ალბათ რთულია ისეთი სამყაროს წარმოდგენა, სადაც არ გვყავს ნათესავები, ახლობლები, მეგობრები, ზოგადად სანდო და საყვარელი ადამიანები, რომელთაგანაც ვიღებთ მხარდაჭერას, გვერდში დგომას, გამხნევებას, სიყვარულს..
რთულია ისეთი სამყაროს წარმოდგენაც, სადაც ერთმანეთთან საუბრის, აზრების და ფიქრების მიმოცვლისა და გამოცდილების გაზიარების გარეშე ვიცხოვრებდით..
ჩვენ სოციალური არსებები ვართ.. შესაბამისად, ურთიერთობები ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ასპექტია.. ის, უდიდეს როლს ასრულებს ჩვენი პიროვნების ჩამოყალიბებაში.. დაბადებიდან დამოკიდებული ვართ სხვადასხვა პიროვნული მახასიათებლების ადამიანებზე და ჩვენივე კეთილდღეობას, მომავალში კი ჩვენივე პიროვნების ჩამოყალიბებას, ეს ფაქტორი გამოკვეთილად განაპირობებს.. ამასთანავე, ჩვენი პიროვნების ჩამოყალიბებაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ინტიმური და ინტერპერსონალური ხასიათის ურთიერთობები..
სწორედ ამიტომაა, რომ “ურთიერთობის” კონტექსტი ხშირად გამოიყენება რომანტიკულ ურთიერთობებზე საუბრისას, თუმცა ტერმინს ბევრად ფართო მნიშვნელობა აქვს..
ურთიერთობები ეხება ადამიანებს შორის კავშირებს, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება.. ეს მნიშვნელობა მოიცავს როგორც ახლო ნათესავებს, ოჯახის წევრებს და თანამშრომლებს, ასევე სკოლის, უნივერსიტეტის, სამეზობლო სოციუმის, თუ უბრალოდ ქუჩაში შემხვედრ ადამიანებს შორის ურთიერთობებს..
ის განისაზღვრება, როგორც კავშირი ორ ან მეტ ადამიანს შორის და ამ კავშირმა შეიძლება მოახდინოს, როგორც დადებითი, ისევე უარყოფითი გავლენა ჩვენზე და ჩვენს პიროვნებაზე..
შეგვიძლია გამოვარჩიოთ ურთიერთობის სხვადასხვა ტიპები, რომლებიც თავის მხრივ გვიყალიბებს პიროვნულ თვისებებს და ჩვენს მიდგომებს ასეთ ურთიერთობებში:
- სოციალური ურთიერთობები – ამ ტიპის ურთიერთობები შედგება ჩვენი ნაცნობებისა და კავშირებისგან საზოგადოებაში, რაც ხშირ შემთხვევაში მიგვითითებს, თუ როგორ ვიმოქმედოთ და მოვიქცეთ, ფართო საზოგადოებაში..
- პროფესიონალური/საქმიანი ურთიერთობები – ჩვენ ვურთიერთობთ თანამშრომლებთან, კლიენტებთან, ხელმძღვანელებთან; ამ ურთიერთობებით დგება ჩვენი სახე საქმიან საზოგადოებაში..
- რომანტიკული ურთიერთობები – ურთიერთობის ეს ტიპი, ინტიმური ურთიერთობაა ორ ადამიანს შორის, რომელიც ავითარებს ფიზიკურ და ემოციურ კავშირს, ამასთან გვიყალიბებს და ერთგვარ გზამკვლევად იქცევა, ჩვენი მისაწრაფებების, სურვილებისა და პარტნიორთან ურთიერთობების განვითარებაში..
- ოჯახური ურთიერთობები – მოიცავს მშობლებთან, დედმამიშვილებთან და ნათესავებთან ურთიერთქმედებას.. ეს ურთიერთობები საბაზისოა ყველა ადამიანისთვის სიყვარულის უნარისა და ჰუმანური თვისებების ჩამოყალიბების პროცესში..
- მეგობრობა – ცნობილია, როგორც ჩვენს მიერ არჩეული ოჯახი.. ამგვარი ურთიერთობა ვითარდება და ძლიერდება მხარდაჭერით, გულწრფელობით, ძლიერი ურთიერთკავშირით და ნდობით..
