საზაფხულო საკითხავი ზოდიაქოს მიხედვით..

საზაფხულო საკითხავი ზოდიაქოს მიხედვით..
ავტორი: სოფიო ტაბატაძე

ზაფხულია, მივდივართ დასასვენებლად, და იმიტომ, რომ ჩანთაშიც, განსაკუთრებული ყურადღებით შერჩეულ წიგნებს ჩავაგდებთ ხოლმე წასაკითხად, ვიფიქრე, ამ შერჩევის პროცესს შეგიმსუბუქებდით და თქვენივე ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, იმ წიგნებს გავუწევდი რეკომენდაციას, რომლის ქართული თარგმანებიც, მარტივად შეგიძლიათ წიგნის მაღაზიებში მოიძიოთ.

თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს, თავისი უნიკალური ენერგია, განწყობა და პიროვნული თვისებები ახასიათებს; ინტერესებიც – რომანტიკულ, სათავგადასავლო, ისტორიულ, თუ მისტიკურ ჟანრებზე ნაწილდება.. სწორედ ამიტომ, საზაფხულო საკითხავი, ამ მახასიათებლების გათვალისწინებით შევარჩიე და ვფიქრობ, თუ ქვემოთ მოცემული წიგნები ჯერ არ წაგიკითხავთ, აუცილებლად ჩაუჯექით..

დავიწყოთ?

ვერძი 🌸

ვერძ გოგონებს უყვართ ექშენი და სწრაფი ტემპის, იმპულსური თავგადასავლები, ამასთან, ემოციური სიმძაფრე, სიყვარული, ტკივილი და ის სიმამაცე, რომლითაც წრეების გარღვევას ახერხებენ.. შესაბამისად, ვერძი გოგოებისთვის შევარჩიე – კოლინ ჰუვერის ყველაფერი მთავრდება ჩვენით

ეს რომანი მოგვითხრობს ქალზე, რომელზეც მისი საყვარელი ადამიანი ძალადობს.. როგორ იქცევა ქალი ასეთ დროს? რამდენიმე პასუხი შეიძლება გაეცეს ამ შეკითხვას – პოლიციას ატყობინებს; ითმენს იმ იმედით, რომ ეს აღარ განმეორდება; საკუთარ თავს ადანაშაულებს; ქმარს ეყრება; ან საერთოდაც საკუთარი ხელით უსწორდება მოძალადეს.. სხვადასხვა მსხვერპლს სხვადასხვა პასუხი აქვს..

კურო 🌸

კუროს გოგონები ცნობილები არიან მიზანდასახულობით, ემოციური სიღრმეებით, სილამაზისა და კომფორტის მოყვარულობით.. მათ მოსწონთ სასიყვარულო ისტორიები აუჩქარებელი რომანტიკით და პერსონაჟებით, რომლებიც აფასებენ ცხოვრებაში დახვეწილ ნივთებს.. შესაბამისად, კუროს გოგოებისთვის შევარჩიე – დაფნა დიუ მორიეს “რებეკა

ეს რომანი მოგვითხრობს იმ ქალის ისტორიას, რომელიც ახალგაზრდა ინგლისელ არისტოკრატს ცოლად მიჰყვება და მასთან ერთად საგვარეულო მამულში გადადის საცხოვრებლად, თუმცა, მალევე, პატარძლის ბედნიერებას – ბნელი და მძაფრი ემოციები ანაცვლებს.. ამ უზარმაზარ სახლში მხოლოდ ადამიანები კი არა, კედლებიც ძველ დიასახლისს მისტირიან..

ტყუპები 🌸

ტყუპების გოგონები ცნობილები არიან თავიანთი მახვილგონივრული, ცნობისმოყვარე, ხალისისა და ამასთან მანიპულაციების მოყვარულობით.. მათ მოსწონთ სასიყვარულო ისტორიები მრავალფენიანი სიუჟეტებით, ინტრიგებით, მუდმივ მოძრაობასა და განვითარებაში მყოფი ამბებით – გეოგრაფიულად თუ ემოციურად.. შესაბამისად, ტყუპების გოგოებისთვის შევარჩიე – პიერ შოდერლო დე ლაკლოს “სახიფათო კავშირები

ეს რომანი მოგვითხრობს იმ ქალის ისტორიას, ვინც არ ამბობს უარს უზნეო მამაკაცთან ურთიერთობაზე, შემდეგ კი, მისივე მსხვერპლი ხდება.. როგორ შეუძლია ნიღბიან ადამიანს თამაში? როგორი ფსიქოლოგია აქვს გარყვნილ ქალს? მამაკაცს? როგორია სახიფათო თამაშების ფსიქოლოგია?

