წარმატებული ქორწინების მესამე პრინციპი..

წარმატებული ქორწინების მესამე პრინციპი..
ავტორი: სოფო არდაზიშვილი

ჯონ გოთმენი და ნან სილვერი ათწლეულებია წყვილების ურთიერთობას იკვლევენ. ისინი ამბობენ, რომ წარმატებულ ქორწინებას ყოველდღიური, მცირე, ხშირად შეუმჩნეველი დეტალები ქმნის. მათი განმარტებით, წყვილის ურთიერთობაში კონფლიქტების გადაჭრაზე მნიშვნელოვანი მცირე სიგნალების სწორად აღქმა და რეაგირებაა.

სწორედ ამ იდეაზე დგას მათი წიგნი „წარმატებული ქორწინების 7 პრინციპი“, რომლის შესახებაც წინა ბლოგებში უკვე ვისაუბრეთ და პირველი ორი პრინციპი განვიხილეთ, დღევანდელ ბლოგში კი მესამე პრინციპის შესახებ მოგიყვებით, რომელიც ერთმანეთის გვერდში დგომისა და თანაგრძნობის მნიშვნელობაზეა.

ყოველდღიური ყურადღების მნიშვნელობა

როგორც უკვე გითხარით, ხანგრძლივ და მყარ ურთიერთობას მცირე ჟესტები განაპირობებს. ადამიანთა უმეტესობას სურს, რომ პარტნიორს მისი ესმოდეს და იცოდეს მისი ინტერესები და საჭიროებები.

ისეთი უმნიშვნელო დეტალებს როგორებიცაა, მაგალითად, კითხვა „როგორი დღე გქონდა?“ ან უბრალოდ მხარზე შეხება, შეიძლება, პარტნიორისთვის დიდი ემოციური დატვირთვა ჰქონდეს. ამ დროს მეორე ადამიანს ორი არჩევანი აქვს: დაუკვირდეს ამ სიგნალებს და ემპათიურად უპასუხოს, ან უგულებელყოს. საბოლოო ჯამში კი სწორედ ასეთ დეტალებზე რეაგირება განაპირობებს ურთიერთობის ხარისხს.

როგორ ამოვიცნოთ „სიგნალები“?

გოთმენის კვლევების მიხედვით, „სიგნალი“ შეიძლება იყოს ნათლად გამოხატული              („მითხარი, როგორი დღე გქონდა“) ან მინიშნებითი (თვალებში შეხედვა, ღიმილი, მოკლე შეტყობინება და ა.შ.). თუ პარტნიორი სწორად აღიქვამს ამ მინიშნებებს და რეაგირებას მოახდენს – თუნდაც ერთი სიტყვით ან ჟესტით, შექმნის ემოციურ კავშირს, რომელიც ჯანსაღი ურთიერთობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.

და რა ხდება როდესაც პირიქით ხდება? როცა ადამიანი ვერ ხვდება ან შეგნებულად უგულებელყოფს პარტნიორის ამ „სიგნალებს“, ურთიერთობაში ნელ-ნელა ჩნდება გაუცხოება, წყენა და იმედგაცრუება. საბოლოოდ, პატარა დეტალები შეიძლება გადაიზარდოს სერიოზულ პრობლემებში, რადგან იმაზე ფიქრს ვიწყებთ, რომ ჩვენი არ ესმით ან არ აინტერესებს ჩვენი ემოციები. 

„ემოციური ბანკის“ კონცეფცია

წყვილის ურთიერთობას ხშირად ადარებენ ემოციურ ბანკს: როცა არ უგულებელვყოფთ პარტნიორის საჭიროებებს, ფაქტობრივად, ინვესტიციას ვდებთ ჩვენს ურთიერთობაში. დროთა განმავლობაში, პატარა პოზიტიური მომენტები გროვდება და ქმნის ძლიერ ემოციურ ბალანსს, რომელიც კონფლიქტის მოგვარების დროს შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

როგორ გამოვიყენოთ პრინციპი ყოველდღიურ ცხოვრებაში?

1. ყურადღება მიაქციეთ მცირე სიგნალებს
ხშირად გვეჩვენება, რომ ჩვენი პარტნიორი ზედმეტად დიდ მოთხოვნებს გვიყენებს ან რაღაც წვრილმანზე წუწუნებს. სინამდვილეში, ეს შეიძლება იყოს სიგნალი: „გთხოვ, მომაქციე ყურადღება“, „დამანახე, რომ ჩემზე ფიქრობ“. თუ დავაკვირდებით ამ დეტალებს, გავაცნობიერებთ, რომ ხშირად გაცილებით ნაკლებია საჭირო პოზიტიური რეაგირებისთვის, ვიდრე გვგონია.

2. უპასუხეთ ემპათიურად
თუნდაც ძალიან დაკავებული ან დაღლილი იყოთ, უპასუხეთ და უთხარით, რომ როგორც კი გათავისუფლდებით, აუცილებლად მოუსმენთ. 

3. ჩამოაყალიბეთ „ჩვენ“ კონცეფცია
„მე“-ს ირგვლივ ტრიალი ხშირად გვაუცხოებს ერთმანეთისგან. როცა პარტნიორები ყოველდღიური საქმის ერთად კეთებას ცდილობენ, ყალიბდება ძლიერი „ჩვენ“ იდენტობა.

4. ისაუბრეთ თქვენს გრძნობებზე
მნიშვნელოვანია, კვირაში ერთხელ მაინც გამოვნახოთ დრო, რომ თავისუფლად ვისაუბროთ – არა სამსახურზე ან დავალებებზე, არამედ იმაზე, როგორ ვგრძნობთ თავს, რას ველით ერთმანეთისგან, ან რა გვაინტერესებს ამ ეტაპზე. ეს გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ იცვლება ჩვენი პარტნიორის შინაგანი სამყარო.

მცირე დეტალები ქმნის დიდ ფასეულობებს!

საბოლოოდ, მესამე პრინციპი გვასწავლის, რომ სიყვარული სწორედ წვრილმანებისგან იქმნება. დიდი დღესასწაულები, დაუვიწყარი მოგზაურობები ან ძვირფასი საჩუქრები შეიძლება, ურთიერთობის სასიამოვნო ნაწილია, მაგრამ ნამდვილი სიახლოვე ყოველდღიურობაში იბადება.

ჯონ გოთმენისა და ნან სილვერის კვლევა აჩვენებს, რომ სწორედ ასეთი, ერთი შეხედვით უმნიშვნელო გადაწყვეტილებები განსაზღვრავს, რამდენად ბედნიერი და ხანგრძლივი იქნება ურთიერთობა.

ამ პრინციპის რეალიზაციაში მოყვანისას, შესაძლოა, თავიდან პატარა სირთულეებს წააწყდეთ, მაგრამ დღითიდღე შეამჩნევთ, როგორ იწყებს ურთიერთობა გამყარებას, როგორ ჩნდება მეტი გულწრფელობა და სითბო. ასეთ დროს, რა დაბრკოლებასაც არ უნდა წააწყდეთ, მუდმივად გექნებათ იმის განცდა, რომ ერთად ყველაფერს გაუმკლავდებით. სცადეთ მესამე პრინციპი და და ააშენეთ ჯანსაღი და მყარი ურთიერთობა, ჩვენ კი შემდეგ ბლოგში მეოთხე პრინციპის შესახებ მოგიყვებით.

სიყვარულით,
სოფო🌸