მეცნიერები გამოყოფენ ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტსაც.. ესენია:
- სოციალური გაცვლის თეორია – ამ თეორიის მიხედვით, ადამიანები ინარჩუნებენ ურთიერთობებს ორმხრივი სარგებლისთვის.. რაც ნიშნავს, რომ ადამიანები აფასებენ ურთიერთობის ღირებულებებს, სარგებელს და ისწრაფვიან მაქსიმალური სარგებლისკენ მინიმალური დანახარჯებით.. ასეთი ურთიერთობების შემთხვევაში სარგებელი მოიცავს, როგორც სიყვარულს და ყურადღებას, ასევე ფულად მოგებას.. მინიმალურ დანახარჯებში კი იგულისხმება ის ძალისხმევა, რომელსაც ადამიანი ავლენს გარკვეული ურთიერთობების შესანარჩუნებლად..
- მიჯაჭვულობის თეორია – ეს თეორია ფოკუსირებულია ძირითადად რომანტიკულ ურთიერთობებზე და ამით გამოწვეულ პიროვნულ ვალდებულებებზე.. მიჯაჭვულობის თეორია აანალიზებს ურთიერთობაში ჩამოყალიბებულ ემოციურ კავშირებს.. ხოლო, თავად ეს ასპექტი ყალიბდება ადრეულ ბავშვობაში და გავლენას ახდენს მომავალ ურთიერთობებზე..
- სოციალური იდენტობის თეორია – ეს თეორია ხაზს უსვამს სოციალური კატეგორიზაციის როლს ურთიერთობებში, განსაკუთრებით ინტერპერსონალური ხასიათის ურთიერთობებში.. იგი ითვალისწინებს ადამიანის სოციალურ ქცევას მათი მოტივაციის შედეგად, იქნება ეს შინაგანი თუ გარეგანი..
- ურთიერთდამოკიდებულების თეორია – ამ თეორიის მიხედვით, ინტერპერსონალური ურთიერთობები განისაზღვრება ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულებით.. ეს არის პროცესი, რომლითაც ადამიანები გავლენას ახდენენ ერთმანეთის გამოცდილებაზე..
- სიყვარულის სამკუთხა თეორია – ამ თეორიის მიხედვით, სიყვარულს სამი ძირითადი კომპონენტი აქვს, ესენია: ინტიმური ურთიერთობა ან ემოციური სიახლოვე, ვნება ან მიზიდულობა და ერთგულება.. ეს სამი ფუნდამენტური ასპექტი სხვადასხვა გზით ურთიერთქმედებს სხვადასხვა სახის ურთიერთობების შესაქმნელად..
მეცნიერები ასევე გამოყოფენ ურთიერთობების დინამიკის ძირითად ფაქტორებსაც, რადგან სწორედ დინამიკის ფორმირების ფაქტორების გააზრება ასრულებს მნიშვნელოვან როლს, ადრე არსებული ურთიერთობებიდან მიღებული გამოცდილებების ხარისხის ამაღლებაში, ახლის ჩამოყალიბების დროს..
ურთიერთობების დინამიკის ძირითადი ფაქტორებია:
კომუნიკაცია | ემოციური ინტელექტი | კონფლიქტები | მიჯაჭვულობის სტილი | ნდობა |
ეფექტური კომუნიკაცია გვეხმარება მივაღწიოთ წარმატებას ნებისმიერი სახის ურთიერთობაში | ერთმანეთის ემოციების აღქმა დიდ როლს თამაშობს ურთიერთობის ბუნების განსაზღვაში | როგორი ემოციური სტაბილურობით ვუმკლავდებით კონფლიქტებს წყვეტს ჩვენი ურთიერთობების ბედს | ერთმანეთის მიჯაჭვულობის სტილის შესწავლა ხელს შეუწყობს ქმედებების გააზრებას | ნებისმიერი ურთიერთობის საფუძელია და ქმნის ბალანს დაუცველობასა და საიმედოობას შორის |
შემდეგ ბლოგებში შემოგთავაზებთ, ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტების დეტალურ ჩაშლებს..
გისურვებთ ჯანსაღ ურთიერთობებს!
ანუკი მამუკაშვილი 🧚🏻♀️