ავტორი: სოფო არდაზიშვილი
ადამიანები სიყვარულს სხვადასხვანაირად გამოხატავენ და აღიქვამენ – ზოგისთვის ეს სიტყვებია, ზოგისთვის კი, ერთად გატარებული დრო. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ყველაზე დიდ სიყვარულს მაშინ გრძნობენ, როცა მათზე კონკრეტული ქმედებით ზრუნავენ.
„Acts of Service“, ანუ ქმედებით გამოხატული სიყვარული, გარი ჩეპმენის მიერ აღწერილი სიყვარულის მესამე ენაა, რომელიც გვახსენებს, რომ ზოგჯერ „მიყვარხარ“ ნიშნავს: „შენი საყვარელი კერძი მოგიმზადე“, „დაგეხმარე საქმეში“, ან უბრალოდ „შევამსუბუქე შენი დღე“.
რას ნიშნავს ქმედებით გამოხატული სიყვარული?
თუ შენთვის მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორი ყოველდღიურ საქმეებში გეხმარებოდეს – მაღაზიიდან პროდუქტები წამოიღოს, დილით ბავშვების მომზადებაში დაგეხმაროს, შენს მაგივრად იზრუნოს ამა, თუ იმ საჭიროებებზე და ა.შ. არ დაიშუროს წვრილი, თუ მსხვილი ქმედებები, და ეს ყველაფერი შენში სიყვარულის განცდას აძლიერებს, მაშინ დიდი ალბათობით, შენი სიყვარულის ენა, სწორედ ეს არის – ქმედებით გამოხატული სიყვარული, და აქვე, თუ ის, ამ ყველაფერს ბუნებრივად, თავისი ინიციატივით, ანუ ამაზე შენგან ღია კომუნიკაციის გარეშე აკეთებს – მაშინ, დიდი ალბათობით, მისი სიყვარულის ენაც ქმედით გამოხატულებაშია, და ამ გზით გაგრძნობინებს, როგორ ძლიერ უყვარხარ და ზრუნავს შენზე.
ხშირად, სიყვარულის ეს ენა აქვთ ადამიანებს, რომლებიც თავადაც ბევრს აკეთებენ სხვებისთვის – მათთვის სიყვარული სწორედ ქმედითი პასუხისმგებლობის აღებას უკავშირდება.
სიყვარულის მესამე ენა გულისხმობს გრძნობების გამოხატვას ქმედებებით, რომლებიც ცხოვრებას გვიადვილებს, გვიბალანსებს და გვაგრძნობინებს, რომ მარტო არ ვართ.
გარი ჩეპმენის ამბობს:
„როდესაც ვიღაცას ვეხმარებით, ვაგრძნობინებთ, რომ ის ჩვენთვის ღირებულია! სიყვარული მოქმედებაში – ეს არის ზრუნვა სიტყვების გარეშე.“
თუ შენი პარტნიორის სიყვარულის ენა სწორედ ეს არის, ის სიყვარულს ყველაზე მეტად მაშინ გრძნობს, როცა ეხმარები, ყურადღებას აქცევ და მხარში უდგახარ. ანუ სიტყვითი გამოხატულების, დროის ერთად გატარების და სხვა თანმხლები სიკეთეების გარდა, ქმედებებით აგრძნობინებ, რომ ის შენთვის ძვირფასია.
როგორ გამოვხატოთ სიყვარული ამ ენით?
გაგიზიარებთ რამდენიმე გზას:
- დახმარება ყოველდღიურ საქმეებში!
რთულია დაკონკრეტება, თუმცა იმას გეტყვით, რომ შეგიძიათ ამ რჩევაში, ის ყველაფერი მოიაზროთ, რაც თქვენი წყვილის ოჯახურ ურთიერთობაში იგულისხმება და წარმოშობილი საქმეების შემამსუბუქებელი იქნება. დროის ეფექტურობასა და ენერგიის დაზოგვასთან ერთად, ამ გზითაც შეგიძიათ გაუმარტივოთ ერთმანეთს – ერთმანეთის სიყვარული.
- ჩვეულებრივზე მეტი ყურადღება!
