ძალიან არეული ვარ.. ყველაზე მეტად ის მაბრაზებს, რომ საკუთარ თავს ისეთ კითხვებს ვუსვამ, რომლებსაც არ ვიმსახურებ.. გადაჭარბებული ფიქრები ბოლოს მომიღებენ..
- "ჩათი ხელახლა წაიკითხე, იქნებ რაიმე არასწორად მიწერე? მგონი შენ მოგივიდა ცოტა ზედმეტი.. რა საჭიროა ადამიანს ტვინი გაუბურღო, რომ არ უყვარდე შენთან საერთოდ რატომ იქნებოდა? ამდენი კამათით, რომ მართლა გადააყვარო თავი?"
გეგონება 4 წლის წინანდელ რეალობაში დავბრუნდი და ყველაფერი ხელახლა იწყება.. ერთ წრეზე ვტრიალებ? არა და, თითქოს როგორი დარწმუნებული ვიყავი, რომ ცამდე მართალი ვარ.. ან, სულაც, რომ ვტყუოდე, ვერ ვხვდები, როგორ არის საკუთარი სიმართლის დამტკიცება საყვარელი ადამიანის გრძნობებზე უფრო მნიშვნელოვანი?
- “დალევა გჭირდება”
არა ცივი გონება მჭრიდება! ალკოჰოლი მხოლოდ გრძნობებს გამიმძაფრებს და თავს ვაიძულებ თავად მოვიხადო ბოდიში, იმისთვის, რომ ცოტაოდენი სიყვარული მივიღო.. არა! არ დავლევ!
იქნებ, მამაკაცებს საერთოდ არ შეუძლიათ ემპათია და უბრალოდ წყალს ვნაყავ?
-"წყლის ნაყვას, ისევ ლუდის ნაყვა ჯობია" მოკეტე!
ამბობენ, კამათის დროს, თავი პარტნიორის ადგილას უნდა წარმოიდგინოო, მაგრამ მე არ შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ჩემი საყვარელი ადამიანი ჩემგან სითბოს დეფიციტს გრძნობს.. საერთოდ ვერ ვიაზრებ, როგორ შეიძლება გიყვარდეს და ყოველ წამს არ გიპყრობდეს სურვილი ეს გრძნობა გამოხატო?
- “მე ვითხოვ ზედმეტად ბევრს?”
შეყვარებულისგან სიყვარულის მიღება ზედმეტია? საერთოდაც რას ნიშნავდა, რაც იქნება იქნებაო რომ მომწერა? -"ჩვენგან ელოდება პირველ ნაბიჯს?"
გეყოფა, არ მოვიხდი ბოდიშს, მხოლოდ იმის გამო, რომ საკუთარ გრძნობებს გამოვხატავ! ყოველთვის ასე რატომ იქცევიან?
ჯერ გულს გაგიწვრილებენ, გულწრფელობისა და ჯანსაღი კომუნიკაციის აუცილებლობაზე საუბრით, შემდეგ კი, როცა საბოლოოდ პრობლემებზე საუბარს დაიწყებ განცვიფრებულ სახეს იღებენ - "როგორ შენ მართლა ხედავ პრობლემასო?"
დიახ! ვხედავ! და ვგრძნობ! რომ ისეთი აღარ ხარ, როგორიც ადრე იყავი.. აღარ მიყურებ ისე, როგორც მიყურებდი, აღარც მისმენ ისეთი ინტერესით, როგორც მისმენდი.. აღარც მკოცნი ისეთი გრძნობით, როგორც მკოცნიდი და მინდა ეს ყველაფერი სახეში მოგახალო.. მინდა მაგრამ ზედმეტად მეშინია.. რომ დამეთანხმო?
-"მგონი ცოტას აჭარბებ!"
და თუ ცდები? იქნებ სულაც არ ვაჭარბებ და არც მეჩვენება.. იქნებ, მართლაც დაკარგა ჩემდამი ინტერესი და ახლა მხოლოდ კომფორტია მთელი ეს ურთიერთობა? წინაზეც, ხომ ზუსტად ასე დამემართა?
მინდოდა ჯანსაღი ურთიერთობა მქონოდა, ვცდილობდი ვყოფილიყავი კარგი, ამჯერად მაინც.. ყოველგვარი კამათების, ნერვების მომშლელი სთორების, ნამიოკებისა და ვითომ "შენ გარეშეც კარგად ვარ" ქმედებების გარეშე..
მეგონა, ეს ყველაფერი წარსულში დავტოვე, ჩემს ყოფილთან ერთად და ესეც არის.. იქნებ, სფრინქლ სფრინქლ ლედი მართალია და კაცებს მართლაც სტრესი სჭირდებათ სიყვარულისთვის? მართლაც, რამდენჯერ შემიმჩნევია, რომ თბილსა და მოსიყვარულე ქალებს თვალთან მუდამ შემშრალი ცრემლი აქვთ შემორჩენილი, ხოლო კაპასებსა და ჩხუბის მოყვარულებს თავს ეხვევიან მზრუნველი მამაკაცები..
მეც ასე უნდა მოვიქცე? თბილი და ცივი ემოციებით ვითამაშო? კვლავ მანიპულაციებს დავუბრუნდე, იმისთვის, რომ ის მივიღო რაც მე მსურს? არ ვიცი..
მხოლოდ ის ვიცი, რომ მიყვარს, მაგრამ ამის გამო, საკუთარ თავს იმაზე ნაკლებით დაკმაყოფილების უფლებას ვერ მივცემ ვიდრე ვიმსახურებ!
-"მოგვწერა..."
კეთილი, ასე იყოს.. ცეცხლი აინთო..
სიყვარულის დღიური
ანა ბერიძე