დღესაც, როგორც უმეტესად ბოლო 7 წლის უძილობის მანძილზე, საკმაოდ მძიმედ გამეღვიძა..
ხომ გსმენიათ გამოთქმა ”დაღლილს გამეღვიძაო”.. ეს შედარება ხშირად ემთხვევა ჩემს დილის განწყობას..
მრავალშვილიანი მშობლის რუტინულ დამქანცველ განრიგზე თავი, რომ არ შეგაწყინოთ განვაგრძობ თხრობას..
როგორღაც ავწიე თავი..
კვირა დღე იყო და წირვაზე მივიჩქაროდით..
სამივე ბავშვს ჩავაცვი, მოვაწესრიგე..
მიუხედავად სიჩქარისა, წირვაზე მაინც დავაგვიანეთ, ზიარება რჩებოდა.. თან, ჩემი შვილების საყვარელი ეტაპი, ზიარების შემდეგ სეფისკვერის მირთმევაა.. ამიტომ, ალბათ ხვდებით ჩემს შინაგან მდგომარეობას ამ დროს როგორი იქნებოდა..
ალბათ ეს ყველაფერი სახეზეც მკაფიოდ მეწერა, რადგან, სრულიად უცხო გოგონამ, რომელმაც დაგვინახა რომ ზიარებას მივუსწარით და სეფისკვერები ილეოდა, მნათეს სამი ცალით მეტი გამოართვა და გადაგვინახა.. ზიარების შემდეგ კი მომღიმარი, სიყვარულით სავსე თვალებით გამაჩერა და გადმომცა..
სრულიად უცხო ადამიანისგან ამ ელემენტარულმა სიკეთემ, მთელი დღის განწყობა შემიცვალა..
კიდევ ერთხელ სიღრმისეულად გავიაზრე, რომ სიყვარული მართლაც გადამდებია..
ალბათ, სწორედ ეს არის ჩვენი, ადამიანების ვალიც და ცხოვრების აზრიც, რომ ერთმანეთს სიყვარულით ცხოვრება გავუმარტივოთ.. გავულამაზოთ..
სრულიად არავინ ვიყავი მისთვის, ან რატომ დაფიქრდა ჩემზე და ჩემს შვილებზე, ან რატომ აღეძრა ეს მზრუნველობის სურვილი?
ალბათ, ნამდვილი სიყვარული სწორედ ეს არის, როცა უანგაროდ, არაფრისთვის გსურს სხვისი თვალითაც შეხედო ცხოვრებას.. მხოლოდ შენს სავალ გზას კი არ უცქირო, არამედ ირგვლივაც გაიხედო, სხვისი გრძნობებიც გაიზიარო, გაატარო შენს ორგანიზმში.. ალბათ სწორედ ეს არის ადამიანისგან იმის გააზრება, რომ მას ყველაფერი შეუძლია..
მის მიერ სიყვარულისა და მზრუნველობის გამომჟღავნების შემდეგ მეც გამიჩნდა იგივეს ქმნის სურვილი..
მივდივართ იმ დედა აზრამდე, რომ ადამიანებს ერთმანეთი გვჭირდება.. ხშირ შემთხვევაში ზუსტად იმ ელემენტარულ ნიუანსებშია ცხოვრების საუკეთესო ნაკვესები, რომლებიც ლაითმოტივად გასდევს ჩვენს ქცევებსა და განწყობას..
ბევრჯერ მსმენია აზრი, რომ მხოლოდ ერთ ადამიანს არ შეუძლია მასობრივი იერის შეცვლა, მე კი ვფიქრობ რომ ერთი ადამიანის სიყვარული მთელ სამყაროს ცვლის..
გისურვებთ ბევრ დადებით ადამიანს თქვენს ცხოვრბაში, ამით ხომ თქვენი გასავლელი გზაც ლამაზდება..
ანი ხარაძე ❤️