შენი აზრით.. მოგწონს, ეტრფი, თუ გიყვარს?

შენი აზრით.. მოგწონს, ეტრფი, თუ გიყვარს?

მოიცადე, მოიცადე, ჯერ არ მიპასუხო!
ჯერ, მე გეტყვი რა განსხვავებაა ამ სამ გრძნობას შორის, რომ უფრო ზუსტი იყოს შენი პასუხი..

როდესაც ადამიანი მოგწონს – შენ მოგწონს მისი სხეული, სახე, თმა… ხომ ხვდები, ვიზუალურად მოგწონს.. მოგწონს მისი ხმის ტემბრი, ან თუ ძალიან გაგიმართლა, ხასიათიც.. მოგწონს ისე, როგორც ვაზაში ჩადებული ლამაზი ყვავილი..
შენ ამ ყვავილის მიმართ პასუხისმგებლობა არ გაკისრია, მისთვის არაფრის გაკეთება არ გიწევს და არც მისგან ელი რაიმეს, უბრალოდ, როცა გვერდს ჩაუვლი, მოგწონს!

ტრფობა?! ტრფობა შედარებით რთული რამაა..
ეტრფი მას, ვისი ან რისი მხოლოდ გარეგნობა კი არა, შინაგანი სამყაროც გიზიდავს.. ტრფობა ხშირად ერევათ ხოლმე სიყვარულში.. ასეა, რთულია ამ ორის ერთმანეთისგან გარჩევა და ძალიან ხშირად სწორედ ეს გაურკვევლობა ქმნის ხოლმე წყვილს შორის პრობლემას, როდესაც ერთს უყვარს, მეორე კი ეტრფის.. მარტივად რომ გითხრა, ტრფობა სიყვარულის უმცროსი ძმაა..

რატომ?! როცა ეტრფი, მისთვის ბევრ რამეს გააკეთებ.. მაგალითად? მაგალითად მისი ნახვისთვის ფეხით მოივლი დუნიას.. როცა ეტრფი, მასზე ზრუნვას იწყებ.. ღელავ, როცა ცუდადაა და გიხარია მისი ბედნიერება..
როცა ეტრფი, ის მუდამ შენს ფიქრებშია,მისთვის შეიძლება იმდენი დათმო, მაგრამ…. ტრფობასაც აქვს საზღვრები!

დათმობ იქამდე, სანამ შენს თავთან იქნები მართალი.. სანამ შენივე თავის საწინააღმდეგოდ არ მოგიწევს წასვლა, მაგრამ ამის იქით ვეღარ..

როცა ეტრფი, ის შენთვის მნიშვნელოვანია! იმდენად მნიშვნელოვანიც კი, რომ მასთან საუბარში დღისა და ღამის გადაბმაც კი შეგიძლია, მაგრამ…..

ტრფობას საზღვრები აქვს, სიყვარულს კი არა!

რა?! ჩემთან გაქვს გიკთხვა?
მკითხე, ვეცდები გიპასუხო..
მე?! გაინტერესებს მე მყვარებია თუ არა?
იცი?! სიმართლე გითხრა, არ ვიცი!

მისი დანახვისას გული ამჩქარებია, თითოეული დარტყმა ისეთი სიზუსტით მიგრძვნია, გეგონება მკერდში გული კი არა, ბარაბანი ჩამიდესო.. ვერ გეტყვი მყვარებია თუ არა, მაგრამ მის გამოჩენას გაზახული ბევრჯერ მოუყვანია! მისი დანახვისას გარშემო ფერები ისეთი მკვეთრი გამხდარა, თვალიც ხშირად მოუჭრია.. არ ვიცი, რა მიგრძვნია და რა არა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მისი ტკივილი მკლავდა და ბედნიერება მასზე მეტად თუ არა, მის მსგავსად მიხაროდა.. იმდენად მიგრძვნია, რომ ბევრჯერ ფიქრითაც კი შევხებივარ..

განმიცდია თუ არა სიყვარული?! არ ვიცი!
მისთვის მილოცია!
ჩრდილითაც კი ამომიცვნია.. მისი იქ ყოფნა შორიდანვე მიგრძვნია..

მყვარებია?! შეიძლება კი, შეიძლება არა!
მისი ცქერისას ახლიდან დავბადებულვარ, ერთი ნახვისთვის დაუძლურებულსაც კი მომივლია არემარე.. სიცოცხლე და სიკვდილი, დაბადება და გარდაცვალება მის მზერაში გამომიცდია.. ჯოჯოხეთშიც ჩავსულვარ და სამოთხის კართანაც ვმდგარვარ მის მოლოდინში.. ეშმაკიც ვიყავი და ანგელოზიც, სულელიც და ჭკვიანიც..
მყვარებია?! მის შემოხედვაზე საკუთარი თავი დამიკარგავს..
მიმიტოვებია!

ვერ ხვდები არა?! არც მე ვიცი რა განმიცდია! ვერც მე გეტყვი მიყვარდა, თუ არა ადამიანი, რომელიც…….. მოდი,ახლა შენზე ვისაუბროთ!

მედი გუმბერიძე 🫶🏻