ავტორი: მარიამ მებუკე
ძვირფასო მკითხველო,
სიყვარულს – ხელოვნების ნიმუშების შექმნა შეუძლია.. მოდის სამყაროში კი, ცოტაა ისეთი ამაღელვებელი ხელოვანი დიზაინერი თავისი ამბით, როგორიც ელზა შიაპარელი..
ალბათ, ვინც – მოდის ინდუსტრიაში არც ისე ჩახედულია, ვერ მიხვდება რატომაა ელზა ყურადსაღები.. ამიტომ, სანამ მის ისტორიას გაგიზიარებთ, მოკლედ გეტყვით, რომ ის პირველი ავანგარდი, სიურრეალისტი, დიზაინერი ქალი იყო, რომელიც კოკო შანელის გვერდიგვერდ, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და გადამწყვეტ ფიგურად ითვლება მოდის ისტორიაში!
ელზამ, ჯერ ფილოსოფია შეისწავლა საფუძვლიანად, პოეზიით აღსავსემ საკუთარი კრებული გამოსცა 21 წლის ასაკში, შემდეგ, თეოსოფიაში თავით გადაეშვა, დადაიზმის დამფუძნებელი მხატვრების სამეგობრო წრეში თავისი საპატიო ადგილი დაიკავა, და თუ ისინი მხატვრობაში ქმნიდნენ შედევრებს, ჩვენი “შიაპა”, როგორც მას მეგობრები მიმართავდნენ, მოდის სამყაროში ახვევდა მსოფლიოს თავბრუს..
მან შექმნა “შოკისმომგვრელი ვარდისფერი”, არამარტო ფერი, არამედ ტრენდი.. ეს მის ხელწერად იქცა, და დღემდე სხვადასხვა დიზაინერების მიერ წარმოდგენილი ვარდისფერი ხაზის სამოსი, პირდაპირ ასოციაციაშია შიაპას “შოკისმომგვრელ ვარდისფერთან”..
„ნათელი, შეუძლებელი, თავხედი, გარდამსახველი, სიცოცხლის მომცემი, როგორც ყველა შუქი, ფრინველი და თევზი ერთად სამყაროში.. სუფთა და განუზავებელი” – ამბობდა ის..
ზოგადად, ელზას ცხოვრება არა მხოლოდ მოდის ისტორიას, არამედ მთელი მისი მოღვაწეობის ეპოქის სულიერებას ატარებს.. მისი პროფესიული მოღვაწეობა ხშირად ნათელია, თუმცა მისი პირადი ცხოვრება ისეთივე ამაღელვებელი და მრავლისმთქმელია, როგორც მისი ყველაზე თამამი ქმნილებები..
მისი ცხოვრების გზა, ერთი შეხედვით მარტივი უნდა ყოფილიყო, რადგან დაიბადა საკმაოდ ცნობილ და მდიდარ, არისტოკრატულ რომაულ ოჯახში, თუმცა, ოჯახის მიერ მისი გარეგნობის მიუღებლობამ, შემდეგ კი, ამ ტრავმით განპირობებული ხასიათის და მოქმედებების მიუღებლობამ, ჩამოუყალიბა ელზას ის სირთულებიით სავსე გზა, რასაც მთელი ცხოვრება გადიოდა..
ყველა ის გადაწყვეტილება, რაც მან ცხოვრებაში მიიღო, პირდაპირ ბმაში იყო, მისი ბავშვობის დროინდელ სიყვარულის ნაკლებობასთან და ტრავმებთან, რაც მას საკუთარმა ოჯახმა, კერძოდ კი, მშობლებმა მიაყენეს..
რამდენიმე ფაქტს გეტყვით მისი ბავშვობიდან, და დანარჩენს თქვენით მიხვდებით..
- სულ რაღაც 6 წლის იყო, როდესაც სხვადასხვა ყვავილების თესლებით ყურები, ცხვირი თვალები და პირი გამოიტენა, იმ ფიქრით, რომ ეს ყვავილები მის სახეზე გაიზრდებოდნენ, ასე, კი უფრო ლამაზი გახდებოდა, შედეგად კი, დედ-მამა აღარ ეტყოდა მას, თუ როგორი მახინჯი იყო, არამედ პირიქით, დატკბებოდნენ მისი მშვენიერებით..
- იგონებდა ათასნაირ ისტორიას იმისათვის, რომ მშობლების ყურადღება მიექცია, თუმცა ისინი არასდროს ყურადღებას არ აქცევდნენ..
