ავტორი: მედი გუმბერიძე
ყველაზე რთული, იმ ადგილას დაბრუნებაა, სადაც ოდესღაც დიდი ისტორია დაიწყო!
რაოდენ ღრმაა ადამიანის გული?! და როგორ შეუძლია წარსული, მწველი, თუმცა მაინც ტკბილი სიყვარული, იმდენად ღრმად გადამალოს, რომ საბოლოოდ თავადაც ვეღარ მიაგნოს?!
რას ვიფიქრებდი, რომ ამდენი წლის შემდეგაც დამხვდებოდი….
ფლორენციის დალოცვლილ მიწაზე პირველად რომ დავდგი ფეხი, იმ წამიდან ვიგრძენი შენი სურნელი… სიყვარულისა და ხელოვნების ქალაქიაო იმდენად მწამდა, რომ ჰაერის სიმსუბუქე, რომელიც ერთი ნახვით სიყვარულით იყო გაჟღენთილი, ამას დავაბრალე.. ვიფიქრე, ამ ქალაქის „უკუჩვენებაა“, აბა უცნობის თვალებს ასე როგორ უნდა ავეფორიაქებინეთქო, მაგრამ….
შენი ხმა….
შენი შეხება….
წვიმიანი დღე იყო მზეს ნაჩვევ ტოსკანაში..
თითქოს ყველაფერი ხელს გვიწყობდა, მე და შენ, ორი უბრალო უცნობი – ერთნი რომ გავმხდარიყავით!
„ქოლგის ქვეშ დადექით, სინიორინა, არ გაცივდეთ!“ „აქეთ მობრძანდით, დასველდებით!“
შემდეგ იყო ლატე…. ჩემი სირცხვილისგან აწითლებული ღაწვები, როდესაც ყავის მაგივრად, ჭიქა რძე მომიტანეს და შენი ჩაცინება..
„წითელი ფერი გიხდებათ, სინიორინა“.
დღეები გადიოდა, წვიმა მზემ, რძე კი ნამდვილმა იტალიურმა ყავამ შეცვალა, მაგრამ შენი ყოველი შემოხედვისას, ჩემი სხეულის უკონტროლო მდგომარეობა უცვლელი რჩებოდა..
„თქვენ მე შეგიყვარდით, სინიორინა.“
„შემიყვარდით?! რაღაც გეშლებათ, ეს მხოლოდ იტალიის ბრალია!“
„თქვენ მე თავდავიწყებით შეგიყვარდით! მე კი იქამდე გავხდი თქვენი, სანამ ამას თავად მიხვდებოდით!“
ჩემი იყავი! დუომოსთანაც, პიტის დიდებულ სასახლეშიც, მედიჩების რეზიდენციაშიც კი.. იცვლებოდა დღეები, ადგილები, ხასიათი, მაგრამ შენ ყოველთვის – „ჩემი იყავი!“.
„ამდენ იტალიელ ლამაზმანს შორის, მე როგორ დამინახეთ?“ „ნუთუ, ასეთია სიყვარული?“ გახსოვს, „პონტე ვეკიოზე“ სიყვარულის ბოქლომები?! „თუ ამ ხიდზე წყვილი ბოქლომს დაკიდებს, მათი გულები ერთმანეთთან სამუდამოდ დაკავშირებული იქნება“ არ მჯეროდა! იმდენად არ მჯეროდა მსგავსი ცრურწმენების, რომ არც კი მიფიქრია გაჩერება და „ჯელატოს“ დასაგემოვნებლად მიმავალი არც შევჩერებულვარ, მაგრამ ხელი მომკიდე, მომაბრუნე…. „დაიჯერე რომ გიყვარს! დაიჯერე, რომ ახლა, აქ ბედნიერი ხარ! ნუ გაურბიხარ ცხოვრებას! ისწავლე მომენტით ტკბობა!“
ბოქლომები, „Per sempre tua, mia signorina! A.L.“
„დრო გავა, ჩვენ შევიცვლებით, შეიძლება ის „ჯელატოც“ თქვენ რომ ასე მოიხიბლეთ აღარ იყოს ამ ადგილას, მაგრამ ეს ბოქლომი წლებს გაუძლებს, ჩემი გული კი სამუდამოდ თქვენი იქნება, სინიორინა!“.
არ მჯეროდა!
ბოლოს შემეშინდა…..
სიყვარულს ვერ დავემორჩლებოდი, მერჩივნა სანამ დრო მქონდა ხელიდან დავსხლტომოდი.. შემდეგ ცრემლები იყო.. არ აღიარებული, მაგრამ ნამდვილი სიყვარულის ცრემლები…
ჰაერი აღარ მემსუბუქებოდა, წვიმის წვეთები აღარ მართობდა და ცეკვის სურვილს არ მიჩენდა..
იმ დღიდან „ჯელატოსაც“ აღარ გავკარებივარ!
40 წელი იყო გასული ბოლო შეხვედრიდან, ქმართან და შვილიშვილთან ერთად მეორედ რომ დავდგი ფეხი ფლორენციის დალოცვილ მიწაზე..
შვილიშვილით ვხარობდი, მისი აღტაცებული თვალების მეტს ვერაფერს ვამჩნევდი… მისით ვივსებოდი იმდენად, რომ სხვა ფიქრი ახლოსაც არ მეკარებოდა, როდესაც….
პონტე ვეკიოზე „ბებია, ბაბუა და მე!“ ისევ ბოქლომები! ბავშვის დაჟინებული თხოვნა, რომ ჩვენი მოგზაურობა ამ მხრივაც გაგვეხადა დასამახსოვრებელი და ბოქლომის შებმისას, ხავს მოკიდებული, ჟანგისგან თითქმის შეჭმულ ბოქლომზე იტალიურად, გაკვრით მიწერილი: „სამუდამოდ შენი, ჩემო სინიორინა! ა.ლ.“
რას ვიფიქრებდი, რომ ამდენი წლის შემდეგაც დამხვდებოდი….
სიყვარულით,
მედი 🌸