გუშინ ერთი ბიჭი გავიცანი.. მომეწონა..
ერთი კვირაა, რაც იმ ბიჭს ვიცნობ და ვფიქრობ, ოცნების პრინცი შემხვდა!
ერთი თვე გავიდა და ჩვენ ყოველდღე ვწერთ ერთმანეთს.. მიკვირს, როგორ შეუძლია ჩემს შესახებ ყველა დეტალი ასე ზუსტად ახსოვდეს.. ერთი თვეა ჩემი ცხოვრება მშვენიერია!
ხუთი თვე გავიდა, რაც ბიჭი გავიცანი.. დღეს, ზუსტად ხუთი თვის თავზე, გრძნობებში გამომიტყდა, მითხრა, რომ უჩემოდ ცხოვრება არ უნდა.. თავი სამყაროში ყველაზე ბედნიერი ქალი მგონია! მე ის ვიპოვნე!
უკვე ორი თვეა, რაც ერთად ვართ და ის კვლავ უწინდებურად აგრძელებს ჩემი ყოველი დღის გაბრწყინებას.. ოჯახს გავაცანი, ყველა აღფრთოვანებულია მისით..
რამოდენიმე დღის წინ, ერთად ყოფნის ნახევარი წელი შეგვისრულდა და სოციალური ქსელიდან ყველა მამრობითი სქესის მეგობარი წავშალე.. მართალი იყო, მესმის მისი.. ჩვენი ურთიერთობის სიმყარისა და უსაფრთხოებისთვის ასე იყო საჭირო! ის მე მიცავს, გარშემო უამრავი მანიაკია..
დღეს მეათე თვეა გასული, რაც ერთად ვართ..კაბებს იმ სიხშირით აღარ ვიცვამ, როგორც ადრე.. განა რამე, ისევ ჩემივე უსაფრთხოებისთვის..
წელიწადი და ერთი თვე გავიდა და დღეს პირველად ვიჩხუბეთ! მკლავზე ოდნავ სილურჯე ისევ მემჩნევა.. არაფერი იფიქროთ, უბრალოდ ძალა ვერ მოზომა გაცხარებულზე..
წელიწადის და შვიდი თვის თავზე დაშორება გადავწყვიტე! ხელის კანკალით ავკრიფე ტექსტი, სადაც ყველაფერს ვპატიობდი და უჩემოდ ბედნიერებას ვუსურვებდი.. ვიცი, რომ ადამიანებს ერთი შეტყობინებით არ შორდებიან, მაგრამ პირადად ვერ ვეტყოდი, არ ვიცი თავს რამდენად გააკონტროლებდა.. მიპასუხა, „მშვიდობით, ბედნიერებას გისურვებ. ჩემს ცხოვრებას აზრი აღარ აქვს, მამაჩემის საფლავზე მივდივარ“-ო.
შემეშინდა!
ვურეკავდი – არ მპასუხობდა – ვურეკავდი!
ბოლოს მის მეგობარს დავუკავშირდი.. განადგურებული იყო, საკუთარ თავს არ გავდაო მითხრა..
სასაფლაოზე წავედი!
უკუნითი სიბნელე იყო, თითქოს მთვარეც ჩემს ჯიბრზე დამალულიყო..
იქ იყო, მამამისის სურათთან ჩამუხლული რაღაცას ჩურჩულებდა.. რომ დამინახა, წამოდგა.. ჩემი ხელები თავისაში მოიქცია.. მევედრებოდა, მაპატიეო! ხელის გულებს მიკოცნიდა, ტიროდა! არაკაცი ვარ, უშენოდ ვერ ვიცოცხლებო..
ვაპატიე!
მეორე თვე დაიწყო რაც შევრიგდით და უკვე სამჯერ მეცვა გრძელმკლავიანი მაისური მწველ აგვისტოში.. ამჯერად აუცილებლად დავშორდები!
ისევ მივწერე, ასე ვეღარ გავაგრძელებთ, მე მეტის ატანა აღარ შემიძლიათქო..
მალევე დამირეკა, ჩამოდიო.. არ ჩავედი!
მომწერა, შენც და შენს ოჯახს სახლში ამოგწვვავთ, თუ არ გამოხვალ და თავსაც მოვიკლავო.. გავედი!
კვლავ იგივე! „მიყვარხარ!“ „უშენოდ ჩემს ცხოვრებას აზრი არ აქვს!“ „შენ თუ წახვალ, მოვკვდები!“
ვერ გავიმეტე! ვუყვარვარ! თავი რომ მოიკლას? ერთად გადავლახავთ ამ პერიოდს, გამოსწორდება!
მაპატიე…….
ყველაზე ძნელია, როცა პატიებას საკუთარ თავს თხოვ.. მაპატიე, რომ მისი „მიყვარხარ!“ ყველაფერს მავიწყებდა, მაპატიე, რომ არ მინდოდა მისთვის ზიანი მიმეყენებინა, მისი ცუდად ყოფნის მიზეზი ვყოფილიყავი..
მაპატიე, რომ მის გაცეცხლებულ თვალებში სიყვარულის ნაპერწკლებს ვხედავდი ყოველ ჯერზე..
მაპატიე, რომ ამ გრძნობას შეგწირე!
შენ უკვე ვეღარ გიშველი, მაგრამ უკანასკნელად გთხოვ………
მაპატიე!
მედი გუმბერიძე 🌻