თეორიულად ყველამ ვიცით, რომ ჯანსაღმა ურთიერთობამ უნდა მოგვიტანოს სიხარული, მხარდაჭერა და პიროვნული ზრდა, თუმცა ურთიერთობაში ყოფნა ზოგჯერ სრულიად საპირისპირო ემოციებს იწვევს.
ტოქსიკური ურთიერთობის ამოცნობა და საკუთარ თავთან აღიარება, შეიძლება რთული იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პარტნიორზე ემოციურად მიჯაჭვულები ვართ, თუმცა ჩვენივე ფსიქოლოგიური და ფიზიკური კეთილდღეობისთვის, მნიშვნელოვანია, რომ არაჯანსაღ ურთიერთობას რაც შეიძლება მალე დავაღწიოთ თავი!
ამ ბლოგში ყველა იმ მნიშვნელოვან, გამაფრთხილებელ ნიშანზე მოგიყვებით, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ.
1. მუდმივი კრიტიკა
თუ თქვენი პარტნიორი ხშირად გაკრიტიკებთ, მიგითითებთ ნაკლოვანებებზე და თავს არასასიამოვნოდ გაგრძნობინებთ, ეს არაჯანსაღი ურთიერთობის პირველი ნიშანია.
ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის მისაღებია, თუმცა თუ თქვენი მისამართით მუდმივად ნეგატიური კომენტარები კეთდება, ეს თქვენს თავდაჯერებულობაზე უარყოფითად აისახება.
2. ნდობის ნაკლებობა
ნდობა ნებისმიერი ჯანსაღი ურთიერთობის საფუძველია. თუ თქვენი პარტნიორი მუდმივად ეჭვქვეშ აყენებს თქვენს ქმედებებს, განზრახვებსა და პატიოსნებას, ან პირიქით, თქვენ არ ენდობით მას, ურთიერთობა შეიძლება ტოქსიკური იყოს.
3. ემოციური მანიპულირება
ტოქსიკური პარტნიორები თქვენი ქცევის გასაკონტროლებლად, ან გავლენის მოსახდენად მანიპულირებას მიმართავენ.
თუ ხშირად გრძნობთ თავს დამნაშავედ ან ეჭვქვეშ აყენებთ რეალობას, ეს ემოციური მანიპულაციის ნიშანია.
თუ გსურთ, მეტი გაიგოთ მანიპულაციასა და თავდაცვის გზებზე, წაიკითხეთ ჩვენი წინა ბლოგი.
4. ეჭვიანობა და მესაკუთრეობა
მსუბუქი ეჭვიანობა შეიძლება ნორმალური იყოს, მაგრამ გადაჭარბებული ეჭვიანობა და მესაკუთრეობა არაჯანსაღია.
თუ თქვენი პარტნიორი ცდილობს, გააკონტროლოს ვის ესაუბრებით, სად მიდიხართ, ან უმიზეზოდ გადანაშაულებთ ღალატში, თქვენ არასწორ ადამიანთან ხართ.
5. მეგობრებისა და ოჯახისგან იზოლაცია
ტოქსიკურ ურთიერთობაში თქვენმა პარტნიორმა შეიძლება ხელი შეგიშალოთ მეგობრებისა და ოჯახის წევრების ნახვაშიც. გარდა ამისა, სხვებთან დროის გატარების გამო შესაძლოა, თავი დამნაშავედ გაგრძნობინოთ, რაც ცალსახად, არასწორი დამოკიდებულებაა.
6. ქცევის კონტროლი
ტოქსიკური პარტნიორები ხშირად ცდილობენ გააკონტროლონ თქვენი ქმედებები, გადაწყვეტილებები და თუნდაც, აზრები.
ეს შეიძლება მოიცავდეს იმის კონტროლს თუ რა ჩაიცვათ, სად იმუშაოთ ან როგორ მოიქცეთ. თუ გრძნობთ, რომ ურთიერთობაში თავისუფლებას კარგავთ, ეს ტოქსიკურობის აშკარა ნიშანია.
7. ემოციური ან ფიზიკური შეურაცხყოფა
ნებისმიერი სახის შეურაცხყოფა, იქნება ეს ემოციური, სიტყვიერი თუ ფიზიკური, ტოქსიკური ურთიერთობის მთავარი გამაფრთხილებელი ნიშანია.
სიტყვიერი შეურაცხყოფა, მუქარა და ძალადობა მიუღებელი და საშიშია. როგორც წესი, ძალადობა დროთა განმავლობაში უფრო მასშტაბურ სახეს იღებს, ამიტომ მის დროულად ამოცნობასა და აღმოფხვრას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
8. მუდმივი კონფლიქტი
ყველა ურთიერთობას აქვს თავისი აღმავალი და დაღმავალი პერიოდები, თუმცა მუდმივი კონფლიქტი შეიძლება ტოქსიკურობაზე მიუთითებდეს.
თუ თქვენი ურთიერთობა სავსეა გაუთავებელი კონფლიქტებითა და გადაუჭრელი საკითხებით, სავარაუდოდ, ეს თქვენს ემოციურ კეთილდღეობაზე უარყოფითად აისახება.
9. მხარდაჭერის ნაკლებობა
თუ თქვენი პარტნიორისგან ვერ გრძნობთ მხარდაჭერასა და გვერდში დგომას, წარმატების ან თუნდაც, რთული პერიოდების დროს, ეს ტოქსიკური ურთიერთობის კიდევ ერთი ნიშანია.
შესაძლოა, „ერთად იყოთ ჭირსა და ლხინში“, თუმცა ემოციურ კავშირსა და თანადგომას ვერ გრძნობდეთ.
10. საკუთარი თავის გამოხატვის შიში
ტოქსიკური ურთიერთობის მანიშნებელია საკუთარი თავის გამოხატვის შიშიც.
თუ გეშინიათ, თქვენი აზრების, გრძნობებისა და სურვილების გამოხატვის და ნერვიულობთ იმაზე, თუ როგორი რეაქცია ექნება თქვენს პარტნიორს, გირჩევთ, სიახლეებზე იფიქროთ.
და ბოლოს..
ტოქსიკური ურთიერთობის ნიშნების ამოცნობა ჯანსაღი ურთიერთობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.. თუ ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები თქვენს ურთიერთობას გახსენებთ და ვერც მოგვარების გზებს ხედავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ცვლილებების დროა!
გახსოვდეთ, რომ იმსახურებთ ურთიერთობას, რომელიც არა შიშს, კომპლექსებსა და დაძაბულობას, არამედ პიროვნულ ზრდას, ემოციურ კეთილდღეობასა და ბედნიერებას მოგიტანთ.