წარმატებული ქორწინების მეექვსე პრინციპი

წარმატებული ქორწინების მეექვსე პრინციპი
ავტორი: სოფო არდაზიშვილი

ყველაზე ჯანსაღ ქორწინებაში მყოფი წყვილებიც კი აწყდებიან რთულ მომენტებს..

გქონიათ სიტუაცია, როდესაც ერთსა და იმავე საკითხზე ხშირად კამათობთ? რამდენჯერაც არ უნდა განიხილოთ, საბოლოოდ მაინც ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებთ.. თუმცა მთავარი პრობლემა, არა კონკრეტული მოუგვარებელი საკითხი, არამედ ისაა, თუ რას ვაკეთებთ ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად.

ჯონ გოთმენს ჩვენი ბლოგებიდან უკვე კარგად იცნობთ – ცნობილი ურთიერთობათა მკვლევარი და წიგნის  „წარმატებული ქორწინების 7 პრინციპის“ ავტორია, რომელიც ამბობს, რომ მსგავსი პრობლემები, ჩვენს აუხდენელ ოცნებებზე მეტყველებს. გამოსავლის პოვნაში კი, მის წიგნში განხილული მეექვსე პრინციპი დაგვეხმარება, რომლის შესახებაც დღევანდელ ბლოგში მოგიყვებით.

რა არის გამოუვალი მდგომარეობა?

გამოუვალი მდგომარეობა განმეორებითი კონფლიქტების ციკლია, რომელიც აგრესიას, წყენასა და ემოციურ დისტანციას იწვევს. თავს ჩიხში გრძნობთ, თითქოს გამოსავალი აღარ ჩანს. გოთმენი კი გვეუბნება, რომ ასეთი უთანხმოებების საფუძველი ხშირად ჩვენს გამოუთქმელ სურვილებსა და ღირებულებებში იმალება.

მიზანი არ არის „გამარჯვება“ 

გოთმენი გვიყვება, რომ უამრავი კონფლიქტი ქორწინებაში გრძელვადიანი ანუ „მარადიული“ ხასიათისაა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად გაანადგურებს ჩვენს ურთიერთობას, თუმცა საჭიროა ვისწავლოთ მათთან ერთად ცხოვრება და გვესმოდეს ერთმანეთის ფარული საჭიროებები.

1. აღმოაჩინეთ სურვილი კონფლიქტს მიღმა

ყოველთვის, როდესაც იგრძნობთ, რომ ჩიხში შეხვედით, ჰკითხეთ თქვენს თავს:

  • რატომ არის ეს ჩემთვის ასეთი მნიშვნელოვანი?
  • რა ღირებულებას ან ოცნებას ეხება ეს საკითხი?
  • რისი მეშინია, თუ ჩემი ეს მოთხოვნილება ვერ დაკმაყოფილდება?

იყავით გულწრფელი. შეიძლება ფიქრობდეთ, რომ უმნიშვნელო საკითხზე კამათობთ, თუმცა, ხშირად ეს მოუგვარებელი პრობლემა ღრმა შიშებსა და სურვილებს შეეხება.

2. შექმენით უსაფრთხო სივრცე დიალოგისთვის

გოთმენი ხაზს უსვამს მშვიდი, პატივისცემით სავსე და ემპათიური გარემოს საჭიროებას. უარი თქვით ერთმანეთის განკითხვაზე, „გამოსწორებაზე“ ან დანაშაულის გრძნობის გაჩენაზე. დაისახეთ მიზნად ერთი მარტივი რამ  – მოსმენა. თქვენი პარტნიორი უნდა გრძნობდეს, რომ მას უსმენენ და მის გრძნობებს პატივს სცემენ.

3. პატივი ეცით ერთმანეთის ოცნებებს

შეიძლება თქვენ სრულად ვერ იზიარებთ პარტნიორის ოცნებებსა და სურვილებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პატივისცემა გამოხატოთ. შეგიძლიათ უთხრათ: „ვხედავ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს შენთვის და მინდა, მხარი დაგიჭირო“ –  თუნდაც ეს თქვენი პირადი მიზნებისგან განსხვავდებოდეს. ასეთი ემოციური მხარდაჭერა აძლიერებს თქვენს ურთიერთობას.

4. იპოვეთ დროებითი კომპრომისი

არ არის აუცილებელი საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. საჭიროა მცდელობა „ჩიხიდან“ გამოსასვლელად. იპოვეთ, თუნდაც მცირე, კომპრომისები, რომლებიც მნიშვნელოვნად ამსუბუქებს დაძაბულობას.

5. იოცნებეთ ერთად

ჯანსაღი ქორწინება არ შემოიფარგლება მხოლოდ საყოფაცხოვრებო საკითხებით ხომ? მნიშვნელოვანია, რომ ისაუბროთ თქვენს ოცნებებზე, სამომავლო გეგმებზე და მოლოდინებზე. ასე თქვენი ურთიერთობა უფრო გაღრმავდება და თითოეული მცირე, თუ დიდი კონფლიქტი მარტივად დასაძლევი გახდება.

**

გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსვლა იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემა მთლიანად ქრება. ეს იმას ნიშნავს რომ „ძალაუფლებისთვის ბრძოლა“ მთავრდება. როცა ვსწავლობთ ერთმანეთის ოცნებებისა და საჭიროებების გაგებას, კონფლიქტი გადაიქცევა კავშირის გაღრმავების შესაძლებლობად. ესაა გოთმენის მე-6 პრინციპის არსი – ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი ხანგრძლივ, ძლიერ, სიყვარულზე ორიენტირებული ურთიერთობისთვის.

თუ ოდესმე გიგრძვნიათ, რომ ურთიერთობა ჩიხში შევიდა, გახსოვდეთ: პრობლემა მოგვარებადია, ან მოუგვარებლად გაქრობადი, მთავარი იმ ადამიანის პატივისცემაა, რომელიც ამ პრობლემის უკან დგას.

სიყვარულით,
სოფო🌸