ჩვენს ქვეყანაში ამბობენ, რომ ქართველები განსაკუთრებულ პატივს სცემენ ქალებს და განსაკუთრებით დედებს.. მათ როლს ყოველდღიურ ცხოვრებაში..
ამის აღსანიშნავად კი, სუფრაზე განსხვავებული სადღეგრძელოებიდან დაწყებული, ლექსიკაში გამოყენებული სიტყვებით დამთავრებული, ბევრი მაგალითი გვაქვს..
დიახ, ეს ნამდვილად მართალია..
ნამდვილად გამოირჩევა ქართული ოჯახი, მამაპაპური, ნამდვილი, ოჯახის მაგალითი..
სხვაგვარად როგორ უნდა იყოს?! ნამდვილი სიყვარულის და ურთიერთპატივისცემის სიმბოლო..
აი გეტყვით..
ალბათ გაგიგონიათ სიტყვა დედაბოძი.. ბევრისგან მსმენია ეს სიტყვა, როგორც დაფასების სიმბოლო.. სინამდვილეში კი, ეს სიტყვა პირდაპირ ასახავს ქალის იმ როლს, რომელსაც სამწუხაროდ დღემდე ბევრი აკისრებს ქალს და დედას.. მთელი ოჯახი პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ქალის ზურგზეა და მთელი ტვირთიც ქალზე მოდის ოჯახში..
ქალს, როგორც დიასახლისს, ოჯახის თითოეულ წევრზე ზრუნვა აწევს პასუხისმგებლობად..
იმ ელემენტარულით დაწყებული, რასაც საკვების მომზდება და სარეცხის დარეცხვა ჰქვია, დასრულებული დასუფთავებით და მარაგის შევსებით..
განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავს ამ დროს საზოგადოება, აბა როგორ პატივსაცემი ქალია, მთელს ოჯახზე ზრუნავს, დაღლილ ქმარს, რომელიც წამოწოლილია და ისვენებს წყალსაც კი თავად მიაწვდის კი არ ააყენებს..
მერე რა რომ თვითონ დილიდან არ გაჩერებულა, ადრე ადგა, მთელი ოჯახი ასაუზმა, შეიძლება სახლის დალაგებაც კი მოასწრო, ძლივს მოახერხა სამსახურში წასვლამდე თმის დავარცხნა, ყველა კი გაამზადა და გაუშვა თავის გზაზე..
მერე სამსახურიდან მოსულმა ვახშამი მოამზადა, დაალაგა, დარეცხა, ყველა საქმეს მიხედა, სანამ დაღლილი ქმარი ისვენებდა..
წყალიც მიაწოდა “დაღლილს, მთელი ოჯახის ტვირთი ხო ყოველითვის მამაკაცს აწევს კისერზე, ოჯახის უფროსს”..
სამაგიეროდ ოჯახის და საზოგადოების ტაშს იმსახურებენ ასეთი ქალები, ოჯახზე მზრუნველები საკუთარი თავი რომ არც ახსოვთ, ისე არიან შეჩვეულები სხვების სურვილების და საჭიროებების დაკმაყოფილებას..
ესაა ნამდვილი ოჯახი, ნამდვილი სიყვარული..
აბა როგორ გინდა, ოჯახს რომ ქმნი მას გაფრთხილებაც სჭირდება..
განსაკუთრებით დიდი პატივისცემა და სიყვარულია ქალის მიმართ დღესასწაულებზე..
დიდ სუფრებზე ქალის, დიასახლისის, დედის სადღეგრძელოს განსხვავებულებით სვავენ და ასე უხსნიან სიყვარულს..
აბა ისე როგორ, რამხელა სიყვარულია ჩაქსოვილი თითოეულ სადღეგრძელოში, ყველა ქალისგან როგორი დასაფასებელია თითოეული წვეთი სასმელი..
ქალისგან, რომელიც სუფრის გაშლამდე რამდენიმე დღე ამზადებდა საკვებს, სხვადასხვა კერძებს..