კირჩხიბი 🌸

კირჩხიბი გოგონები ღრმად ემოციურები, ნოსტალგიურები, სათუთები და ამასთან ძალიან ინტუიციურები არიან.. მათ იზიდავთ ისტორიები, რომლებიც სულიერი, სენტიმენტალური ან ოჯახზე ორიენტირებულია — ხშირად თავდადების, მსხვერპლის და გამოუთქმელი ლტოლვით დახუნძლული თემებით.. შესაბამისად, კირჩხიბის გოგოებისთვის შევარჩიე – ჯოჯო მოიესის “ვარსკვლავთა მბოძებელი”

ეს რომანი მოგვითხრობს იმ კეთილშობილ, თავდადებულ ქალებზე, მათ ბრძოლასა და უდიდეს, უკვდავ სიყვარულზე, რომლებსაც სიძნელეები ვერაფერს აკლებს.. ქალებზე, რომლებიც უმკლავდებოდნენ ოჯახის წევრების წინააღმდეგობას და აგრესიას, ურთულეს გზებს, მთვრალ და მოძალადე მამაკაცებს, და არც ერთი წუთით არ იხევდნენ უკან..

ლომი 🌸

ლომი გოგოები ქარიზმატული, ერთგული, ექსპრესიული და ვნებიანები არიან.. იზიდავთ და სიამოვნებთ კაშკაშა, მდიდრულად დახატული სამყაროები და დრამატული სასიყვარულო ისტორიები – ძლიერი, ელეგანტური პერსონაჟებით.. შესაბამისად, ლომი გოგოებისთვის შევარჩიე – პროსპერ მერიმეს “კარმენი”

ეს რომანი მოგვითხრობს თავისუფალ და ვნებიან ბოშა ქალზე, რომლის დამორჩილებასაც ვერცერთი მამაკაცი ვერ ახერხებს.. ეს არის დრამატული ინტენსივობით დახუნძლული, დაუვიწყარი ისტორია იმ წყვილზე, რომელიც პირდაპირ გაჩვენებს, როგორ შეიძლება ვნებით და ეჭვიანობით შეპყრობილმა ადამიანმა გაინადგუროს საკუთარი თავიც და სხვებიც თან გაიყოლოს..

ქალწული 🌸

ქალწული გოგონები ყურადღებიანი, ინტელექტუალურები, დაკვირვებულები და ემოციურად ღრმად ჩახედულები, თუმცა ხშირად თავშეკავებულები არიან.. მათ იზიდავთ სიყვარულის ისტორიები ინტროსპექტული პერსონაჟებით, მორალური სირთულეებით, მდუმარე ინტენსივობით მიმდინარე რომანები.. ისინი, ფანტასტიკას – რეალიზმს ამჯობინებენ, დრამას – ხასიათს, ხოლო სანახაობას – არსებითს.. შესაბამისად, ქალწული გოგოებისთვის შევარჩიე – შარლოტა ბრონტეს “ვილეტი”

ეს რომანი მოგვითხრობს იმ ქალზე, რომელსაც არც ფული აქვს და არც ნათესავები ჰყავს.. სამაგიეროდ მიღებული აქვს კარგი განათლება, აქვს ძლიერი ხასიათი და სხარტი აზროვნება, რაც საკმარისია იმისათვის, რომ მარტო გაემგზავროს სასურველი ცხოვრების საძიებლად.. გზად კი ორ, სრულიად განსხვავებულ მამაკაცს გადაეყრება.. პირველი თბილ სიმპათიას იწვევს მასში, მეორე – ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობების მთელ კონას.. რომელს აირჩევს? იქნებ, არცერთს..