თუ იცი, რომ რთული დღე აქვს, დააორგანიზე რაღაცები მის ნაცვლად, შეუმსუბუქე დატვირთვა და დაანახე, რომ მის კეთილდღეობაზე ზრუნავ. თუ რამე განსაკუთრებული არ შეგიძლია დაგეგმო, ან რაიმე სიურპრიზით გაახარო, შეგიძლია უბრალოდ გემრიელი საუზმე მოუმზადო, ან ყავაზე გაასეირნო – მსგავსი თითქოს უმნიშვნელო დეტალები ზრუნვის განცდას ტოვებს, ზრუნვა კი, მისთვის პირდაპირ სიყვარულთან და გვერდში დგომასთან ასოცირდება, სიძლიერეს მატებს.
- შეასრულე დაპირებები!
ხშირად ისიც საკმარისია, რომ დაპირებულ საქმეს არ გადაავადებ – ეს ერთდროულად პასუხისმგებლობასა და სიყვარულს ავლენს შენი მხრიდან! არ დაპირდე, თუ დარწმუნებული არ ხარ, რომ გინდა, ან შეძლებ მის შესრულებას. დაპირებების შეუსრულებლობა და შემდეგ ამ ყველაფრის უყურადღებოდ გატარება, მასში მილიონობით კითხვას გააჩენს, თანაც ამ ყველაფერს შენი მხრიდან სიყვარულის ნაკლებობას დაუკავშირებს.
როგორ გამოვლინდება ეს ენა ურთიერთობებში?
ვინც ამ ენაზე „საუბრობს“, მისთვის ქმედება ბევრად მეტია, ვიდრე სიტყვა! შეიძლება „სიყვარულის ახსნამ“ ნაკლებად იმოქმედოს, თუ რეალური ქმედითი მხარდაჭერა არ მოჰყვება!
ასეთი ადამიანი სიყვარულს იქ ხედავს, სადაც გამხელილ გრძნობას რეალური ფორმა აქვს!
რა უნდა გაითვალისწინო, თუ შენ გვერდით ამ სიყვარულის ენაზე მოსაუბრე ადამიანია?
უყურადღებობა ან უპასუხისმგებლობა: თუ დახმარების მზაობას არ იჩენ, ან ხშირად ივიწყებ დეტალებს, ის თავს უგულებელყოფილად იგრძნობს.
დაპირებების შეუსრულებლობა: თუ უთხარი, რომ რამეს გააკეთებ და არ აკეთებ? მისთვის ეს უბრალოდ საქმე არ არის, შესაძლოა ამან შენი მისდამი გრძნობები ეჭვქვეშაც დააყენოს.
„ყველაფერს მარტო ვაკეთებ“ განცდა: თუ ასეთ ადამიანს ქმედებებით არ უდგახარ გვერდში, მას ურთიერთობაში მარტო ყოფნის განცდა უჩნდება, რაც მისთვის საკმაოდ მტკივნეულია.
პატარა რჩევები
თუ შენი პარტნიორის სიყვარული ასე ვლინდება, მნიშვნელოვანია გახსოვდეს, რომ:
- არ დაელოდო თხოვნას – დაკვირვებით მოეკიდე და ეცადე შენითვე მიხვდე, როდის სჭირდება დახმარება.
- ქმედებით დაანახო, რომ მისი “საქმე” შენიც არის და როგორც შეგიძლია ისე იზიარებ.
- არ ჩათვლო მისი ქცევა მოვალეობად – გახსოვდეს, რომ ეს მისი მხრიდან გამოხატული სიყვარულია.
სიყვარული მხოლოდ სიტყვა ან ემოცია არ არის, ის ქმედებაცაა, და თუ შენს ურთიერთობაში სიყვარულის ეს ენაა მთავარი, ეცადე შენი მხარდაჭერა საქმით გამოხატო, რადგან ხანდახან ერთი ქმედება ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე ათობით სიტყვა.
თუ გაინტერესებს სიყვარულის პირველი ორი ენა, გაეცანი ჩვენს ბლოგს.
მომდევნო კვირას კი შემოგთავაზებთ სიყვარულის მეოთხე ენის განხილვას – საჩუქრების ჩუქების მნიშვნელობას და მის სწორად აღქმას.
სიყვარულით,
სოფო🌸