ჩვენ, როგორც სოციალური არსებები დამოკიდებულები ვართ ურთიერთობებზე.. ყველგან და ყოველთვის! ამასთან, ყველაზე მნიშვნელოვანი რომანტიკული და ინტერპერსონალური ხასიათის ურთიერთობებია.. თუმცა, ნებისმიერი სახის ურთიერთობების მიმართ გვაქვს გარკვეული მოლოდინები..
გვაქვს მოლოდინები, რომ ეს ურთიერთობები რაიმეს შეგვმატებს ცხოვრების გზაზე, ხშირ შემთხვევაში ეს გაუცნობიერებელია, ხშირად კი განზრახი და გააზრებული, თუმცა ყველაზე ხშირია, როდესაც მოლოდინი გვაქვს ვუყვარდეთ და გვიღებდნენ ისევე, როგორც ჩვენ გვიყვარს და ვიღებთ.. მაგრამ ხანდახან ჩვენი მოლოდინების საპირისპიროდ ვითარდება მოვლენები..
სოციალური გაცვლის თეორიის მიხედვით, ადამიანები ურთიერთობებში აფასებენ სარგებელს და ღირებულებას.. მაგრამ ამ სიტყვებს პირდაპირ ნუ გავიგებთ..
სარგებელი შეიძლება იყოს ყურადღება, სიყვარული, მხარდაჭერა..
ღირებულება კი ის თუ რის ფასად მოვიპოვებთ ამ სარგებელს..
მაგალითად ავიღოთ წყვილის ურთიერთობა.. არის შემთხვევები, როდესაც ერთი პარტნიორი უფრო მეტ ყურადღებას და მატერიალურ ხარჯს გასცემს ვიდრე მეორე, საპასუხოდაც ნაკლებ ემოციურ სარგებელს იღებს.. ასეთმა შემთხვევებმა, დროთა განმავლობაში შესაძლოა გამოიწვიოს ემოციური დანაკლისის ფიქრი და აღიქვას ეს გარემოება, როგორც ზარალი.. შემდეგ ინდივიდი იწყებს ძიებას ისეთი ურთიერთობისა, სადაც სარგებელი ღირებულებაზე მეტი იქნება..
ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანები ურთიერთობებს ეკონომიკური პრინციპით აფასებენ.. ისევე, როგორც მაგალითად მაღაზიაში მოგვწონს რაიმე ნივთი, ჩანთა, ტელეფონი, კომპიუტერი, მაგრამ სანამ ამ სასურველ ნივთს შევიძენთ, ჯერ ავწონ-დავწონით, ღირს თუ არა ხარჯის გაწევა.. აღემატება კი ამ ნივთის სარგებელი ჩვენს გაწეულ ხარჯს?
„არაეკონომიკური სოციალური სიტუაციების ეკონომიკური ანალიზი“ – ასე უწოდეს სოციალური გაცვლის თეორიას მკვლევარებმა..
სოციალური გაცვლის თეორია სოციოლოგიური კონცეფციაა, რომელიც იკვლევს ურთიერთობების წარმატებას და წარუმატებლობას ფსიქოლოგიური და ეკონომიკური პრინციპების მეშვეობით და ის გამოიყენება ნებისმიერი სახის ურთიერთობების ანალიზისას.. ამ თეორიის მიხედვით, უფრო მყარია ურთიერთობა, თუ სარგებელი აღემატება ღირებულებას ორივე ინდივიდისთვის.. სადაც, სარგებელიც და საზღაურიც შეიძლება იყოს, როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური..
მხოლოდ თქვენს მიდგომებზეა დამოკიდებული ის, თუ რამდენად შეგიძლიათ გასცეთ მეტი, ვიდრე მიიღოთ.. თუმცა ურთიერთობების პროცესში ისიც შესაძლებელია, რომ დროთა განმავლობაში განწყობა შეგეცვალოთ და ეს ცვლილება ურთიერთობაზე ასახოთ..
სოციალური გაცვლის თეორიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორი ფაქტორი:
მოლოდინები და ალტერნატივები..
მოლოდინებზე ხშირ შემთხვევაში გავლენას ახდენს წარსული გამოცდილებები!
მაგ. წარსულ ურთიერთობაში პარტნიორი იყო მოსიყვარულე, ყურადღებიანი.. ამავე თვისებებით ვაფასებთ არსებულ ან შესაძლო მომავალ ურთიერთობას..
ალტერნატივების განხილვის ეტაპი, კი დგება გრძნობებზე დაყრდნობით!
მაგ. ვეძებთ და ვირჩევთ ურთიერთობას, სადაც უფრო მეტ სიყვარულს და ყურადღებას ვიგრძნობთ, ვიდრე წინა ურთიერთობებში..
სოციალური გაცვლის თეორია არ გამოიყენება მხოლოდ ქცევის აღსაწერად, ის შეიძლება ერთგვარ სახელმძღვანელოდაც გამოვიყენოთ წარმატებული ურთიერთობების შესანარჩუნებლად ქვემოთ მოცემული რჩევების გათვალისწინებით:
- მაინდფულნესის პრაქტიკა – საკუთარი ემოციების რეგულირება, მიღება-გაცემის ბალანსი, თანაგრძნობა და ემპათია, კმაყოფილება ურთიერთობისგან დღეს, წარუმატებლობის გაკვეთილებად ქცევა, მადლიერება და პოზიტიური უკუკავშირი თუნდაც მცირედ მცდელობებზე..
- კომუნიკაცია – თუ ხშირია გაუგებრობები, ხშირად უნდა მოხდეს ერთმანეთის სურვილების და საჭიროებების განხილვა და ერთმანეთისათვის გაზიარება.. ასე, მარტივად აიცილებთ თავიდან მოლოდინებით გამოწვეულ სირთულეებს ურთიერთობაში..
- გრძელვადიანი კეთილდღეობა – კონფლიქტების და დაძაბული მომენტების დროს, როდესაც ემოციური მოზღვავება, სიბრაზე და სხვა ნეგატიური ფიქრები გვახრჩობს, აუცილებელია ფოკუსირება მოვახდინოთ გრძელვადიან სტაბილურობასა და კეთილდღეობაზე, როგორც ჩვენივე თავში, ასევე იმ ურთიერთობებში, რომელიც ღირებულია ჩვენთვის..
ამდენად, მნიშვნელოვანია ურთიერთობებში შევინარჩუნოთ სამართლიანობა, როგორც საკუთარი თავის მიმართ, ასევე ადრესატის მცდელობებსა და ხასიათის მიმართ.. და შეძლებისდაგვარად, გავითვალისწინოთ ერთმანეთის საჭიროებები, ისე რომ არ იყოს ზედმეტი თავგანწირვა, შემდგომ კი უკმაყოფილება..
თუმცა მაინც, გაეცით მეტი სითბო და ყურადღება საპასუხო სარგებლის მიღების მოლოდინის გარეშე..
გისურვებთ ჰარმონიულ ურთიერთობას,