ავტორი: სოფო არდაზიშვილი
მოაგვარეთ მოგვარებადი პრობლემები! ქორწინებაში კონფლიქტების არსებობა სულაც არ ნიშნავს, რომ ურთიერთობა განწირულია..
ჯონ გოთმენის წიგნი „წარმატებული ქორწინების 7 პრინციპი“ (The Seven Principles for Making Marriage Work) გვახსენებს, რომ პრობლემები ურთიერთობის განუყოფელი ნაწილია. წიგნში განხილული მეხუთე პრინციპი კი – მოაგვარეთ მოგვარებადი პრობლემები (Solve your Solvable Problems) – ყურადღებას ამახვილებს ყოველდღიურ კონფლიქტებზე, რომელთა მოგვარებაც შესაძლებელია, თუ წყვილი საკითხს კონსტრუქციულად მიუდგება.
გადაჭრადი პრობლემები VS მუდმივი კონფლიქტები
გოთმენის თეორიით, ქორწინებაში არსებული კონფლიქტები ორ ძირითად კატეგორიად იყოფა:
- გადაუჭრელი (perpetual) პრობლემები – ხშირად უკავშირდება ღირებულებებს, პიროვნულ თვისებებს ან დიდ ცხოვრებისეულ მიზნებს, რომლებიც წყვილს განსხვავებული აქვს.
- გადაჭრადი (solvable) პრობლემები – შედარებით პრაგმატული გამოწვევებია, რომლებზეც შესაძლებელია შეთანხმება, გამოსავლის პოვნას თუ ორივე მხარე გადაწყვეტს.
მეხუთე პრინციპი სწორედ ამ უკანასკნელზე გვიყვება. როდესაც საკითხი შედარებით მარტივად მოგვარებადია, უმნიშვნელოვანესია, რომ წყვილმა სათანადო გარემო შექმნას დიალოგისთვის.
რბილი დასაწყისი (Soft Startup)
ერთ-ერთი მთავარი მეთოდი გოთმენის მიდგომაში რბილი დასაწყისია (soft startup). როცა საუბარს პრეტენზიებით ან აგრესიით ვიწყებთ, ჩვენი პარტნიორი თავდაცვით პოზიციაში დგება. რბილი დასაწყისი კი შემდეგს გულისხმობს:
- გრძნობების გამოხატვას „მე-შეტყობინებებით“ („ვგრძნობ…“, „ვნერვიულობ…“)
- პატივისცემის ხაზგასმას („აღვნიშნავ, რომ მინდა მოვისმინო შენი პოზიცია“)
- დადებითი განწყობით საუბარს („ვაფასებ, რომ დრო გაქვს ჩემს მოსასმენად“)
ასეთი მიდგომა, ამცირებს კონფლიქტის გამწვავების რისკებს და ქმნის სივრცეს, სადაც ორივე პარტნიორი შეთანხმებულად იწყებს პრობლემის გადაჭრაზე მუშაობას.
შერიგების მცდელობები (Repair Attempts)
როდესაც დავა უკვე დაწყებულია, აუცილებელია, შერიგების მცდელობებს მივმართოთ. ეს არის მცირე ჟესტები ან ფრაზები, რომლებიც გვახსენებს, რომ ჩვენი მიზანი პრობლემის გადაჭრაა, და არა „გამარჯვება“.
შერიგების მცდელობებში შეიძლება შედიოდეს:
- იუმორი („კარგი, ვაღიარებ, შეიძლება ცოტა გადავაჭარბე…“)
- სიტუაციის შეფასება პრაგმატული თვალსაზრისით („მოდი, ვცადოთ, ვიპოვოთ გამოსავალი…“)
- ყურადღების გადატანა პოზიტიურზე („ვიცი, რომ ორივეს გვსურს სიმშვიდე…“)
მსგავსი შეხსენებებით წყვილი ნაბიჯს დგამს ერთმანეთისკენ, რაც საშუალებას იძლევა, სერიოზული კამათის მიუხედავად, ემოციური კავშირი პოზიტიურ ნოტაზე შეინარჩუნონ.
ერთმანეთის გავლენის მიღება
ურთიერთობაში მნიშვნელოვანია ერთმანეთის გავლენის მიღება (accepting influence), რაზეც წინა ბლოგში დეტალურად ვისაუბრეთ. ხშირად, წყვილები იმდენად არიან ფოკუსირებულნი იმაზე „ვინ უფრო მართალია“, რომ ავიწყდებათ, კომპრომისების გარეშე შეუძლებელია ჰარმონიული გადაწყვეტილების მიღება.
ერთმანეთის გავლენის მიღება ნიშნავს:
- ყურადღებით მოსმენას (“რა გაწუხებს?“)
- მეორე მხარის იდეების გათვალისწინებას („იქნებ მისი აზრი სჯობს ჩემსას?…“)
- მზადყოფნას, ცოტათი დავთმოთ საკუთარი ინტერესები საერთო კეთილდღეობის სანაცვლოდ
მხოლოდ ამ გზით, შეგვიძლია მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ორივე პარტნიორისთვის მისაღები იქნება.
ემპათია და აქტიური მოსმენა
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, არ უნდა დაგვავიწყდეს ემპათია, რომელიც ურთიერთობების საფუძველია. აქტიური მოსმენით (როდესაც ვიმეორებთ მოსმენილს, რათა დავრწმუნდეთ, რომ სწორად გავიგეთ) ვაჩვენებთ, რომ მისი სიტყვები მნიშვნელოვნად მიგვაჩნია.
როდესაც პარტნიორი გრძნობს, რომ მის გრძნობებს პატივს სცემენ და ყურადღებით ეკიდებიან, მასში კომპრომისებისადმი ღიაობა იზრდება. შედეგად, გამოსავლის პოვნა ბევრად მარტივი ხდება.
პრობლემის გადაჭრა და მისი ფასი
გადაჭრადი პრობლემების მოგვარებისას ხშირად ირკვევა, რომ მცირე დათმობებით შესაძლებელია სტაბილურობის მიღწევა. საბოლოოდ კი, აღმოვაჩენთ, რომ ზოგჯერ პრობლემა სულაც არ არის ისეთი მასშტაბური, როგორც თავდაპირველად გვეგონა.
ამგვარად, მეხუთე პრინციპი – „მოაგვარეთ მოგვარებადი პრობლემები“ – გვახსენებს, რომ ქორწინებაში არსებული მრავალი კონფლიქტი რეალურად გადაჭრადია, თუ არსებობს პატივისცემა, ემპათია და ერთმანეთის მიმართ ნდობა. „რბილი დასაწყისი“, შერიგების მცდელობები, ერთმანეთის გავლენის მიღება და აქტიური მოსმენა ქმნის ჯანსაღ გარემოს, სადაც წყვილი საერთო ძალისხმევით უმკლავდება პრობლემებს.
სიყვარულით,
სოფო🌸