სიყვარულის მაგია..

სიყვარულის მაგია..
ავტორი: მედი გუმბერიძე

ბებია ხშირად მიმეორებდა, როცა გაიზრდები, პარიზში წადი და ის სიყვარული იპოვე, წლების წინ კაფე დე ფლორში რომ დავკარგეო..
ბავშვობაში მისი სიტყვების მნიშვნელობა არ მესმოდა, მაგრამ გავიზარდე…

პარიზში ჩასვლის პირველივე წამს ბერეტი მოვირგე, წითელი ტუჩსაცხი წავისვი და ეიფელის კოშკისაკენ გავეშურე.. ზედმეტად სტერეოტიპულია, არა?! ხელში ბაგეტი ან კრუასანი მაკლდა სრულ „ფრანგობამდე”, თუმცა ავტობუსში ასვლისას მოლოდინი გამიცრუვდა.. ფრანგების უმეტესობა სპორტულ ან ყოველდღიურ ტანსაცმელში იყო გამოწყობილი.. ჩემი წარმოდგენა, რომ პარიზის ქუჩები სავსე იქნებოდა ზოლიანი მაისურებით, წითელი ბერეტებითა და ბაგეტით ხელში მოსეირნე ქალებით და რომელიმე ქუჩის კუთხეში თვით კოკო შანელიც შემომხვდებოდა, ფუჭი აღმოჩნდა..

სანამ ბებიას რჩეულ “კაფე დე ფლორს” ვესტუმრებოდი, მონმარტრისაკენ ავიღე გეზი.. მისივე მონათხრობიდან ვიცოდი, რომ ეს იყო ადგილი, სადაც რომანტიკა და ისტორია ერთმანეთს იდეალურად ერწყმოდა.. ვიწრო ქუჩები სავსე იყო ფრანგი მხატვრებით.. მათი ფუნჯების ყოველი მოსმა კი თითქოს ჰაერში დატოვებულ სიყვარულს ეძღვნებოდა..

და აი, ადგილი, რომლის ნახვაც ასე მინდოდა – „სიყვარულის კედელი“.. სხვადასხვა ენაზე  დაწერილი ერთადერთი წინადადება -“მე შენ მიყვარხარ“.

„ტურისტი ხართ?“„არა, საიდან მოიტანეთ.”— სიცრუე! „ბერეტსა და წითელ ტუჩსაცხზე გეტყობათ!“— ჩაიცინა უცნობმა.. ოხ, ეს ფრანგები!

„აქ რაღაც არის… თითქოს მაგიური.” — გარემოთი მონუსხულმა ძლივს წარმოვთქვი.

„დიახ, სწორედ აქ იწყება სიყვარული“ — ჩურჩულით მიპასუხა და გაუჩინარდა!

კაფე დე ფლორში ცხელი შოკოლადის, ახლადგამომცხვარი კრუასანისა და რაღაც უცხო, ზედმეტად მიმზიდველის სურნელი ტრიალებდა.. ფრთხილად მოვათვალიერე გარემო – ხმაური, სიცილი, დიდი ისტორიის მატარებელი კედლები და… ის?!

„Bonjour, mademoiselle. Vous désirez? (გამარჯობა, ქალბატონო. რას შეუკვეთავთ?)“ — ეს ხმა! მელოდიური, ნაცნობი, მაგრამ მეტად გაბედული..

„Vous? (თქვენ?)“

„Oui, nous nous retrouvons ici. (დიახ, ისევ შევხვდით აქ.)“

„აქ მუშაობთ?“

„C’est un lieu spécial, non? (განსაკუთრებული ადგილია, არა?)“ — მშვიდად მიპასუხა „თქვენი ბებია მართალი იყო. ამ ადგილს აქვს ძალა, დაკარგული სიყვარული დაგიბრუნოს, ან ახალი გაპოვნინოს.“

გული ამიჩქარდა. „შენ… საიდან იცი ბებიაჩემის შესახებ?“

შემომხედა, ჩემსკენ დაიხარა და ჩამჩურჩულა – „Chaque histoire commence à Montmartre, avec une touche de magie.” (ყოველი ისტორია მონმარტთან იწყება, მცირეოდენი მაგიით)“ 

ცხელი შოკოლადი რომ მომიტანა, კიდევ ერთხელ შემომხედა და ოდნავ ჩაიღიმა:

„Bienvenue à Paris, où tout est possible. (კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პარიზში, სადაც ყველაფერი შესაძლებელია.)“

ნუთუ, სიყვარული სწორედ იქ გხვდება, სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდები?!

პარიზში მხოლოდ იმისთვის ჩამოვედი, რომ ბებიის უკანასკნელი თხოვნა შემესრულებინა, მაგრამ სინამდვილეში, საკუთარ სიყვარულს შევხვდი… ცხოვრებაში ყოველ ნაბიჯს აქვს თავისი მიზეზი, შედეგი და როგორც აღმოჩნდა, სადაც სიყვარულია, იქ ნამდვილად არის მცირეოდენი მაგია..

სიყვარულით,
მედი 🌸