სიყვარულის ძიების პროცესი ინტერნეტ სივრცეში..

სიყვარულის ძიების პროცესი ინტერნეტ სივრცეში..
ავტორი: ნინო კიზირია

წარმოიდგინეთ, რამდენიმე ათეული წლის წინ, ადამიანები სიყვარულს პარკებში, კაფეებში ან ბიბლიოთეკებში პოულობდნენ.. სიჩუმითა და დაბნეული ღიმილით იწყებოდა ურთიერთობები, რომლებიც ხან ხანგრძლივ კავშირებად გადაიქცეოდა, ხან უბრალოდ დარჩებოდა მყისიერ მოგონებად.. მაგრამ ტექნოლოგიურმა რევოლუციამ სიყვარული ციფრულ ფორმატში გადაიყვანა.. დღეს ის უკვე ჩვენს ტელეფონებზეა – ერთი „swipe“ და შესაძლოა, თქვენი ცხოვრების სიყვარული უკვე ეკრანის მეორე მხარეს იყოს.

როგორ დაიწყო ყველაფერი?

თავდაპირველად როცა ინტერნეტი ფართო საზოგადოებამ შეითვისა, მისი ფუნქცია ძირითადად ინფორმაციის მოძიებას, კომუნიკაციას და საქმიანი საჭიროებების გამარტივებას მოიცავდა.. თუმცა, ადამიანური ბუნება უცვლელია – ჩვენ ყოველთვის ვეძებთ კავშირს, ვიღაცას, ვინც გაგვიგებს და შეგვიყვარებს..

ინტერნეტის საშუალებით ადამიანები უბრალოდ მიმოწერას იწყებდნენ – ფორუმებზე, ელ. ფოსტით ან ჩატ-რუმებში.. ეს არ იყო მიზანმიმართული „გაცნობის“ მცდელობა, არამედ შემთხვევითი საუბრების საშუალება, რომელსაც ადამიანები ხანდახან უფრო ღრმა ურთიერთობამდე მიჰყავდა.. მაგალითად, ვიღაც უეცრად პოულობდა თანამოაზრეს წიგნებზე, მუსიკაზე ან ფილოსოფიურ თემებზე საუბრისას..

ეს ყველაფერი ხშირად იმდენად უჩვეულოდ ჟღერდა, რომ ადამიანები ხუმრობდნენ: „ეკრანზე ვინმე გავიცნო? სერიოზულად?“ მაგრამ ეს პირველი ნაბიჯები იყო ციფრული კავშირის მიმართულებით, რომელიც გრძნობების სივრცესაც შეეხებოდა..
ინტერნეტმა შეძლო ის, რაც რეალურ ცხოვრებაში რთულად წარმოსადგენი იყო – მან წაშალა დროისა და სივრცის საზღვრები.. წარმოუდგენელი იყო, რომ ადამიანებს შეეძლოთ სადღაც შორეულ ქალაქში ან სხვა კონტინენტზე მყოფ ადამიანს დაკავშირებოდნენ და საერთო ენა ეპოვათ.. რაც უფრო მეტად ვითარდებოდა ტექნოლოგია, მით უფრო მარტივდებოდა ეს პროცესი, და ამ გზით ინტერნეტმა სიყვარულის ახალი ფორმა შემოგვთავაზა – ერთდროულად უჩვეულო და სრულიად ბუნებრივი..

სიყვარულის ძიებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წინსვლა გეოგრაფიული ბარიერების წაშლა აღმოჩნდა.. ადრე, სიყვარულის პოვნა ძირითადად ჩვენი საცხოვრებელი ადგილის გარშემო მყოფ ადამიანებზე იყო დამოკიდებული – მეზობლები, თანაკლასელები, კოლეგები, ან ისინი, ვისაც სოციალურ წრეში ვხვდებოდით.. დღეს ინტერნეტმა ეს შეზღუდვა მთლიანად გააქრო.. ეს ცვლილება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ერთი და იგივე სოციალურ გარემოში, ვერ პოულობდა პარტნიორს ან უნდოდა სრულიად განსხვავებული კულტურული გამოცდილების მიღება..

ტექნოლოგიებმა არა მხოლოდ განავრცო ადამიანების ურთიერთობების არეალი, არამედ მათი ფორმაც შეცვალა.. ადრე ხომ სიყვარული, გასაზიარებლად, წერილებს, სატელეფონო საუბრებს, ფიზიკურ სიახლოვეს საჭიროებდა.. დღეს სიყვარულის ისტორიები, სულ უფრო მეტად იწერება ეკრანებს მიღმა.. თუმცა, თან არაერთმა გამოწვევამ იჩინა თავი.. ამიტომაც მუდმივად ჟღერს კითხვა – რამდენად ჭეშმარიტია ვირტუალურ კავშირთა სიღრმე?

ტექნოლოგიებმა ბევრი რამ გაამარტივა, მაგრამ ამავე დროს, სიჩქარემ, მათ შინაარსი შეუმცირა.. ურთიერთობები ზედაპირულ რიტმში იწყება და სრულდება.. მარტივი „გამარჯობა“ შეიძლება ისეთივე მარტივ „მშვიდობით“ იქცეს.. ეკრანს მიღმა ძნელი მისახვედრია, რა იმალება გაღიმებული ემოჯის მიღმა – ნამდვილი ემოცია, თუ უბრალოდ კარგი თამაში..

ციფრულმა სივრცემ ნიღბების თეატრი შექმნა, სადაც ილუზიები თამაშობენ მთავარ როლს.. ხშირად ადამიანები თავს ვირტუალურ იდეალებთან აკავშირებენ, რომლებიც რეალობაში არც კი არსებობენ.. ეკრანის სიკაშკაშე ზოგჯერ ჩრდილავს იმ ნამდვილ კავშირს, რასაც მხოლოდ პირისპირ შეგვიძლია შევეხოთ..

მიუხედავად გამოწვევებისა, სიყვარულის განცდა, ისეთივე ღრმა და ძლიერია, როგორც ყოველთვის იყო.. ტექნოლოგიები მხოლოდ ინსტრუმენტია – გზა, რომელიც ადამიანურ ემოციებს უბრალოდ ახალ ფორმას აძლევს.. ემოცია, კი ყოველთვის ადამიანური გულიდან მოდის..

საბოლოოდ, სიყვარულის ძიების, თუ გამოხატვის ფორმები იცვლება, მაგრამ მისი არსი – კავშირი, გაგება და ურთიერთობა – უცვლელი რჩება.. ეკრანთან, თუ რეალურ ცხოვრებაში, სიყვარული ყოველთვის დარჩება სამყაროს ყველაზე რთულ, მაგრამ ყველაზე მშვენიერ განცდად!

სიყვარულით,
ნინო 🌸