დავიწყოთ იმით, რომ.. რომ არა სიყვარულის უნარი, რომელიც ადამიანს ადამიანად აქცევს, კაცობრიობა ალბათ დიდი ხნის წინ გადაშენდებოდა..
სიყვარულის უნარი, თავის მხრივ, სხვა უნარების მსგავსად შესაძლებლობების სახით არსებობს ყველა ადამიანში! თუმცა, ის აუცილებლად საჭიროებს გამოხმობას და გამოღვიძებას, გაძლიერებას..
სიყვარულის უნარი საწყის ეტაპზე, მეტისმეტად მოწყვლადი და მგრძნობიარეა, ამიტომ, მისი განვითარების პროცესი განსაკუთრებულ სიფრთხილეს და ყურადღებას მოითხოვს, ეს ყველაფერი ბავშვობიდან მოდის.. ამიტომ, მშობლებო, იმისთვის, რომ არ დაუზიანოთ თქვენს შვილებს სიყვარულის განცდის და გამოხატვის უნარი ზრდასრულობაში, ყურადღებით მოეკიდეთ ამ ფაქტორს ბავშვის აღზრდის პროცესში..
თუმცა, ამ ბლოგში ბავშვებს არ ვეხებით!
სიყვარულის განცდა, მთლიანად დამოკიდებულია პიროვნების გრძნობების სიღრმესა და სიმწიფეზე.. სიყვარულის უნარი, გვაძლევს არჩევანის და გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, თუმცა ნუ მივიღებთ ამ ყველაფერს გარემოებად, რომელიც ერთჯერადად მიიღწევა.. არა! ნებისმიერი ურთიერთობის დროს, ის განვითარებას მოითხოვს.. პირველ რიგში, საკუთარ თავში.. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება შესაძლებელი ურთიერთობებში, ემოციურად მომწიფებული, სრულყოფილი მდგომარეობის მიღწევა..
ემოციური მომწიფება, ზოგი ადამიანისთვის შესაძლოა იქცეს, მთელი ცხოვრების მიუწვდომელ მდგომარეობად.. ეს კი, თავის მხრივ, უდიდესი დაბრკოლებების გამომწვევიც ხდება..

მარტივად, რომ ვთქვათ, ემოციური უმწიფობის დროს, სიყვარულს გარეთ დავეძებთ, ვებღაუჭებით ნაპოვნს, რომანტიზებას ვახდენთ იდეისას – მეგობრობაში იქნება ეს, ოჯახში, თუ საყვარელ ადამიანთან, და დაკარგვის შიშით მუდმივ სტრესში მდგომნი, ვკარგავთ რაციონალურად აზროვნების და კომუნიკაციის უნარს, ერთგვარად ვბლოკავთ სიყვარულის, როგორც გამოხატვის, ასევე მისი მიღების უნარს, და ეგოისტურად ვუდგებით ყველანაირ მოვლენას..
და ამ აზრთა ჭიდილში გართულნი, ერთ დღესაც ვიღვიძებთ და ვხედავთ, რომ სრულყოფილი არცერთი ურთიერთობა არ გაგვაჩნია, არც ოჯახში, არც სამეგობროში და არც ჩვენივე არჩეულ და შეყვარებულ მეორე ნახევართან..
და იმ შემთხვევაში, თუ ამის გაანალიზებას ვერ ვახდენთ, ჩვენივე უმწიფობას თვალს არ ვუსწორებთ, ვიწყებთ იგივე წრეზე სვლას, გაუცნობიერებლად, იგივე სწრაფვებით, იგივე შეცდომებით, იგივე შიშებით..
სანამ სიყვარულის უნარის გაძლიერების და/ან ემოციურ სიმწიფემდე მისასვლელ გზას დაადგები, ჩვენს მიერ RESET: Kit-ის ფარგლებში სპეციალურად შემუშავებულ სავარჯიშოებისა და გზამკვლევების გამოყენებით, ქვემოთ ჩამოგითვლით რამდენიმე აუცილებელ მიდგომას, რომელიც უნდა გაითავისო.. რადგან, შესაძლოა, ჩვენ არ ძალგვიძს ვაკონტროლოთ, თუ, რა ხდება ჩვენს გარშემო, მაგრამ ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვაკონტროლოთ ჩვენივე აღქმა მომხდარის!
ამიტომ.. ჩაანაცვლე:
ფაქტების ერთმანეთთან შედარება – ინსპირაციით!
უარყოფა და წინააღმდეგობა – ცვლილებით!
თვითკრიტიკა – უკუკავშირით!
წარუმატებლობებზე ხელის ჩაქნევა – გაკვეთილებით!
ტკივილი და ქაოსი – სიძლიერით!
ერთი შეხედვით, შესაძლოა იფიქრო, რა შუაშია ეს ყველაფერი სიყვარულთან, ან ემოციურ სიმწიფესთან და მის თანმხლებ ურთიერთობების სრულყოფასთან.. მაგრამ მოკლედ გეტყვი და დანარჩენს შენით მიხვდები.. სრულყოფა საკუთარი თავიდან იწყება..
ამასთან, ემოციური სიმწიფე არ არის დამოკიდებული ასაკზე, არამედ ზრდაზე და განვითარებაზე.. ძირითადი უნარ-ჩვევები ემოციური სიმწიფისთვის, რომელიც გააძლიერებს შენს ურთიერთობებს და პიროვნულ კეთილდღეობას, ასე გამოიყურება:
- გაცნობიერდი შენს ემოციებში.. ანუ, მოახდინე რეფლექსია იმაზე, თუ, რატომ განიცდი კონკრეტულ შემთხვევებში იმას, რასაც განიცდი, მანამ სანამ რეაგირებას მოახდენ;
- მართე შენი რეაქციები.. ეს არ ნიშანვს მათ დათრგუნვას, ეს ნიშნავს შენს მიერ არჩევანის გაკეთებას, როგორ გამოხატო ემოციები კონსტრუქციულად;
- იყავი ემპათიური.. ანუ, გესმოდეს და პატივს სცემდე სხვების გრძნობებს.. ემოციური სიმწიფე, თავის თავში მოიცავს შეგეძლოს ხედავდე შენი გადმოსახედის მიღმა;
- აიღე პასუხისმგებლობა.. ანუ, შენი ქცევები და გამოვლენილი ემოციები, შენივე პასუხისმგებლობაა და სხვას ნუ დააბრალებ;
- დააწესე საზღვრები.. ანუ, იცოდე სად მდგომარეობს შენი და პატივი ეცი სხვისას.. ჯანსაღი საზღვრები შენი ემოციური კეთილდღეობის მცველია;
- ადაპტირდი.. ანუ, ცხოვრება სავსეა მოულოდნელი ცვლილებებით, გამოიმუშავე სიმშვიდის და გამოწვევების წინაშე ადაპტაციის უნარი;
გისურვებთ სრულყოფილ სიყვარულს!
სოფიო ტაბატაძე 🤍