ხშირად მიფიქრია რა განსხვავებაა ძველ და ახალ სიყვარულს შორის..
არ გეგონოთ, ერთი ადამიანის რამდენიმე ურთიერთობის ანალიზს ვაკეთებ ხოლმე, მე წიგნებში წაკითხულ, ძველი დროისა და თანამედროვე გრძნობას, უფრო ზუსტად კი, ამ გრძნობის გამოხატულებას ვგულისხმობ..
მოდით, მეტად სამართლიანი რომ იყოს, თანამედროვე სიყვარულიც – არა გაგონილი, ანდაც ქუჩაში ნანახით განვიხილოთ, არამედ ჩვენი დროის ლიტერატურასა და ფილმებში გადმოცემულით.. ზედმეტად ანალიტიკური რომ არ გამოგვივიდეს, პირდაპირ ჩემი აზრის მოხსენებაზე გადავალ..
იცით,როგორი სიყვარულის მწამს?! სატრფოს ხილვა გულს რომ გიჩქარებს, სისხლს გიყინავს.. მე იმ კაცის გრძნობას რა ვუთხარი, საყვარელი ქალის ყოველი დანახვისას ელდა თუ არ ეცემა და საღ აზრს ინარჩუნებს.. მე სიყვარულს იმ გრძნობას ვეძახი, არა თუ ფიზიკურად, ფიქრებშიც რომ არასდროს გიღალატია მეორე ნახევრისთვის..
რა ლამაზი იყო არა სიყვარული ადრე?! თუნდაც, გიორგი ავიღოთ, ყველასთვის ცნობილი ოთარაანთ ქვრივის ვაჟი.. მისთვის სიკვდილიც კი არაფერი იყო, როდესაც უკანასკნელ სურათად სატრფოს სახეს ხედავდა..
ადრე სხვანაირად უყვარდათ! ადრე ხომ ყველაფერი სხვანაირი იყო!
არა, არა! ნუ შეცდები, ჩემო მკითხველო, ჩემმა ფიქრებმა არ დაგაბნიოს.. ის სიყვარული, ადრე რომ იყო და გითხარი აღარ შემხვედრიათქო, ახლაც სწორედ ისეთივე შთამბეჭდავი და დიადია, უბრალოდ იმატა ტყუილმა და სწორედ ამიტომ არის, რომ თანამედროვე სიყვარულში ეჭვის შეტანა დავიწყეთ..
ახლაც არიან ერთმანეთზე თავდავიწყებით შეყვარებული მიჯნურები (არა თუ ღალატს, სატრფოს გულის ტკენასაც, რომ არ დაუშვებენ არასდროს).. ახლაც უყვართ ისე ძლიერ, რომ მიჯნურის ხატება ფხიზლად მყოფსა, თუ სიზმარში, სულ თვალწინ უდგათ.. ახლაც არიან ადამიანები, რომლებიც არა სიტყვით, არამედ საქმით ამტკიცებენ გრძნობის სიწრფელეს..
მაგრამ, არიან მეორენიც, რომელთა “სიყვარულიც” უტეხავს სახელს თანამედროვე გრძნობას..
გგონიათ, მათ არ უყვართ?! მათ რომ ჰკითხოთ, მიჯნურობის ალი სწვავთ იმ მომენტში, მაგრამ გაინტერესებს საქმე რაშია? ჩვენს დროში, საკუთარი თავის შეცნობის პრობლემაა წამოსული..
ერთხელ, ერთმა მეტად საინტერესო ადამიანმა მითხრა, ადამიანი კი არ უნდა გაიცნო, არამედ უნდა შეიცნო რომ გიყვარდეს, მაგრამ იქამდე, სანამ მას შეიცნობდე ჯერ საკუთარ თავში უნდა იყო გარკვეულიო.
რას ფიქრობ?! შეიძლება ეს გაურკვევლობა იყოს, ყოველივე იმ არეულობის მთავარი მიზეზი, რომელთა გამოც ამ დიად გრძნობას, ახლანდელ დროში უტყდება სახელი?!
სიყვარული იმდენად იდუმალი, უცნაური რამაა, ყველაზე მეტად სიჩქარე არ უხდება!
ადამიანი თუ საკუთარ თავში, ინტერესებში, ცხოვრებაში არ ხარ გარკვეული, ამ დიად გრძნობასთან ურთიერთობა ძალიან გაგიჭირდება, რადგან როდესაც ერთხელ იტყვი, ”მიყვარს, ეს არის ჩემი მზე და ცხოვრების აზრი”-ო, სწორედ იქ უნდა დასვა წერტილი..
გაურკვევლობის და შეუცნობლობის გარდა, შეიძლება შიშიც არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც თანამედროვე სიყვარული იმ ძველს, გაგონილსა და სასურველს აღარ ჰგავს..
ადამიანები რაც უფრო ვვითარდებით, ვეცნობით სამყაროს, მით უფრო მატულობს შიშის გრძნობა ჩვენში, რადგან ვხვდებით, რომ სამყარო ის მშვენიერი ნავსაყუდელი სულაც არ ყოფილა, რაც გვეგონა…
ასეა, თუ ისე, მე მაინც იმ ძველისკენ მიმიწევს გული!
მაინც პოეტების სიყვარულს ვეტრფი, რუსთაველის დიდი გრძნობის მწამს..
რას იზამ, კაცია და გუნება…….
სიყვარულით,
მედი გუმბერიძე ❣️