ავტორი: ნინო კიზირია
ხანდახან სიყვარული არ არის სიხარული..
შიში მოგიცავს ხოლმე.. ძალიან დიდი შიში!
შიში იმისა, რომ რაღაცას, ასეთ სუფთას, ვერ შეინარჩუნებ..
შიში იმისა, რომ საკმარისი არ აღმოჩნდები, ან პირიქით მეტისმეტი იქნები..
შიში იმისა, რომ გრძნობებით სავსე, ერთხელაც განადგურდები..
შიში მაშინ ჩნდება, როცა ხვდები, რომ იქ ხარ და ის გაქვს, რაც გაბედნიერებს, მერე კი, ეს ბედნიერება გაშინებს.. რომ დავკარგო?
სინამდვილეში ხომ არ არსებობს შიში? ჩვენ ვიგონებთ მასაც და მასთან ერთად, კითხვის ნიშნების დასმას ვიწყებთ იმ საკითხებზე, რაც ფაქტებითაა მრავალჯერ ხაზგასმული..
თუმცა მაინც..
გეშინია, როცა ვიღაც ფრთხილად ეხება იმ ადგილს, სადაც ადრე გტკიოდა და არ იცი — ტკივილი შესუსტდება, განიკურნება, გაქრება, თუ გაძლიერდება და უფრო მძიმე ჭრილობად გარდაიქმნება..
გეშინია იმის, რომ ვერ დაიცავ.. ვერ შეინახავ.. ვერ გაუძლებ..
გეშინია იმისიც, რომ ყველაფრის მიუხედავად, ბოლომდე ვერ ეტყვი ყელში მოწოლილ ფიქრებს, დარდს, წუხილს.. რომ ვერ გამიგოს?
გეშინია, რომ სხვადასხვა ემოციები ისე დაგიგროვდება გულში, რომ ერთ დღესაც ამოხეთქავს და ყველაფერს ფერფლად აქცევს..
თუ დაუკვირდები — ყველაზე მეტად, მაინც იმ სიჩუმის გეშინია, რომელიც მაშინ გაჩნდება, როცა ვიღაც მთელი ხმაურით დასახლდება შენში.. მერე კი დუმს..
პასუხი არ მოდის.. არც ფიზიკური, არც ემოციური..
პანიკურად გეშინია იმის, რასაც მთელი არსებით განიცდი..
ადგე და “უბრალოდ წახვიდე”.. ვერა.. სად მიდიხარ? გრძნობები არ გიშვებს.. და ის თუ წავა?
ასეა, როცა გიყვარს, გეშინია..
გეშინია სიჩუმის, და იმის რომ, ამ სიჩუმეს მოყვება სიტყვა — “მორჩა”.. დარჩები შენ, იმ გზაზე, რომელიც ერთმანეთის სიყვარულში უნდა გაგევლოთ..
თურმე, მხოლოდ სიყვარული არ იყო საკმარისი..
მოკლედ ქაოსი..
იძირები ჯერ არ მომხდარ მოვლენებში.. გეფინება სევდა, გეწყება შიშები.. იფუჭებ განწყობას, იფუჭებ ურთიერთობას, ბოლოს კი, ცხოვრებას..
უნდა გახსოვდეს ზეპირად, რომ შიში გონებიდან წამოსული (მისივე მოგონილი) შხამია, რომელიც მთელ ორგანიზმს ედება და დროულად თუ არ მიხედე, ნელ-ნელა მოგიშხამავს მთელ ცხოვრებასაც!
სიყვარულით,
ნინო🌸