პარიზში ყოფნისას, ყოველ დილას ფრანგული ჰანგებით ვიწყებდი.. (კლიშე!) და ერთ დღეს, ედიტ პიაფის შესანიშნავი ჰანგის „La vie en rose”-ის მოსმენისას აღმოვაჩინე, რომ მათ თითოეულ სიმღერაში მართლა იგრძნობდა ვნებას ადამიანი..
შეიძლება, შეყვარებულიც კი გახსენებოდა ვინმეს ამ მელოდიებზე ან თუ სატრფო არ ჰყავდა- სიყვარული მონდომებოდა, მაგრამ…
წამოსვლის დღეს, ფრანგული ჰანგებისგან დაღლილმა, ქართული, ჩვენებური სიმღერებით, რომ დავიწყე დილა, იცით, რას მივხვდი?!
ჩვენ რომ გვიყვარს, ისე არასდროს, არავის ჰყვარებია!
თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველო – როგორც ღვინის, ისე სიყვარულის სამშობლოა!
აქ შეუყვარდა გალაკტიონს მერი, რომელსაც შორიდან, თუმცა მაინც ეტრფოდა ძლიერ, ისევე, როგორც მეფე გიორგის უყვარდა შორენა და მზად იყო ყველაფერი დაეთმო სიყვარულისთვის..
კახი კავსაძესაც ქართულად, თავდავიწყებით უყვარდა ბელა მირიანაშვილი ისე, რომ სიკვდილმაც კი ვერ შეძლო მათ გრძნობასთან შერკინება და მიუხედავად ცოდვისა და ცუდისა, მოდი, ონისეც ვახსენოთ, რომელსაც ტრფობა იყო თუ ვნება, ძიძიას ალი სწორედ აქ სწვავდა გულს..
ეს კიდევ რა არის….ყველა იმ სიყვარულის ისტორიისა და ლეგენდების თხრობა რომ დავიწყო, რომელიც აქ, ამ დალოცვილ მიწაზე დაბადებულა – მერწმუნეთ, ეს ცხოვრება არ გვეყოფა…
ქართული სიმღერების ტექსტებს დაკვირვებიხართ?!
შეგიმჩნევიათ, ის სინაზე, რომელიც ამ სიტყვებს მუდამ თან სდევს?!
ოდესმე, იმ ძველ, სათაყვანებელსა და ტკბილ ჰანგებში უხამსი ტრფობა, ანდაც ქალის შეურაცჰყოფა შეგინიშნავთ?!
უსმინეთ, ყური დაუგდეთ…..
“მინდვრად დაგიჭერ პეპელას
თუ გამოდგება მარაოდ
ჩამოგაფარებ სახეზე
და მზისგან დაგიფარავო”
ყველაზე ლამაზია სიყვარულის ენა!
კაცს ისე აამღერებს, ისეთ სიტყვას ათქმევინებს, არა თუ მიჯნურის, არამედ უბრალო ხალხის გულსაც რომ მოაგებინებს.. ხედავთ?!
სატრფოს ნაზი და ლამაზი სახის შესაფერისად მხოლოდ პეპელა მიაჩნია, გამიჯნურებულს, რადგან ქვეყნად არაფერი მოიძებნება ისეთი ფაქიზი, ისეთი ლამაზი, როგორიც ეს საოცარი არსებაა..
“მის ჩრდილ ქვეშ ერთხელ გაკოცებ
თუ ერთხელ კოცნა კმარაო
მინდვრად დაგიჭერ პეპელას
თუ გამოდგება მარაოდ დელია”
ტექსტში სიყვარული ერთობ ხატოვნად, ნაზად, თავშეკავებულად იშლება..
“თუ ერთხელ კოცნა კმარაო დელია…” თითქოს კითხვას გვისვამს არა იმაზე, ერთი ამბორი რამდენად საკმარისი იქნება მისი ჟინისა და ვნების დასაოკებლად, არამედ იმის შესახებ, თუ რამდენად კმარა ერთი უბრალო ჟესტი იმ გრძნობის სრული სიდიადის გადმოსაცემად, რასაც სატრფოს მიმართ განიცდის!
“მინდვრად დაგიჭერ პეპელას დელია” კი ხაზს უსვამს სიყვარულის სილაღესა და თავისუფლებაზე და გვაჩვენებს, რომ შეყვარებული ადამიანი ისეთივე ანცი და ლაღია, როგორიც ახლად წამოჩიტული ყმაწვილი..
“იცოდე ყველა ასაკში
გული რომ მხოლოდ გულია
და სიყვარულთან თამაში
სასტიკად აკრძალულია”
აქ კი, უკვე ავტორი სათქმელს არა შეფარვით და გალამაზებით, არამედ პირდაპირ გვიხატავს და გვაფრთხილებს, რომ სიყვარული სათუთია, მოსაფრთხილებელია და რომ მასთან თამაში სასტიკად აკრძალულია!
ახლა გესმით, რას ვგულისხმობდი, როცა ვამბობდი, რომ ქართველებს სხვანაირი სინაზითა და სიფაქიზით გვიყვარსთქო?! ახლა გჯერათ ჩემი, რომ საქართველო – სიყვარულის სამშობლოა?!
მერწმუნეთ!
ამ ქვეყანაში იბადებოდნენ სიყვარულით!
იბადებოდნენ და შემდეგ ხშირად ეწირებოდნენ კიდეც ამ გრძნობას, ზოგი ფიზიკურად და ზოგიც სულიერებით, მაგრამ ასეა თუ ისე, ფაქტი ერთია – ჩვენ რომ გვიყვარს, ისე არასდროს, არავის არ ჰყვარებია!
მედი გუმბერიძე 🌸