სასწორი 🌸

სასწორ გოგოებს მართავს ვენერა – სიყვარულის, სილამაზის, ხელოვნებისა და ჰარმონიის პლანეტა.. მათ ბუნებრივად იზიდავთ ელეგანტური, ემოციურად მდიდარი, სამართლიანი და სიყვარულით გაჯერებული ისტორიები, ძლიერი რომანტიკული თემებით, ამასთან, რთული პერსონაჟებითა და სოციალური ნიუანსებით.. შესაბამისად სასწორი ქალებისთვის შევარჩიე – ედუარდ მორგან ფორსტერის “ოთახი ხედით”

ეს რომანი მოგვითხრობს ახალგაზრდა, შთამბეჭდავი ქალის ისტორიას, რომელიც ნაზი, თავაზიანი არსებიდან, გარდაიქმნება თვითშეგნებულ და გაბედულ, დამოუკიდებელ ქალად.. თუმცა არ კარგავს რომანტიკულობას, მგრძნობიარეა და ხელმძღვანელობს შინაგანი მორალური კომპასით – მაშინაც კი, როცა ეს მისთვის მოუხერხებელია.. სოციალური მოლოდინები, ადამიანის ემოციური გამოღვიძება და არჩევანი კონფორმიზმსა და ნამდვილ სიყვარულს შორის..

მორიელი 🌸

მორიელი გოგონები ცნობილები არიან ემოციური ინტენსივობით, სექსუალობით, საიდუმლოებებისა და სიყვარულის ბნელი კუთხეების მიმართ აღფრთოვანებით.. მათ იზიდავთ ისტორიები, რომლებიც ვნებიანი, საიდუმლოებით მოცული, ფსიქოლოგიურად რთული ან თუნდაც ტრაგიკულია.. მათ არ ეშინიათ გულისტკენის – მთავარია, რომ ეს აზრიანი იყოს.. შესაბამისად, მორიელი გოგოებისთვის შევარჩიე – იენ მაკიუენის “მონანიება”

ეს რომანი მოგვითხრობს წყვილის ისტორიას, რომელიც ფსიქოლოგიურ შრეებსა და ტრაგიკულ სილამაზეებში – სიყვარულის, ღალატის, დანაშაულის გრძნობისა და გამოსყიდვის შემაძრწუნებელ ისტორიაში გატარებს, და გიღწერს, როგორ ცვლის ერთი ტყუილი, ერთი შეცდომა შეყვარებული წყვილის ცხოვრებას სამუდამოდ..

მშვილდოსანი 🌸

მშვილდოსანი გოგონები გამოირჩევიან თავისუფალი სულისკვეთებით, თავგადასავლების მოყვარულობით, სითამამით და ფილოსოფიური მიდგომებით – სიყვარულის მიმართაც კი.. ისინი ემოციურად ინტელექტუალურ სასიყვარულო ისტორიებს ეძებენ, რომლებიც სხვადასხვა აღმოჩენებითაა გაჟღენთილი.. მათ არ იზიდავთ სიყვარული, რომელიც სტაგნაციას განიცდის, მათ იზიდავთ სიყვარული, რომელიც სულს აფართოებს.. შესაბამისად, მშვილდოსანი გოგოებისთვის შევარჩიე – გრეგორი დევიდ რობერტსის “შანტარამი”

ეს არის რომანი თავისუფლების, ამბოხისა და სიყვარულის შესახებ, რომელიც გიღწერს, რომ რომანტიკამ სული უნდა გააღვივოს და ცხოვრების მიმდინარეობა შეცვალოს.. გაწვდის სიყვარულს, როგორც ტრანსფორმაციას, ადგილის, დროისა და რწმენის საზღვრებს მიღმა.. წიგნი სავსეა ტანჯვაზე, სამართლიანობაზე, გადასახლებაზე, ბედსა და სიყვარულზე რეფლექციებით..

თხის რქა 🌸

თხის რქა გოგონები ცნობილები არიან თავიანთი დისციპლინირებულობით, თავშეკავებულობით, ერთგულებით, პრაქტიკულობით და დახვეწილობით.. მათ უყვართ მარადიული და ამასთან რეალისტური, პერსონაჟზე დაფუძნებული სიყვარულის ისტორიები; ღრმად გრძნობენ ყველაფერს, თუმცა იშვიათად გამოხატავენ ისეთივე სიღრმით, როგორც განიცდიან.. შესაბამისად, თხის რქა გოგოებისთვის შევარჩიე – კაზუო იშიგუროს “დღის მიწურულს”

ეს რომანი მოგვითხრობს ისტორიას უთქმელ სიყვარულზე, სინანულზე, და აღწერს, თუ როგორ ანადგურებს დრო იმას, რაც მოქმედებაში არ მოგვყავს.. ისმის შეკითხვა – რას ვწირავთ ერთგულების სახელით? რა შეიძლება მომხდარიყო, სხვაგვარად რომ გეთქვა ან გემოქმედა? ეს არ არის ტრადიციული რომანი, არამედ სულისშემძვრელი და მრავალშრიანი სიყვარულის ისტორიაა, რომელიც დროის, კლასისა და შეზღუდვების გავლენის ქვეშაა ჩამოყალიბებული..

