გქონიათ ისეთი შეგრძნება, რომ არასწორედ იქცევით?
მიგიღიათ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც იცით განსჯის საგანი იქნება?
გამოგიცდიათ სურვილი, რომელიც გგონიათ, რომ არასწორია? ოღონდ არასწორი საზოგადოების თვალით, რომელიც ღრმად არის თქვენს გონებაში ფესვებგადგმული?
სად გადის ზღვარი სხვისი აზრის უარყოფასა და საკუთარი ბედნიერების მიღებაში?
თქვენი აზრით ციფრები მნიშვნელოვანია?
და რას წყვეტს ასაკი, როდესაც საქმე სიყვარულს ეხება?
ყველა საზოგადოებაში ადამიანების აზრს მეტ-ნაკლებად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.. რაღაცნაირად ჩადებული გვაქვს კოდად ადამიანებს, რომ სხვისი აზრი გავლენას ახდენს ჩვენს ქმედებებზე და გადაწყვეტილებებზე.. საზოგადოებაც ხშირად “სარგებლობს”..
დაუწერელი კანონები, საზღვრები და ჩარჩოები გვაქვს, განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, რომელთა გადასვლა ან არ დათანხმება დაუყოვნებლივ ნიშნავს, რომ სწორ და ნათელ გზას გადაუხვიე.. განსაკუთრებით ქალები იღებენ საზოგადოებისგან ტალახს!
ადამიანები ხომ სოციალური არსებები ვართ.. ყველა ადამიანს ხომ ერთნაირად გააჩნიათ ემოციები, გრძნობები, სურვილები და მისწრაფებები? რა მნიშვნელობა აქვს 18 წლის ასაკში გეწვევა სიყვარული, 40 წლის ასაკში თუ 60 წლის ასაკში?
ნუთუ სიყვარული სიყვარული არ არის?
რატომ უნდა განსაჯო ადამიანი სიყვარულის გამო?
ჩვენს საზოგადოებაში ეს რატომღაც სირცხვილად ითვლება..
ხშირად გამიგია ჩემს ირგვლივ რა დროს მისი სიყვარულია, ყველაფერს თავის დრო და ასაკი აქვს და მსგავსი ფრაზები.. ეს მიუღებლობა ხშირია და განსაკუთრებით ქალების მიმართ.. თითქოს ქალები, რომლებიც 30 ან 40 წელს გადასცდებიან, მათ ცხოვრების უფლება არ აქვთ..
ციფრების გარდა თავისთავადი განსჯის საგანია საზოგადოებაში სტატუსი “ქვრივი” ან “განქორწინებული”, არ აქვს მნიშვნელობა ეს სტატუსი 20 წლისამ მიიღე, თუ 60 წლისამ..
ქალებს, რომლებიც განქორწინებულები არიან, ან ქვრივები, საზოგადოება სხვა თვალით უყურებს.. თითქოს მათ უკვე განვლეს ცხოვრება და მაშინ დამთავრდა მათი ცხოვრება, როცა ეს სტატუსი მიიღეს ნებით ან უნებლიეთ.. კიდევ უფრო განსჯადი შეიძლება იყოს, თუ წყვილს შორის ასაკის სხვაობაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქალი დიდია მამაკაცზე.. საზოგადოება ამ ადამიანების ზურგს უკან ვერ და არ იღებენ იმ ფაქტს, რომ მათ აქვთ ცხოვრების, ახალი შანსის და ბედნიერების უფლება!
საზოგადოება სასტიკია, თუ შეგამჩნია რომ ცხოვრებით ბედნიერი ხარ, თუნდაც შენი ბედნიერება წამით გაგრძელდეს.. არ გაგახარებს, არ მოგცემს ფრთების გაშლის და ბედნიერების უფლებას..
ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ საზოგადოების უგულვებელყოფას გარკვეულ საკითხებში.. სხვა ვერ იცხოვრებს ჩვენს მაგივრად.. ასაკი კი არ არის ხელისშემშლელი ფაქტორი, არამედ სხვისი აზრები, რომელთა უგულვებელყოფაც სრულიად შესაძლებელია!
არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხართ, რამდენი წლის ხართ და არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვის სხვა, მთავარი თქვენ ხართ და თქვენი გრძნობები.
ნებისმიერი ურთიერთობა ერთი ადამიანის მეორესადმი წინასწარი შეფასებითა თუ შთაბეჭდილებით იწყება.. რაზეც ცხოვრებისეული გამოცდილება და ადამიანის ემოციური დამოკიდებულება და სიმწიფე მოქმედებს.. ამიტომ აუცილებელია პატარა ასაკიდანვე ბავშვები სხვა ადამიანების მიმართ კეთილგანწყობილად, ჰუმანურად და მიმღებლურად აღვზარდოთ! მაქსიმალურად შევეცადოთ მომავალ თაობას შევუმციროთ ის ტრავმები, ღრმად გადგმული აზრები, რომელიც არასწორია და ვნებს ადამიანებს, რომლებიც ამ საზოგადოებაში შედიან.. ხოლო ჩვენ უბრალოდ უნდა ვიმუშაოთ ჩვენს თავზე, რომ უარვყოთ ის, რაც თავისთავად ვიცით არასწორია.
სიყვარულმა არ იცის არც ასაკი, არც დრო და არც ამინდი!
სიყვარული იმიტომ არსებობს, რომ ადამიანების ცხოვრება დადებითისკენ შეცვალოს, სიკეთით, სინათლითა და ბედნიერებით აავსოს ადამიანი, და თუ თქვენ ეს გრძნობა გეწვევათ არავის და არაფრის გამო არ უნდა თქვათ უარი, რადგან ადამიანს როდესაც უყვარს, ის მზის სხივებივით აფრქვევს იმ სიკეთესა და ბედნიერებას, რომელსაც გრძნობს!
ვიმედოვნებ ადრე თუ გვიან ეს სინათლე თვალით უხილავ ჩარჩოებსაც გაანათებს და შეცვლის დადებითი აზროვნებისკენ..
სიყვარულით,
ნინო ირემაშვილი 🌸