ავტორი: ანი ხარაძე
“სიცოცხლე სევდაა, ადამიანად ყოფნის სევდა… სიკვდილიც სევდაა, ადამიანად არყოფნის სევდა” – გოდერძი ჩოხელი
ნეტა გოდერძი ჩოხელი, თუ იქნებოდა ის გოდერძი, სულის სიღრმისეულ სიმებს, რომ ჩასწვდებოდა ხოლმე და ააჟღერებდა, ბავშვობიდანვე უდარდელ ინდივიდად რომ აღეზარდათ?!
მაინც რა იწვევს ადამიანში გაკეთილშობილების პროცესს?
რატომ გვხვდება ხოლმე, რეალურ ცხოვრებაში, გამორჩეულად ემფატიური ადამიანები, რომლთაც აღტაცებაში მოვყავართ მათი სუფთა გულის გამოისობით?
ამ საკითხზე მსჯელობისას, ბევრ ფაქტორზე დავფიქრდი.. რათქმაუნდა გენეტიკა და თავისუფალი ნება ძირეულ წილს იკავებს, თუმცა აღზრდის მეთოდი, დამეთანხმებით არანაკლები მნიშვნელობის მოასპარეზეა..
დღეს დაამკვიდრეს აზრი, რის თანახმადაც ბავშვი უნდა გაიზარდოს კოლბაში, მინიმალური ემოციებითა და შეგრძენებებით.. ამ მიდგომას ამართლებენ იმით, რომ ბავშვი არ უნდა დაისტრესოს, რაც თავისი შინაარსით მშვენიერია, თუმცა მეთოდების ავკარგიანობა წლების შემდეგ ამოყოფს თავს..
მე როგორც შვილების დედა, მაქსიმალურად ვცდილობ პატარების ფსიქიკას გავუფრთხილდე, თუმცა…
ყველა მშობელს აქვს თავისი შვილის განვითარებისა და ჩამოყალიბების მისიული ხედვა.. რომელშიც უნდა განვსაზღვროთ, როგორ ადამიანებად გვსურს მათი აღზრდა..
თუ მიზანი ის არის, რომ გაიზარდოს გულკეთილ პიროვნებად, მაშინ ამ მახასიათებელის უმთავრესი ინდიკატორი სხვა, სულაც უცნობი ადამიანების შეყვარებაა..
ჩემი აზრით, ადამიანი, სხვა ადამიანის სიყვარულს პირველ რიგში მისი სევდის გაზიარებისას სწავლობს.. თუმცა, თუ თავად არ იცნობ სევდას, როგორც გრძნობას, მაშინ სხვაში ამ გრძნობის დანახვა შეუძლებელია..
ჩვენ უნდა მივაჩვით ჩვენს შვილებს ფიქრი.. საკუთარ თავთან დარჩენა და სხვადასხვა საკითხებზე თუნდაც დასევდიანება, სხვისი თვალით სამყაროს დანახვა.. სხვისი ტკივილის შეგრძნება..
ყველაფერში ოქროს შუალედი რომ არის დასაცავი ცხადია, თუმცა ადამიანად ჩამოყალიბება, არც ასკინკილაზე მუდმივი ხტომაა და არც სურვილების შემსრულებელ ჯინად ქცევა..
გვსმენია გამწარებული მშობლის სიტყვები: “რა დაგაკელი შვილო?!”..
პირველ რიგში, სწორედ ზედმეტი ძალისხმევაა აქ დამნაშავე, რომ ჩვენი პატარა სხვისი განსაცდელის გულთან მიტანით არ გაიზარდა..
სულ მცირე დოზით, პაწაწუნა სევდებით ჩვენ მომავალ გოდერძი ჩოხელებსა და მასზე უკეთესებს გავზრდით..
ერთმანეთზე ზრუნვაც ხომ აქედან მოდის..?
თუ არ დავფიქრდით, რომ სხვას შეიძლება რაიმე უჭირდეს.. თუ არ დავსევდიანდით ამაზე და არ ვიფიქრეთ, როგორ მივხვდებით სხვის საჭიროებებს?
თუ იმასაც ვერ მივხვდით, როგორ ტკივა მას იმ მომენტში, როგორი დაღონებულია.. ხომ არ ეცდებით საკუთარი თავის მასხრად ქცევას, რომ როგორმე გაამხიარულოთ და სიცოცხლის პულსი აუმუშაოთ? გააღიმოთ და გაათბოთ?..
ამიტომაა საჭირო, მშობლის მუდმივი დიალოგი პატარასთან, ურთიერთობა..
პირველ რიგში, მშობელი უნდა იყოს მისი ავტორიტეტი, ისინი ხომ ჩვენგან იღებენ მაგალითს?!
პატარას ფსიქიკას ხშირად პლასტელინს ადარებენ.. თუ პლასტელინი ხელში არ გაათბე შეხებით, ის არ ხდება დამყოლი.. სასურველ ფორმას ფიზიკურად ვერ მისცემ.. ბავშვის ბუნებაც სწორედ ასეთია..
გინდაც ფოლადი, თუ არ დაიწვა და დადნა, ვერ გამოიწრთობა..
ამიტომ ”მიეცით ნიჭსა გზა ფართე”… შევეცადოთ ემოციებით სავსე ცხოვრება ვანახოთ პატარებს, სადაც სევდასა და მწუხარებასაც ექნება ღირსეული ადგილი!
სიყვარულით,
ანი