მერწყული 🌸

მერწყული გოგონები ცნობილები არიან ნორმებს მიღმა არსებულ სამყაროში ყოფნით, სადაც სილამაზეს უცნაურ ადგილებში ეძებენ.. აფასებენ ორიგინალურობას, როგორც ფორმით, ასევე შინაარსით.. გარშემომყოფებთან ღრმა კავშირის მიუხედავად, თავს დამკვირვებლებად გრძნობენ და არასდროს ჰყვებიან ზედაპირული დრამით ან პერფორმანსით გამოვლენილ სიყვარულს.. მათ იზიდავთ ფიქრის გამომწვევი, ემოციურად მრავალშრიანი, ჭეშმარიტი, უჩვეულო სიყვარულის ისტორიები.. შესაბამისად მერწყური გოგოებისთვის შევარჩიე – ჰარუკი მურაკამის “ნორვეგიული ტყე”

ეს რომანი გვთავაზობს დიდი, აბსტრაქტული კითხვებით – სიცოცხლის, სიკვდილის, ფსიქიკური ჯანმრთელობის, თავისუფლების, სიყვარულის და კავშირის შესახებ მედიტაციებს, ყოველგვარი გადაწყვეტის გარეშე, მხოლოდ რეფლექციებით.. ამ ყველაფერს, კი ახალგაზრდული სიყვარულისა და მწუხარების პრიზმით გვანახებს..

თევზები 🌸

თევზების გოგონები მეოცნებე, პოეტური, მგრძნობიარე და ღრმად რომანტიკულები არიან.. მათ იზიდავთ ლირიული, ემოციური და ტრაგიკული სასიყვარულო ისტორიებიც კი, თუმცა, ამ ისტორიებში, მთავარია თავი გატაცებულად იგრძნონ – მელანქოლიურ სილამაზეში, სულიერ ლტოლვაში, თუ მარადიული ერთგულების სიღრმეებში.. შესაბამისად, თევზების გოგოებისთვის შევარჩიე – მარჯან ქამალის “საკანცელარიო მაღაზია თეირანში”

ეს რომანი მოგვითხრობს დიდი სიყვარულის ამბავს, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების ფონზე ვითარდება.. მოგვითხრობს სიყვარულის უკვდავებასა და ცხოვრების ირონიულობაზე, და იმაზე, თუ, როგორ ადვილად შეიძლება, უახლოეს ადამიანთა წინააღმდეგობამ, არჩეული გზიდან გადაგახვევინოს..

***
სიყვარულზე ყოველთვის წერდნენ და დაწერენ მანამ, სანამ კაცობრიობის სულში ეს სხივი საბოლოოდ არ ჩაქრება.. ამ გრძნობას მარტივად ვერ ახსნი, ისევე, როგორც ვერ განმარტავ შენს თავს, მხოლოდ ზოდიაქოს ნიშნის წამოძახებით.. გვერდები, ფურცლები, თავები, ხანდახან ტომებიც ვერ იტევს განცდილ ემოციებს.. და აუცილებლად, რომელიმე გვერდის წაკითხვისას, სადღაც, რომელიღაც წინადადებაში, იპოვი შენი გულის ამოძახილს.. რატომ? იმიტომ, რომ ამას განვიცდით ყველა ვინც ვართ, ჩვენამდე იყვნენ, თუ მომავალში იქნებიან..

ეს არის ისტორიები, დერეფნები ემოციების ზღვისკენ, სულიერი სილამაზის ძიებისა და პიროვნული ტრანსფორმაციისკენ მიმავალი, ამიტომ, არ აქვს მნიშვნელობა შენი ზოდიაქოს ქვეშ, რომელი წიგნის სათაურს წააწყდები, ის წაიკითხე, რომელიც დაგაინტერესებს.. თუ მაღაზიაში ვერ იპოვი, ციფრული ვერსიები მოიძიე, თუ ქართულად ვერ ნახავ, სხვა ენაზე ცადე, მაგრამ აუცილებლად, ამ ზაფხულს ერთ-ერთი მაინც გაიყოლე..

სიყვარულით,
სოფა 🌸