ავტორი: სოფო არდაზიშვილი
დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ ჯონ გოთმენის ცნობილი წიგნის „წარმატებული ქორწინების 7 პრინციპის“ ბოლო, მეშვიდე პრინციპს.. ეს თავი ბევრად მეტია, ვიდრე კონფლიქტების მართვის ან კომუნიკაციის გაუმჯობესების ინსტრუქცია.. ის გვასწავლის, როგორ შევქმნათ ურთიერთობის საერთო მიზნები, ღირებულებები და მნიშვნელობა – ანუ როგორ გავაღრმაოთ და გავამყაროთ ჩვენი კავშირი, როგორც წყვილმა!
რას ნიშნავს საერთო მიზნებისა და ღირებულებების ჩამოყალიბება?
წიგნის მეშვიდე პრინციპი ეფუძნება იმის გარკვევას, თუ რაზე დგას თქვენი ურთიერთობა, რა გაერთიანებთ, როგორია თქვენი აწმყო და რა მომავალს ისახავთ ერთად. მაგალითად:
- როგორ აღნიშნავთ დღესასწაულებს?
- რას ნიშნავს თქვენთვის ოჯახი?
- რას აპირებთ მომავალში?
- რას ისურვებდით, რომ თქვენი შვილები ან მეგობრები თქვენს ურთიერთობაზე ამბობდნენ?
ეს, თითქოს მარტივი შეკითხვები, რომელზეც შეიძლება გაგეღიმოთ კიდევაც, ძალიან ბევრის მთქმელია თქვენს ურთიერთობაზე.. დაუსვით ეს შეკითხვები ჯერ თქვენს თავს, შემდეგ წარმოიდგინეთ თქვენი მეორე ნახევარი რას უპასუხებდა.. მასაც იგივეს გაკეთება მოსთხოვეთ.. ბოლოს პასუხები გააერთიანეთ და მიღებული შედეგით, შეუდექით მეშვიდე პრინციპის ელემენტების აღქმას..
პ.ს როცა წყვილი საერთო ღირებულებებს ქმნის, მათ შორის ერთიანობის გრძნობა ჩნდება – განცდა იმისა, რომ ერთი გუნდის წევრები არიან..
მეშვიდე პრინციპის 4 მთავარი ელემენტი
წიგნის მიხედვით, არსებობს ოთხი ძირითადი კომპონენტი, რომელიც საერთო ღირებულებებისა და მიზნების შექმნაში გვეხმარება:
1. რიტუალები – ეს არის ყოველდღიური ან პერიოდული ქმედებები, რომლებიც ამყარებს კავშირს. მაგალითისთვის:
- ყოველკვირეული პაემნები
- დილით ყავის ერთად დალევა
- ოჯახური ვახშმები
- დღესასწაულების უნიკალური ტრადიციები
რიტუალები ქმნის სტაბილურობას და განამტკიცებს ემოციურ კავშირს.
2. საერთო მიზნები – საერო მიზნები ურთიერთობას სიღრმესა და მიმართულებას აძლევს. მაგალითისთვის:
- სახლის/მიწის/აგარაკის ყიდვა
- მოგზაურობა ორივესთვის სასურველ ქვეყანაში
- შვილების აღზრდა და გამოწვევებთან გამკლავების მეთოდები
- პროფესიული სტაბილურობა და მიღწევები
მნიშვნელოვანია, რომ ორივე პარტნიორმა იცოდეს, თუ რა გეგმები აქვთ და რისთვის „იბრძვის“ მათი წყვილი.
3. საერთო ღირებულებები
საერთო ღირებულებების შექმნა მიზნებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. დაფიქრდით, რასთან ასოცირდება თქვენი პარტნიორი? გულწრფელობასთან, თანაგრძნობასთან, ოჯახურ სითბოსთან, პიროვნულ ზრდასა თუ განვითარებასთან?
როდესაც წყვილს მსგავს ფასეულობებზე აქვს, მათი ურთიერთობა ემყარება საერთო ეთიკურ ჩარჩოს. ეს ჩარჩო კი განსაკუთრებით ფასეული ხდება მაშინ, როცა რთულ პერიოდებში სწორი მიმართულების პოვნა აუცილებელია.
4. როლები და სიმბოლოები
ყველა წყვილს აქვს თავისი სასაუბრო ენა – შიდა ხუმრობები, ჩვევები და ზედმეტსახელები, რომელთაც სხვა ვერ გაიგებს. სიმბოლოებად შეიძლება იქცეს ყველაფერი, რაც ემოციურად დამაკავშირებელია:
- საყვარელი ფოტო ან პირველი შეხვედრის დროინდელი საჩუქარი
- ოჯახური ტრადიციები, რომლებიც წლების მანძილზე იმეორებთ
- ურთიერთობაში აღებული როლები
ეს ელემენტები ერთად ქმნის თქვენი წყვილის უნიკალურ კულტურას – ისეთ სამყაროს, სადაც თითოეულს თავისი ადგილი, მიზანი და მნიშვნელობა აქვს.
– რატომ არის მნიშვნელოვანი ურთიერთობაში საერთო ხედვა?
როცა წყვილს საერთო ხედვა აქვს, ისინი ხშირად ამბობენ, რომ:
- უფრო კმაყოფილები არიან ურთიერთობით
- უკეთ უგებენ ერთმანეთს
- კონფლიქტების მოგვარება უადვილდებათ
- აქვთ ღრმა ემოციური კავშირი
ეს ყველაფერი კი ყველაზე ძლიერი საფუძველია გრძელვადიანი, ბედნიერი ურთიერთობისთვის.
– როგორ დავიწყოთ საერთო ხედვისა და ფასეულობების ჩამოყალიბება?
სცადეთ ერთად უპასუხოთ ამ კითხვებს:
- რა რიტუალები გვაქვს და რას დავამატებდით?
- რა ღირებულებებია ჩვენთვის მნიშვნელოვანი?
- რას ველოდებით მომავალში?
- როგორც წყვილს, რა მიზნები გვაქვს?
- როგორ გვინდა რომ ერთმანეთს განვითარებაში დავეხმაროთ?
არ არის საჭირო ყველა დეტალში დაემთხვეთ ერთმანეთს. მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს თანხვედრა, პატივისცემა და ერთმანეთის გაგების სურვილი.
საერთო ღირებულებების შექმნა გრძელვადიანი პროცესია – გზა, რომელიც წყვილს ურთიერთობის გაღრმავებასა და ერთმანეთის უკეთ გაგებაში ეხმარება. ეს არის შესაძლებლობა, ერთად ჩამოაყალიბოთ უნიკალური, თქვენეული ისტორია.
როცა პარტნიორები ცდილობენ გააზრებულად შეხედონ საერთო ცხოვრებას, მათი კავშირი უფრო ღრმა, ძლიერი და შთამაგონებელი ხდება. დაიწყეთ ერთად ფიქრი, დაგეგმვა და მომავლის წარმოდგენა, რადგან ქორწინება არა მხოლოდ მოვალეობების ერთად გაზიარება, არამედ ის საერთო სულიერი და ემოციური სივრცეა, სადაც თითოეული დეტალი ურთიერთობის სიმტკიცეს განსაზღვრავს.
სიყვარულით,
სოფო 🌸