ენები კარგად გვესმის და ვფლობთ, ჩვენი ურთიერთობებიც გაცილებით ჯანსაღი და ღრმა ხდება.
და დავიწყოთ პირველი ენით – სიტყვიერი დადასტურებით.
“სიყვარული, რომელსაც სიტყვებით გამოხატავენ – სიტყვიერი დადასტურებაა“
შეიძლება შენ თვითონაც არ გიფიქრია ამაზე, მაგრამ იქნებ შენთვის სიყვარულის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოხატულება ისეთი ფრაზების მოსმენა იყოს როგორიცაა:
- „ძალიან ლამაზი ხარ“
- „ძალიან მიყვარხარ“
- „შენით ვამაყობ“
- „შენ მაძლიერებ“
- „მადლობა ყველაფრისთვის“
ა.შ.
თუ ასეთი სიტყვები შენში დადებით ემოციას იწვევს, გულს გითბობს, გალღობს, ყველა გაბრაზებას გავიწყებს და გულს სიყვარულით გივსებს, მაშინ დიდი ალბათობით, შენი სიყვარულის ენა სწორედ ეს არის.
რას ნიშნავს სიტყვიერი დადასტურება?
ეს ენა გულისხმობს სიყვარულის გამოხატვას სიტყვებით – კომპლიმენტებით, მადლიერებით, სიტყვებით გამოთქმული ემოციებით, სიტყვიერი მხარდაჭერითა და გულწრფელი აღიარებით.
გარი ჩეპმენის თქმით:
„დადებითი სიტყვები სიყვარულის გამოხატვის მძლავრი ინსტრუმენტია. ისინი ქმნიან გარემოს, სადაც ორივე ადამიანი თავს დაფასებულად გრძნობს.“
როგორ გამოვხატოთ სიყვარული ამ ენით?
ეს ძალიან მარტივია, თუ შენივე სიყვარულის ენა – სიტყვებით გამოხატვაა, მაშინ ბუნებრივადვე შეძლებ გარშემომყოფების კომპლიმენტებით, სიტყვებით გადმოცემული ემოციებით და მადლიერებით დახუნძვლას.. თუ ეს სიყვარულის ენა შენი მეორე ნახევრისაა, მაშინ გირჩევთ:
არ დაიშუროთ კომპლიმენტები!
„დღეს ძალიან კარგად გამოიყურები“, „მომწონს, როგორ მუშაობ საკუთარ თავზე“, ა.შ. თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით უკეთ შეძლებთ გონებაში დაალაგოთ, რა სიტყვების გაგონება ესიამოვნება თქვენს მეორე ნახევარს..
გამოხატეთ მის მიმართ მადლიერება!
„მადლობა, რომ ამდენს აკეთებ ჩვენი ოჯახისთვის“, „შენი თანადგომა ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს“, ა.შ. მადლიერების გამომხატველი სიტყვებით დაუფასეთ მას ის ქმედებები და სიტყვები, რასაც თქვენი ურთიერთობისთვის, ოჯახისთვის, თუ თავად თქვენთვის არასდროს იშურებს..
სიტყვებით გაეცით ემოციური მხარდაჭერა!
„მჯერა შენი და ვიცი, რომ გამოგივა“, „შენ ხარ ადამიანი, რომელსაც ყოველთვის ვენდობი“, ა.შ. ყველას უდგება ცხოვრების სხვადასხვა პერიოდებში ისეთი მომენტები, როდესაც სიტყვებით თანადგომა ძალიან სჭირდება – საკუთარი თავის რწმენის, სიმართლის, მოქმედების სისწორის, თუ საქმიანობის პროცესში, სხვადასხვა ემოციებში გამოსარკვევად და დასაბალანსებლად, განსაკუთრებით, კი იმ ადამიანებს, ვისი სიყვარულის ენაც სიტყვიერი დადასტურებაა.. ამიტომ უხვად მიეცით თქვენს მეორე ნახევარს ემოციური მხარდაჭერა სიტყვებით..
გაახარეთ მოულოდნელი შეტყობინებებით!
მოკლე შეტყობინება დღის განმავლობაში – „მომენატრე“ ან „შენზე ვფიქრობ“ – მისთვის ბევრს ნიშნავს, ამიტომ მსგავსი სპონტანური სიხარულის მინიჭება, თქვენს ურთიერთობას ყოველთვის წაადგება..
თუ ეს ენაა შენი პარტნიორისთვის მთავარი:
- ნუ დაიზარებ სიყვარულის სიტყვებით გამოხატვას. დუმილი შეიძლება გულგრილობად ჩათვალოს!
- არ გამოიყენო სარკაზმი ან ზედმეტი კრიტიკა. ნეგატიური სიტყვები მასში ღრმა ემოციურ ტკივილს იწვევს!
- სიტყვას მისთვის უდიდესი ძალა აქვს. გულწრფელმა კომუნიკაციამ და ნათქვამმა სიტყვებმა შესაძლოა მას მთელი დღის განწყობა შეუქმნას!
უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ვინმეს მთავარი სიყვარულის ენა სიტყვიერი დადასტურებაა, ის ხშირად ელოდება შეყვარებულისგან, მეუღლისგან, მეგობრისგან თუ ოჯახის წევრებისგან სიტყვიერ აღიარებას. ასეთი ადამიანი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ტონს, ფორმულირებას და ხშირად იმახსოვრებს, თქვენს მიერ ნათქვამ როგორც დადებით, ასევე ნეგატიურ ფრაზებს.
დუმილი, კრიტიკა ან უემოციო საუბარი მისთვის შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც უარყოფა. მისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სიტყვების შინაარსი, არამედ მათი გულწრფელობაც. ამ ენის მქონე ადამიანები, ხშირად თავადაც მეტყველებით გამოხატავენ სიყვარულს – მოგწერენ თბილ შეტყობინებებს, ხშირად გეუბნებიან კომპლიმენტებს და ყოველთვის ღია სიტყვიერ კომუნიკაციას ამჯობინებენ.
და ბოლოს..
ნუ შეგეშინდება გრძნობის სიტყვებით გამოხატვის. ხშირად ერთი გულწრფელი ფრაზა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ასობით ქმედება.
მომდევნო ბლოგში განვიხილავთ სიყვარულის მეორე ენას – დროის ხარისხიანად გატარების მნიშვნელობას!
სიყვარულით,
სოფო🌸