დისტანციური ურთიერთობა ღელვასთან და სირთულეებთან ასოცირდება.
ხშირად ვეკითხებით ჩვენს თავს, შევძლებთ თუ არა, ურთიერთობის შენარჩუნებას მაშინ, როდესაც ჩვენსა და ჩვენს პარტნიორს შორის ათასობით კილომეტრია, თუმცა მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ მოთმინებით, ძალისხმევითა და ჯანსაღი კომუნიკაციით, შეგიძლიათ თქვენი კავშირი უფრო გააძლიეროთ!
დღევანდელ ბლოგში გაგიზიარებთ რჩევებს, რომელიც დისტანციური ურთიერთობის გამოწვევების წარმატებით გამკლავებაში დაგეხმარებათ.
პრიორიტეტი მიანიჭეთ კომუნიკაციას – კომუნიკაცია ნებისმიერი სახის ურთიერთობის საფუძველია და დისტანციური ურთიერთობის დროს ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ სიახლოვე, ყოველდღიურად გამოყავით დრო საუბრებისთვის. გამოიყენეთ ვიდეო ზარები, ხმოვანი და ტექსტური შეტყობინებები, რათა ერთმანეთს გაუზიაროთ, როგორც მნიშვნელოვანი, ასევე ყოველდღიური ამბები.
დასახეთ რეალური მოლოდინები – იმისათვის, რომ ურთიერთობაში სხვადასხვა მოლოდინები არ გქონდეთ, თავიდანვე შეთანხმდით, რას მოელით ერთმანეთისგან.
განიხილეთ ისეთი საკითხები, როგორიცაა ვიზიტების რაოდენობა და გრძელვადიანი მიზნები, რათა გაუგებრობები თავიდან აიცილოთ.
დაგეგმეთ რეგულარული ვიზიტები – ხშირად დაგეგმეთ მოგზაურობა ერთმანეთის სანახავად. იმის ცოდნა, რომ ერთმანეთს შეხვდებით, პოზიტიურად განგაწყობთ.
აუცილებელი არ არის ვიზიტები ყოველთვის ხანგრძლივი იყოს, ხანმოკლე შეხვედრებსაც შეუძლია დიდი ცვლილებების მოხდენა.
ენდეთ ერთმანეთს – ისევე როგორც კომუნიკაცია, ნდობაც ყველა წარმატებული ურთიერთობის საფუძველია და ის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება დისტანციური ურთიერთობისას.
იყავით ღია ერთმანეთის მიმართ და მოერიდეთ საიდუმლოებებს. უფლება არ მისცეთ უსაფუძვლო ეჭვებს საფრთხე შეუქმნას თქვენს ურთიერთობას.
შეინარჩუნეთ პირადი ცხოვრება – ჯანსაღი ურთიერთობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია პირადი ცხოვრებაც, რომელიც თქვენს რომანტიკულ ურთიერთობას არ უკავშირდება.
დაუთმეთ დრო მეგობრებსა და ოჯახის წევრებს და მიჰყევით თქვენს ინტერესებსა და სურვილებს და თქვენს პარტნიორსაც მიეცით ამის საშუალება.
ამ ყველაფრით დაიცავთ ურთიერთობაში ბალანსს და თავიდან აირიდებთ არაჯანსაღ მიჯაჭვულობას.
ხშირად გააოცეთ ერთმანეთი – სიურპრიზების გაკეთება ყოველთვის სასიამოვნოა.
გაუგზავნეთ მოულოდნელი საჩუქრები და დაუწერეთ წერილები მაშინ, როდესაც თქვენი პარტნიორი ამას ყველაზე ნაკლებად ელის.
ეს მცირე ჟესტები დაგეხმარებათ, რომ ურთიერთობაში ჯანსაღი დინამიკა შეინარჩუნოთ.
იყავით გულწრფელები – გულწრფელობას ნებისმიერ ურთიერთობაში გადამწყვეტი როლი აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ერთმანეთს მრავალი კილომეტრი გაშორებთ.
ყოველთვის იყავით გულწრფელი თქვენი გრძნობების შესახებ და თამამად გაუზიარეთ თქვენს პარტნიორს ყველა ის ემოცია, რომელსაც განიცდით.
ღიაობა ხელს შეუწყობს ნდობის ჩამოყალიბებასა და გაუგებრობების თავიდან აცილებას.
შექმენით საერთო გამოცდილებები – გახსოვდეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ერთმანეთისგან შორს ხართ, მაინც შეგიძლიათ საერთო მოგონებებისა და გამოცდილების შექმნა და გაზიარება.
უყურეთ ერთსა და იმავე ფილმს, ითამაშეთ ონლაინ თამაშები ან წაიკითხეთ წიგნები.
მსგავსი აქტივობები ურთიერთობის გამყარებაში დაგეხმარებათ.
იყავით პოზიტიურები – ერთმანეთისგან შორს ყოფნა ხშირად მოგგვრით სევდას, თუმცა მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ოპტიმიზმი საქმეს აადვილებს.
კონცენტრირება მოახდინეთ თქვენს ურთიერთობაში არსებულ დადებით მხარეებზე და სიყვარულზე, რომელსაც იზიარებთ.
პოზიტიური აზროვნება დაგეხმარებათ გადალახოთ სირთულეები და გაუმკლავდეთ ნებისმიერ დაბრკოლებას.
დასახეთ მომავლის მიზნები – როდესაც დისტანციურ ურთიერთობაში ხართ, აუცილებელია გქონდეთ მომავლის საერთო ხედვა.
იქნება ეს ერთად ცხოვრება თუ ნებისმიერი სხვა რამ, თქვენი მომავლის გეგმების განხილვა დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ საით მიდის თქვენი ურთიერთობა.
და ბოლოს..
დისტანციური ურთიერთობა ნამდვილად არ არის მარტივი – ძალისხმევას, მოთმინებასა და ნდობას მოითხოვს, თუმცა ზემოთ განხილული რჩევებით, შეგიძლიათ შექმნათ ძლიერი კავშირი, რომელსაც მანძილი ვერაფერს დააკლებს.
გახსოვდეთ, რომ თქვენს შორის არსებული სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანია!
სოფო არდაზიშვილი 🫶🏻