სოციალური იდენტობის თეორია 🌸

სოციალური იდენტობის თეორია 🌸

პიროვნული იდენტობა – ადამიანის „მეობა“ ყალიბდება დაბადებიდან და მასზე მრავალი  გარემო – ფაქტორი ახდენს გავლენას..
უპირველესყოვლისა, ოჯახი არის უმთავრესი სოციალიზაციის აგენტი.. ის ასრულებს მნიშვნელოვან როლს ინდივიდის იდენტობის ჩამოყალიბებაში.. ადრეული ბავშობიდანვე აქ ვიწყებთ საკუთარი თავის შემეცნებას – ვაცნობიერებთ ჩვენს „მე“-ს, სქესს, შეხედულებებს და როლებს ოჯახში.. 

ოჯახისგან ვიღებთ იმ კულტურულ ღირებულებებს და ნორმებს, რაც შემდგომ გვეხმარება სოციალურ სამყაროსთან შერწყმასა და განვითარებაში.. აქ მიღებული კომუნიკაციის უნარები გვეხმარება  საზოგადოებასთან ურთიერთობაში.. 

ძირითად შემთხვევაში ოჯახში მიღებული გამოცდილებები  განსაზღვრავს ჩვენს მომავალ ურთიერთობებს.. მაგალითად, ინდივიდი, რომელმაც ოჯახში განიცადა სიყვარულის, ყურადღების და მზრუნველობის ნაკლებობა, მომავალში ეძებს ახლო  ურთიერთობებს, სადაც ამ დანაკლისს აინაზღაურებს, თუმცა ხშირ შემთხვევაში, ასეთი ტრავმატული წარსულით ჩაბეჭდილი ქვეცნობიერში, ურთიერთობებში სხვადასხვა დამახინჯებული ფაქტორი იჩენს თავს.. 

ამდენად, ოჯახი არის ჩვენი სოციალური იდენტობის და იმ უნარების ჩამოყალიების ფუძე,  რომლებიც გვეხმარება თავი აღვიქვათ ამა თუ იმ საზოგადოების ნაწილად, გავაცნობიეროთ საკუთარი როლები, შეგვეძლოს გაცემა და მიღება, და გვქონდეს უნარი შევიტანოთ ჩვენი წვლილი საზოგადოებრივ კეთილდღეობაში..

რა არის სოციალური იდენტობა?

სოციალური იდენტობა, ინდივიდის მე – კონცეფციის ასპექტია და გამომდინარეობს კონკრეტული სოციალური ჯგუფის წევრობიდან..
იდენტობა მოიცავს „მე“ კატეგორიზაციას, ინფორმაციას ჩვენს შესახებ – ჩვენს ვინაობას,  სქესს და ეთნიკურ წარმომავლობას, რელიგიას და სოციალურ – ეკონომიკურ მდგომარეობას; თუმცა იდენტობა მხოლოდ ამ შესავსები გრაფის კითხვებს არ მოიცავს.. ის იმაზე ღრმა კონცეფციის მატარებელია, ვიდრე ჩვენ ადამიანები მის აღქმას ვახერხებთ.. 

სოციალური იდენტობა უზრუნველყოფს ინდივიდის თვითშეფასებას  და იდენტობის განცდას, რაც ეხმარება მას აღიქვას სწორი და ჯანსაღი კავშირი, ურთიერთობა ნებისმიერი საზოგადოების წევრებთან.. კითხვები ისეთი როგორიცაა – ვინ ვარ მე? რა როლი მაქვს ჩემივე ცხოვრებაში და ამასთან იმ სოციუმში სადაც ვარ? რას ვარგებ? ისინი რას ხედავენ ჩემში? ა.შ. თვითგამორკვევისთვის მნიშვნელოვანი შეკითხვებით და მათზე ჩვენივე თავით, გამოცდილებით, სურვილებით და მისწრაფებებით გაცემული პასუხებია ჩვენი იდენტობა..  

სოციალური იდენტობის თეორიის მიხედვით,  ინდივიდის იდენტობის განცდაზე და ქცევებზე გავლენას ახდენს ის საზოგადოებრივი ჯგუფი, ვისთანაც გვაქვს ურთიერთობა..
ხშირად, ადამიანი ადარებს საკუთარ ქცევებს სხვებს და ცდილობს შეიცვალოს, რათა ამ კონკრეტული ჯგუფისთვის მისაღები და შესაფერისი გახდეს! ამით კი მე-იდენტობის შეცვლას ახდენ..