- რომის უნივერსიტეტში შეისწავლა ფილოსოფია და გამოსცა საკუთარი ლექსების კრებული, იმ იმედით, რომ ღრმად ფილოსოფიური პოეზია, მშობლებში მისით აღფრთოვანებას გამოიწვევდა, თუმცა პირიქით მოხდა, ამ ფაქტმა, მისი არისტოკრატული ოჯახი სკანდალში გახვია.. ოჯახმაც, არ დააყოვნა მისი მოშორება და შვეიცარიის სამონასტრო სკოლაში გაუშვეს “მოსადრეკად”..
- მონასტრიდან დაბრუნებულს, მშობლებმა მდიდარი რუსი საქმრო დაახვედრეს, ფიქრობდნენ ის ყველაზე შესაფერისი კანდიდატი იყო, თუმცა არც ამ კაცის ასაკი და არც მისი პიროვნება, ელზასთვის მიმზიდველი არ აღმოჩნდა, ამიტომაც გაიქცა ლონდონში ძიძის პოზიციაზე სამუშაოდ, ერთ-ერთი ახლობლის ოჯახში..
და აქ იწყება ყველაფერი..
გზად პარიზში შეჩერდა..
“როგორც კი ფეხი გადმოვდგი მიწაზე, ხმამაღლა ვთქვი: ‘ეს ის ადგილია სადაც მე ვიცხოვრებ!’ ”- წერდა ის თავის მემუარებში..
თუმცა პარიზში ცხოვრებამდე დიდი გზა გამოიარა..
შიაპა, რომელსაც ბავშვობიდან იზიდავდა იდუმალი, მისტიკური ამბები, ლონდონში ყოფნისას დაესწრო თეოსოფიის ლექციას.. მას ვილჰელმ დე კერლორი ატარებდა.. თვითგამოცხადებული, ავანტიურისტი, თაღლითი ექსტრასენსი.. თუმცა ელზასთვის ის მომენტალურად მიმზიდველი, ქარიზმატული პიროვნება აღმოჩნდა, რომელიც ერთი ნახვით შეუყვარდა.. მეორე დღესვე დაინიშნნენ და უმოკლეს ვადაში დაქორწინდნენ..
დე კერლორი თავს, ექსტრასენს დეტექტივად, კრიმინალურ ფსიქოლოგად, ექიმად და ლექტორად ასაღებდა.. ანაზღაურებასაც, როგორ “მსოფლიოში ცნობილი დოქტორ დე კერლორი”, ისე იღებდა.. ელზა კი, ამ თაღლითურ სქემებში, მისი მეუღლის თანაშემწის როლს ასრულებდა.. თუმცა, მალევე წყვილს იძულებით მოუწიათ ინგლისის დატოვება, დე კერლორის არალეგალური საქმიანობის გამო..
ჯერ პარიზში გადავიდნენ, შემდეგ კანში, ნიცაში, მონტე კარლოში, ბოლოს კი ნიუ იორკში წავიდნენ.. გზადაგზა კი, საქორწინო მზითვად გადაცემულ თანხებს ხარჯავდნენ, რაც ელზას მისი მშობლებისგან მსუყედ გადაეცა.. კაზინოები, სასმელი, თუ ნარკოტიკული გართობა, ძვირადღირებულ საცხოვრებლებში დარჩენა.. თუ სხვა თუ სხვა..
დე კერლორმა, ვისზეც ელზა ბრმად იყო მინდობილი და უგზოუკლოდ შეყვარებული, ყველანაირ მის თაღლითურ განზრახვებში მონაწილეობდა.. საბოლოოდ ამერიკაში, ფედერალური ბიურო დაინტერესდა მისი საქმიანობით, მას ბოლშევიკურ და კომუნისტურ რევოლუციონერებთან თანამონაწილეობაშიც სდებდნენ ბრალს, რაც საბოლოოდ აღიარა კიდეც.. ელზას კი თავი დაადანაშაულებინა, ვითომ, ის ბოსტონის ჩრდილოეთ ნაწილში, იტალიელებს ბოლშევიზმის პრინციპების შესახებ ასწავლიდა, და რომ მას ჰქონდა ცოდნა ასაფეთქებელი მოწყობილობების აწყობის შესახებ.. მიდიოდა საუბარი მათ დეპორტაციაზე, თუმცა, საკმაოდ საინტერესო და იდუმალებით მოცულია ეს საკითხი, რადგან, ელზა და დე კერლორი არც დაადეპორტეს, და არც თაღლითური ექსტრასენსული საქმიანობა შეუწყვიტეს..
თუმცა…. შეწყდა მათი 6 წლიანი, თავგადასავლებიანი თანაცხოვრება, მალევე, როგორც კი მათ ქალიშვილი შეეძინათ.. ელზა თავის შვილს “გოგო”-ს ეძახდა! რა საინტერესოა არა? რატომ “გოგო”?
