სიყვარულის ტაძარი ❣️

სიყვარულის ტაძარი ❣️

შენ რომ არა, არ ვიცი დღეს სად ან როგორ ვიქნებოდი…

ყოველთვის ვიცოდი, რომ ძლიერი ქალი ვიყავი, თუმცა მაშინ, როცა ცხოვრების ყველა დარტყმა ერთდროულად მივიღე – შემეშინდა!
ყველასა და ყველაფერში ეჭვის შეტანა დავიწყე, აღარავის ვენდობოდი..
ვფიქრობდი, რომ მთელი სამყარო ჩემს წინააღმდეგ იყო..

შემდეგ  შენ გამოჩნდი….
დამამშვიდე!
ცხოვრების გზა მაპოვნინე! 

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოჯახი და „რუტინული ცხოვრება“ ის იყო, რაც მე მჭირდებოდა..
ყოველთვის მეამბოხე, ბობოქარ გოგოდ ვხედავდი საკუთარ თავს და მეშინოდა კიდეც, ოდესღაც რომ შემიყვარდება, ოჯახის შექმნას გადავწყვეტ, როგორ უნდა გავუძლო ყოველდღიურობასთქო, მაგრამ შევცდი….

იმ პერიოდში, სული შემოდგომის წვიმებისგან გაშმაგებული, ზღვასავით მქონდა აბობოქრებული.. იმდენად მტკიოდა, იმდენად დაშლილი ვიყავი, რომ ცუდსა და კარგს, ტყუილსა და მართალს, არა თუ ვერ, არამედ-აღარ ვარჩევდი!

განზრახული მქონდა, რომ მთელი სამყარო მტრად მიმეჩნია, ქვასავით უგრძნობი ვყოფილიყავი და აღარ მეტკინებოდა… ასეც იყო!
ქვა გავხდი, რკინად ვიქეცი!

ცხოვრებისთვის თავი არასდროს დამიხრია, ყოველთვის რქებით ვაწვებოდი, გამქონდა ჩემი თავი, ვიბრძოდი!
საკმაოდ პატარა ასაკში ცხოვრების ყველა სისასტიკე საკუთარ თავზე ვიწვნიე და ჭრილობების შეხორცების მაგივრად, გულის კარების შეხორცება, ჩარაზვა დავაპირე….

შენმა სხივებმა ჩემი გაყინული გული ერთიანად გაადნო, ცხოვრებით ტკბობის, სამყაროს ფერების აღქმის უნარი დამიბრუნა..
შენ! არა ისეთი, როგორიც წარმომედგინე – მოხვედი და სიცოცხლე თავიდან მაჩუქე..  

შენ – არა ჩემი მსგავსი!
შენ – არა „ოცნების პრინცი“!
შენ – არა მგზავრი, რომელიმე ერთი გზისა!
ჩემი სულის ტაძარი გახდი!

იცი, რა ძალა აქვს სიყვარულს?!
მას ისევე შეუძლია გაგაბოროტოს, ეშმაკთან ფიცი დაგადებინოს, როგორც სამოთხის სიტკბო გაგემოს და ცოდვის მორევის კიდეზე მდგარი – გადაგარჩინოს! 
გამიმართლა! 

ხო, არ გაგეცინოს, ძალიან გამიმართლა, რომ შენ შეგხვდი! 

იცი?! ცხოვრებაში ბევრი შემხვედრია სიყვარულისგან გაბოროტებული, ჭკუა დაკარგული, დამძიმებული.. და შეიძლება ესეც იყო ერთ – ერთი მიზეზი, რის გამოც ამ გრძნობას ვუფრთხოდი.. 

მეგონა, სიყვარული მხოლოდ „ტოქსიკური“ იყო!
მეგონა, რომ მისი შხამი ბოლოს მომიღებდა, მაგრამ თურმე ყველაფერი ასე ცუდად როდია…

იცი, რაში დავრწმუნდი? მთავარი ის არის, რამდენად „შენი ადამიანია“ შენი ქმარი, რადგან, როდესაც ცხოვრებაში შენი ადამიანი გხვდება, იქ ყველა პრობლემა უფერულდება! 

გახსოვს, თავიდან რამდენი სირთულე გვქონდა?!
გახსოვს, ის დღეები, ათასგვარ პრობლემაზე ღელვაში თავზე, რომ გვათენდებოდა?!
ჩემთვის ის მოგონებებიც ისეთივე ტკბილია, როგორიც ახლანდელები, რადგან მიუხედავად ყველა სირთულისა, ჩვენ ერთმანეთისთვის ხელი არცერთი წამით არ გაგვიშვია! 

მოხვედი მაშინ, როცა საკუთარი თავისაც კი აღარ მჯეროდა და სიცოცხლის არსში დამაჯერე!მოხვედი მაშინ, როცა სული ნაწილ-ნაწილ მეფლითებოდა და ფარვანასავით ფერფლიდან ამაფრინე!მოხვედი და გულში სიყვარულის მარადიული სანთელი ამინთე!
მოხვედი და ამ გრძნობით – გადამარჩინე!

სიყვარულით,
მედი გუმბერიძე 🌸