მსგავს ფაქტებს ხშირად ვხვდებით ცხოვრებისეულ მოვლენებში და ნებისმიერი სახის ურთიერთობებში..

მაგალითად, ერთი მარტივი შემთხვევა, რომ გავიხსენოთ, როცა სამსახურში, სასწავლებელში ხვდებით ისეთ სამეგობრო წრეში, სადაც ყველა მწეველია.. შესვენებებზე მათი თავშეყრის ადგილიც მწეველთა სივრცეა..  შენ კი, როგორც არამწეველი, იმისათვის, რომ „გარიყვის კანდიდატი“ არ იყო, მათ ჩვეულებებს ითვისებ..

მე-იდენტობის ცვლილებებს შეიძლება შევხვდეთ რომანტიულ  ურთიერთობებში, მაგალითად, როდესაც, ერთ-ერთი პარტნიორი იცვლის ქცევას ან თავის რაიმე ჩვეულებას, იმისათვის, რომ ამით პარტნიორს მეტად მოაწონოს თავი, ასიამოვნოს, ა.შ…

ამრიგად, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენს იდენტობაზე გავლენას ახდენს ჩვენი სოციალური კავშირები და ურთიერთობები, მნიშვნელოვანია, საკუთარ თავში კარგად ვიყოთ გაცნობიერებულნი!

სოციალური იდენტობის თეორია გამოყოფს სამ კოგნიტურ პროცესს, რომელიც განსაზღვავს ინდივიდის იდენტობის განვითარებას და ცვლილებას:

  • სოციალური კატეგორიზაცია – ესაა კოგნიტური პროცესი იმისა, თუ როგორ აღიქვამს ადამიანი საკუთარ თავს და სხვებს კონკრეტული სოციალური კატეგორიის მიხედვით.. მაგალითად, მას აქვს გარკვეული კლასიფიკაცია საკუთარი იდენტობის შესახებ, რომ ის არის ფსიქოლოგი, დედა, ერთგული მეგობარი თუ მსხვერპლი..
  • სოციალური შედარება – ადამიანები ხშირად ვადარებთ საკუთარ თავს და ქცევებს სხვებისას, ვადარებთ ჩვენს სოციალურ – ეკონომიკურ მდგომარეობას.. შედარება შეიძლება გაკეთდეს კონკრეტული ჯგუფის საფუძველზე.. ჩემზე ჭკვიანი, ლამაზი, შეძლებული… ამ დროს იწყება საკუთარი იდენტობის ცვლილება იმ კუთხით და ფორმით, რაც ჩვენთვის პრიორიტეტულია ამ ადამიანებთან შესადარებელ სკალაზე..
  • სოციალური იდენტიფიკაცია – ჩვენ სოციალურ სიტუაციებს აღვიქვამთ იმის მიხედვით, თუ ვინ ვართ ჩვენ და რა ურთიერთობა გვაქვს სხვებთან.. მაგალითად, ვართ წარმატებული სტუდენტი და ვურთიერთობთ ჩვენსავით წარმატებულ კურსელებთან, ლექტორებთან..  ვაქცევთ ისეთ სიტუაციებს ყურადღებას, რომელიც ჩვენთვის მეტი წარმატების მომტანია!  გვაქვს რომანტიული ურთიერთობა და ვაცნობიერებთ, რომ ვართ შეყვარებულები..  ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი სიტუაციები, რომელიც სასარგებლოა ჩვენი ურთიერთობებისთვის.. ასეთმა ურთიერთობებმა, ჩვენი იდენტობის შეცვლა შეიძლება გამოიწვიოს.. ე.წ. “სიტუაციას მორგებული” იდენტობა, და ის ქცევა და ჩვეულებები, რაც ჩვენ სიამოვნებას გვანიჭებდა, შესაძლოა უსარგებლოდ გადაიქცეს.. 

ამდენად, ყველაფრის მიუხედავად, ნებისმიერი სახის ურთიერთობაში მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ჩვენი, საკუთარი მე-იდენტობა.. ნუ შევეცდებით სხვების გამო შეცვლას, რადგან ეს ხშირ შემთხვევაში იწვევს ქაოსს საკუთარ თავში, ეჭვს საკუთარ იდენტობასა და თავდაჯერებულობაში, ამცირებს თვითშეფასების დონეს და შედეგად ყველანაირი ურთიერთობებიც იქცევა ფარსად…

იზრუნეთ თქვენს იდენტობაზე და იყავით იქ, სადაც მიგიღებენ და ეყვარებით ისეთი, როგორიც სინამდვილეში ხართ.. 

ანუკი მამუკაშვილი 🫶🏻