შემდეგ მთელი დღე ტრიალებდა, შლიდა და ალაგებდა და ახლა, როდესაც სტუმრები მოვიდნენ ძლივს რომ დგას ფეხზე და ჭამის თავიც არ აქვს, შეუსვენებლად მასპინძლობს სტუმრებს, და ხან რა მიაქვს სუფრაზე ხან რა..
დასაფასებელია სადღეგრძელო აბა ისე როგორ?!
ამხელა სიყვარული, პატივისცემა და მზრუნველობა ჩადო მისმა ქმარმა თითოელ იმ სადღეგრძელოში, რაც დალია და თავისი სიყვარული აგრძნობინა ოჯახის ნამდვილ ბურჯს და დიასახლისს..
ერთი ორი უკბილო ხუმრობაც შეიძლება გაურიოს იქ კაცმა, ნამდვილი სიყვარულის გამოსახატავად, მაგალითად “რა ეშველებოდა მე რომ არ შემხვედროდა” და მისთანანი…
მნიშვნელოვანია ასეთ მოსიყვარულე ოჯახში სასაუბრო თემებიც აღინიშნოს, რომელიც ძირითადად ბავშვების გარშემო ტრიალებს, შეიძლება ერთი-ორი სიტყვა სახლის საჭიროებებზეც ითქვას, თუმცა უმეტესი ეს სიტყვები დავიწყებულია ხოლმე..
აი თუ რამეა სახლში დაზიანებული და გაფუჭებული საბოლოოდ ძირითადად ქალის გასაკეთებელი უნდა გახდეს.. მოსიყვარულე და მზრუნველ ოჯახში ქალი მრავალ პროფესიას ითავსებს, აბა კაცი სულ მუშაობს, დაღლილი ბრუნდება და ხო უნდა დასვენება?!
აი ქალები კი არ იღლებიან..
ხო კიდევ მზრუნველ და მოსიყვარულე კაცს, რომლის კისერზე რათქმაუნდა მთელი ოჯახია, ხანდახან შეიძლება თვალი გაექცეს მოვლილი, მოწესრიგებული გაპრანჭული ქალისკენ, მერე რა, ის ხომ კაცია?! რა შავდება ამით?! მის ცოლს ხომ არ აქვს იმდენი დრო, რომ გაიპრანჭოს, ან რად უნდა ის ხომ ისედაც ლამაზია…
რომც შეიცვალოს რამე გარეგნობაში შეიძლება ვერც კი შეამჩნიოს ქმარმა ან თუ შეამჩნია ეჭვის მიზეზი გახდეს ან ისეთი ფრაზის, როგორიც არის ”სად გქონდა მაგის დრო”, “ისედაც ლამაზი ხარ, რა საჭიროა თმა შეიღებო” და ა.შ.
გასაკვირია თუმცა კაცების დიდმა ნაწილმა სარეცხი მანქანის ჩართვაც კი არ იცის, თუმცა სათქმელი ხშირად ხდება, რომ მანქანა რეცხავს და არა ქალი, რომ ამ ეპოქაში ყველაფერს მანქანა აკეთებს და ქალს ბევრი საქმე აღარ აქვს..
საბოლოოდ გამოდის, რომ ქალების პატივისცემა, რომელსაც თავისთავად ისედაც იმსახურებენ , პირველ რიგში როგორც ადამიანები და შემდეგ სხვა ბევრი თავისთავადი მიზეზის გამო, იმიტომ კი არ არის გამოწვეული, რომ ასე უნდა იყოს, არამედ იმიტომ, რომ, რომ არა ასეთი-ქალები, ამ კაცებს არამც თუ ოჯახი ჩამოექცეოდათ თავზე, არამედ საკუთარ ,ელემენტარულ საჭიროებებსაც” ვერ დაიკმაყოფილებდნენ..
ასეა , საქართველოში განსაკუთრებულ პატივს სცემენ ქალებს, განსაკუთრებულად უყვართ ქმრებს და განსაკუთრებულად ზრუნავენ ცოლებზე.. გრძელ სადღეგრძელოებს უძღვნიან და ლექსიკაშიც კი აქსოვენ ამ სიყვარულს ქალის როლის მიმართ..
პ.ს. ტექსტის ზოგიერთი ნაწილი შეიცავს ირონიას.
ნინო ირემაშვილი 🌸