დღეს ისე წვიმს თითქოს აღარასდროს გამოიდარებს..
არ ვიცი ამინდს დავაბრალო, თუ საკუთარ გაურკვევლობას მაგრამ არაფრის კეთება არ მინდა.. არა სასოწარკვეთილი არ ვარ, უბრალოდ ვერ ვხვდები სად ვარ.. ოდნავ დავიკარგე.. თითქოს ჩემი ფიქრები სხვა სამყაროა და რეალობა სულ სხვაა.. მრავალ სამყაროში მოგზაურობიდან ერთადერთი დასკვნა გამომაქვს..
უნდა ვიპოვო ვინ ვარ?!
ჩემი ხასიათი ჩემმა სიყვარულმაც შეამჩნია..
“როგორ ხარ?”
– კარგად..
შუბლზე მკოცნის და ოთახიდან გადის.
სხვა მის ადგილას ჩემთან დარჩებოდა, დროის გაყვანას შემომთავაზებდა, ჩამეხუტებოდა.. მაგრამ ის არა.. ის უბრალოდ გაგებით სავსე მზერით მიყურებს და ოთახიდან გადის..
იცის, რომ ასეთ დროს მარტო მიყვარს ყოფნა.. იცის, რომ მისთვის საჭირო სიტყვები არ მაქვს.. მშვენივრად ხვდება. რომ კარგად არ ვარ მაგრამ, მაგრამ ისიც ესმის, რომ არც ცუდად ვარ.. არ იცის რა მჭირს, მაგრამ ჩემს საზღვრებს პატივს სცემს.. ამის გამო კიდევ უფრო მეტად მიყვარს!
მართლაც და რა მარტივია თქვა, რომ ცუდად ხარ, მაშინ, როცა რეალური მატერიალური პრობლემა გაქვს..
როგორ ხარ? ცუდად, სიცხე მაქვს.
როგორ ხარ? ცუდად, გადავიღალე.
როგორ ხარ? ცუდად, დღეს ვალი მაქვს გადასახდელი.
მე რა უნდა ვთქვა? ცუდად ვარ იმიტომ, რომ ვარ? ცუდად ვარ იმიტომ, რომ ვერ გავარკვიე რა მინდა ცხოვრებაში? ცუდად ვარ იმიტომ, რომ თავს ვერ ვპოულობ? ვერ ავხსნი..
ვერც ავხსნი და ვერც გამიგებენ..
მაგრამ მას ესმის..
უსიტყვოდ და უპირობოდ ესმის..
ცხოვრებაში ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასე გამაბედნიერებდა ადამიანის უსიტყვობა, ოთახიდან გასვლა, უთქმელად გაგება. თუმცა, როგორც ჩანს ეს ყველაფერი იმდენად ბევრს ნიშნავს, რომ ჩემს მუქ ფიქრებსაც სინათლე ემატება.. იმიტომ კი არა, რომ ახლა კარგად ვარ, უბრალოდ იქ, სადღაც, ჩემს ერთ-ერთ სამყაროში “მე” ბედნიერია, რადგან მას და მის ფიქრებს პატივს სცემენ.. მის საზღვრებს იცავენ.. მისი გრძნობები ესმით.. სხვა რა უნდა გინდოდეს საყვარელი ადამიანისგან? გაგება, ხომ საკუთარ თავში მოიაზრებს პატივისცემას, სიყვარულს, მოწიწებას და ერთგულებასაც კი!
შენი გრძნობების ერთგულებას.. საკუთარი ეგოიზმის დათრგუნვას შენი ბედნიერებისთვის.. სწორედ ასეთი დუმილი, ასეთი ღიმილი, ასეთი პატარა დეტალები გვაძლევს საშუალებას დავინახოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანები ვართ სხვა ადამიანებისათვის.. გვახსენებს ვინ ვართ და რამხელა ძალა გვაქვს!
მაინც რა კარგი გრძნობაა როდესაც შენი ესმით..
წვიმამაც გადაიღო…
ანა ბერიძე 🪷