დე კერლორმა მიატოვა თავისი მეუღლე და შვილი ყველანაირი ფინანსების და პირობების გარეშე, საკმაოდ სტრესულ და დაბრკოლებებით სავსე გარემოებებში.. არსებობისთვის, ელზას, სხვადასხვა მიუღებელ და უცნაურ სამუშაოებზე დათანხმება უწევდა.. როცა, მისი საყვარელი მეუღლე, საყვარლებთან ერთად ატარებდა დროს, ელზას და გოგოს, კი არანაირ ფინანსურ დახმარებას არ უწევდა..
მართალია, მათი ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა, თუმცა, როგორც თავად შიაპარელი წერდა, ამ სიყვარულმა, მისი ცხოვრება ამოძრავებული ქარიშხალივით შეცვალა.. დე კერლორის ღალატი და სკანდალი შიაპარელისთვის პირადი ტკივილი იყო.. მაგრამ ამ ტკივილმა მასში ახალი ცეცხლი აანთო, რომელიც მომავალში მისი შემოქმედებითი ენერგიის წყაროდ იქცა.. ასე დაიწყო ელზამ თავისი კოლექციების შექმნა..
ქორწინებიდან 8 წლის თავზე, ისინი ოფიციალურად განქორწინდნენ..
განქორწინებიდან 3 წელიწადში შიაპამ, თავისი პირველი, ყველაზე ძლიერი, მომაჯადოვებელი და თვალისმომჭრელი კოლექცია წარუდგინა პარიზის მოდის სამყაროს.. ამ კოლექციამ სრული აღფრთოვანება და ელზას მომენტალური პოზიციონირება განაპირობა, მოდის ინდუსტრიაში!
ამ უდიდესი წარმატებიდან, ერთი წლის თავზე კი, დე კერლორი მექსიკაში საეჭვო გარემოებებში მოკლეს, რაც დღემდე უცნობად რჩება.. ვფიქრობ, ამან განაპირობა, ელზას სიურეალიზმში გადავარდნა..
შიაპას სერიოზული სასიყვარულო ურთიერთობა მას შემდეგ, არც არავისთან ჰქონია..
ამ წარსული გამოცდილებების ფონზე, ელზას შემდგომი ცხოვრება, სავსე იყო იდუმალი კავშირებითა და შთაგონებით.. ამბობენ, რომ მისი ყველაზე ლამაზი ნამუშევრები – მათ შორის ლეგენდარული ლობსტერის კაბა, სალვადორ დალის სიურრეალისტური ხედვით შეიქმნა.. ეს კაბა ფანტაზიისა და რეალობის უნიკალური შერწყმა იყო, რომელშიც ასახულია იუმორი, ეროტიკა და მტკივნეული მოგონებები, რასაც შიაპარელი ხშირად ფარულად ტოვებდა თავის დიზაინებში..
მისი კარიერის ყველაზე ცნობილ სიმბოლოდ ვარდისფერი გახდა.. მაგრამ ეს უბრალოდ ვარდისფერი კი არაა – ეს იყო “შოკისმომგვრელი ვარდისფერი”, ფერი, რომელიც შიაპარელის სიტყვებით, გამოხატავდა იმ გაბედულებას, რომელიც მისი ტკივილისა და სიყვარულის ისტორიიდან დაიბადა.. ეს ვარდისფერი იყო მისი სიმბოლო – ფერი, რომელიც მთელ ეპოქას ახსოვს, როგორც ვნებისა და გამბედაობის გამოხატულება..
ხშირად ვფიქრობ, როგორ აყალიბებს სიყვარული – მისი არსებობაც და არარსებობაც – შემოქმედებითობას?! შიაპარელის ცხოვრება, სწორედ ამის მაგალითია: ტკივილი და იმედგაცრუება, მისთვის, არა მხოლოდ დასასრული, არამედ ახალი დასაწყისი გახდა.. მისი ცხოვრება გვასწავლის, რომ მოდა, მხოლოდ ინდუსტრია კი არა, ეს სულიერი დღიურია, ქსოვილსა და ფერებში დაწერილი..
თქვენ გაქვთ ფერი, რომელიც თქვენს სიყვარულის ისტორიას ჰგავს?
ჩემთვის ეს ღრმა წითელია – ნიშანი ნედლი, ძლიერი ემოციების, რომლებიც წინ მიგვიძღვიან, როგორც შიაპარელის “შოკისმომგვრელი ვარდისფერი” მისი გულწრფელი ამბების ნაწილი გახდა..
სიყვარულით და შთაგონებით,
მარიამი