შვილი🌸

შვილი🌸

სიყვარული მთელი თავისი არსით, ხორცშესხმული, გამოუხატავი, თუ გამოხატული, პირველ რიგში მიდის დედობასთან.. წარმოუდგენელი გრძნობაა გიყვარდეს უპირობოდ, უსიტყვოდ, გამოუთქმელად..

წამი როდესაც იგებ, რომ მალე ახალი სტატუსი გექნება, ახალი და უსასრულო, შეუცვლელი დიახ უსასრულო ალბათ დედობაა ის, რაც ნამდვილად უსასრულო და უპირობოა..

იმ წამიდან, რა მომენტიდანაც ამ სტატუსს მიიღებ ყველა გრძნობა და განცდა ერთმანეთში ირევა.. ენით აღუწერელი სიხარული და ბედნიერება, შიში, გაურკვევლობა, შენი თავის უკმაყოფილება, რომ თურმე ყველაფერი არ გცოდნია, რამე არ დააკლო და მოაკლო იმ არსებას, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს და რომელიც ყველაფრით შენზეა დამოკიდებული..

რაღაც უხილავი ჯაჭვი ჩნდება, რომელსაც იცი, რომ ვერასდროს და არასდროს გაწყვეტ და არც გენდომება..

თუმცა ამ უსასრულო ბედნიერებას თან მოსდევს გაუცნობიერებელი შიში იმ სამყაროსი, რომელშიც ხარ.. ყველა და ყველაფერი გაშინებს, არსაიდან მოტანილი არარეალური მიზეზები ემუქრება ბავშვს, რომელსაც მხოლოდ შენ ხედავ და საოცარ ქაოსში იძირები..

სხვა ყველაფერთან ერთად, პირადად მე ჩანასახიდანვე განვიცადე ფაქტი, რომ როდესაც გაიზრდება მას აღარ დავჭირდები ან უბრალოდ შორს წავა და ისე ახლოს ვეღარ იქნება, როგორც ახლა, ისე ვეღარ იქნება დამოკიდებული ჩემზე, როგორც ახლა.. თურმე არსებობს ორი სახის მშობიარობა – ფიზიკური და ფსიქოლოგიური.. ფსიქოლოგიურია მშობიარობა, როდესაც დედა თავის შვილს ნელ-ნელა აძლევს საშუალებას განვითარდეს და მიიღოს დამოუკიდებლობა.. აი შემდეგ მომავალში 40 წლის ბავშვი რომ არ შეგვრჩეს ხელებში, თუმცა მას შემდეგ, რაც მშობელი მქვია სრულიად ვხვდები, რაოდენ რთული ყოფილა დაჯაბნო საკუთარი თავი და ემოციები, რათა ბავშვს თავიდანვე ასწავლო დამოუკიდებლობა და ის ეგოისტური მე მოიშორო თავიდან, რომელიც შიგნიდან გჭამს და ისაკუთრებს ამ უსაყვარლეს არსებას.. რთულია, თუმცა მშობლები უნდა ვიაზრებდეთ იმ ფაქტს, რომ აუცილებელია, ეს ის ნაბიჯებია, რომელსაც გვერდი არ უნდა ავუქციოთ და პირისპირ გავუსწორდეთ საკუთარ ემოციებსა და მიჯაჭვულობას..

მას შემდეგ, რაც დედა ხდები, ყველა სიკეთეს, სიხარულსა და ბედნიერებას თან მოსდევს მუდმივი შეუსვენებელი და შეუჩერებელი დაძაბულობა, რომელიც არასდროს გადის.. პასუხისმგებლობა, რომელიც მიიღე სამუდამოა.. ეს ის სტატუსია, რომელმაც არ იცის არც ავადმყოფობა, არც შვებულება აქვს და არც არასდროს ისვენებს, ცხოვრების არც ერთ ეტაპზე.. ცხოვრება დანაღმულ ველს ჰგავს, სადაც მუდმივი სიფხიზლე, გაასმაგებული ყურადღება, დაკვირვება და ცოდნაა საჭირო რათა არაფერი დაიშავოს ბავშვმა, არც ფიზიკურად და არც ფსიქოლოგიურად.. გადაჭარბებული სიყვარულით არც ძალიან გათამამდეს და გათავხედდეს, და არც ზედმეტად ჩაკეტოს თავის ემოციები და გამოხატვის ფორმა..

ყველაზე რთულია ასწავლო ყველაფერი ნულიდან, ჭამიდან დაწყებული, ემოციებით დასრულებული.. მარტივი არ არის ბავშვს შეასწავლო ანბანი ან რიცხვები, თუმცა კიდევ უფრო რთულია ასწავლო სწორად ემოციების ქონა და მათი გამოხატვა, აღზარდო სწორად, იპოვო ის ოქროს შუალედი, სადაც არც ზედმეტი მოგივა რაიმე და არც არაფერს მოაკლებ, რომ მომავალში არ დაიჩაგროს.. ყოველი სიტყვა, გრძნობა, მოქმედება გათვლილი და გაწონასწორებული უნდა იყოს, ხოლო ფსიქიკა დალაგებული, მაშინ, როდესაც საოცარ ქაოსში იძირები..

ამ ქაოსის, უსასრულო დაღლისა და უდიდესი პასუხისმგებლობის მიუხედავად, ეს არის სიყვარული, რომელსაც ვერც ერთი სხვა გრძნობა ვერ შეედრება, გრძნობა რომელიც საოცრად გავსებს და გაგიჟებს.. ბავშვი, რომელიც უდიდესი სიყვარულის სიმბოლოა, და რომლის ერთი ღიმილი სამყაროს გირჩევნია, ხოლო მისი ტირილი კი საოცრად გფლეთს და განადგურებს..

ბავშვი, რომელიც უსასრულო მოთმინებას, სითბოსა და მზრუნველობას გასწავლის, რომელიც გაძლევს მოტივაციას, რომ მეტი ისწავლო, მეტად განვითარდე, რომ სძლიო საკუთარ ჩვევებსა და სურვილებს და შეიცვალო უკეთესობისკენ, ჯანსაღი ცხოვრებისკენ, რომ მთელი შენი ფსიქოლოგია, ცოდნა და შეხედულებები შეცვალო და ამოატრიალო, იმისთვის, რომ ის აღიზარდოს სწორად, ზედმეტი ტრავმების, თუ მავნე ჩვევებისგან თავისუფალი!

შვილი – სიყვარული, რომელიც სიყვარულისგან შეიქმნა, უანგარო, წმინდა და უსასრულო..

ნინო ირემაშვილი 🌸